აზარტული თამაშებით დანგრეული ცხოვრება

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი ადამიანი კაზინოსა და პოკერ-კლუბებში თამაშის მანიითაა შეპყრობილი. ბევრ ადამიანს, იმის მაგივრად, რომ პატიოსნად მოიპოვოს "პური არსობისა", უჩნდება ცდუნება "იოლად ფულის" შოვნისა. ზოგჯერ ბედიც უღიმით, თუმცა, როგორც წესი, საბოლოოდ მაინც წაგებულნი რჩებიან. ამ წაგებას კი ზოგჯერ სახლ-კარის გაყიდვა და უარეს შემთხვევაში თვითმკვლელობა მოჰყვება ხოლმე. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ვალებში ჩავარდნილები დანაშაულის ჩადენასაც აღარ ერიდებიან.
აზარტული თამაშებით გამოწვეული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების გამოვლინებას სამედიცინო ენაზე ლუდომანია ეწოდება და ერთ-ერთ სერიოზულ დაავადებად მიიჩნევა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს.
აზარტულ თამაშებს დიდი ისტორია აქვს, მისი წარმოქმნა ჩვენს ერამდე 2300 წლით თარიღდება. პირველი სამორინე მონტე-კარლოში 1961 წელს გაიხსნა, 1896 წელს კი აშშ-ში სათამაშო ავტომატები შექმნეს, რომელთაც "ცალხელა ბანდიტები" უწოდეს.
ლუდომანიის მსხვერპლი გახდა ჩვენი 23 წლის რესპონდენტი. მისმა ამ "გატაცებამ" ორი წელი გასტანა და ამ დროის განმავლობაში ათასობით ლარი ვალად დაიდო და ვერც სასწავლებელი დაამთავრა.
ჯონი გიგიბერია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
– ერთ დღეს, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი, ჯგუფელმა მთხოვა, პოკერ-კლუბში გავყოლოდი, მეც დავთანხმდი. თან 500 ლარი მქონდა, რომლითაც მეორე დღეს სწავლის საფასურის ნახევარი უნდა გადამეხადა. შევედით თუ არა კლუბში, ჩემი ჯგუფელი ერთ-ერთ სათამაშო აპარატს მიუჯდა და თამაში დაიწყო. მე კი ვუყურებდი. ამ დროს დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა და მითხრა, ან მეთამაშა, ან გარეთ გავსულიყავი, რადგან იქ უსაქმოდ დგომა არ შეიძლებოდა. გარეთ ხომ არ გავიდოდი და ერთ-ერთ აპარატს მივუჯექი. ჯგუფელმა ამიხსნა, რომ სათამაშო აპარატში ფული უნდა ჩამედო და შემდეგ ღილაკებზე დამეჭირა. აპარატში ფული ჩავდე და თამაში დავიწყე, დროგამოშვებით აპარატის მონიტორზე სხვადასხვა ხილი ჩნდებოდა. ამ დროისთვის ჩემი ჯგუფელი უკვე ბოლთას სცემდა და იგინებოდა, როცა მიზეზი ვკითხე, მითხრა, უკვე 100 ლარი წავაგე და ფული თუ გაქვს მასესხეო, მეც 50 ლარი ვასესხე.

– შენ, როგორც ახალბედამ, პირველად წაგე თუ მოიგე?
– თავიდან 60 ლარი წავაგე, მაგრამ შემდეგ 80 მოვიგე. ამან სტიმული მომცა და თამაში აქტიურად განვაგრძე, თუმცა შემდეგ სულ ვაგებდი და ვაგებდი. ბოლოს ჯიბიდან ფული რომ ამოვიღე, გულმა რეჩხი მიყო, ჩემი სწავლის ფულიდან მხოლოდ 150 ლარი დამრჩენოდა. ვიფიქრე, მოდი, ამასაც ვითამაშებ და ჩემს ფულს უკან დავიბრუნებ-მეთქი. ბოლოს პოკერ-კლუბიდან ისე გამოვედით, რომ ჯიბეში ავტობუსის ბილეთის ფულიც კი აღარ გაგვაჩნდა. ჯგუფელმა მითხრა, მოდი განვადებით მობილური ტელეფონი გამოვიტანოთ, გავყიდოთ და ისევ ვითამაშოთო. მეც დავთანხმდი, რადგან უკვე ჩემს ჭკუაზე აღარ ვიყავი, რდგან არ ვიცოდი, სწავლის გადასახადი სად მეშოვა. მშობლებს ამას ვერ ვეტყოდი, გაგიჟდებოდნენ. წავედით სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" და განვადებით მობილური ტელეფონი გამოვიტანეთ.
– განვადება ვის სახელზე გამოიტანეთ, როგორც ვიცი, არცერთი არ მუშაობდით?
– არ ვმუშაობდით, მაგრამ მოვატყუეთ და "საქართველოს ბანკმა" განვადება დაგვიმტკიცა. ეს ომამდე იყო. მაშინ ოღონდ სურვილი გქონოდა, მობილურსა თუ სხვა ტექნიკას ბანკები ყველა მსურველს განვადებით აძლევდნენ.
– სად გაყიდეთ განვადებით გამოტანილი მობილური?
– სადაც განვადებით გამოვიტანეთ, ისევ იმ მაღაზიის თანამშრომელს მივყიდეთ. განვადებით 700 ლარი დაჯდა, ჩვენ 400 ლარად გავყიდეთ. შემდეგ ისევ დავბრუნდით პოკერ-კლუბში და თამაში დავიწყეთ, მაგრამ ლარიც არ მოგვიგია, 400 ლარი მთლიანად წავაგეთ. ასე დავიწყეთ განვადებით ტექნიკის გამოტანა.
– ბევრჯერ გამოიტანეთ ნივთები განვადებით?
– უამრავჯერ. რა არ გამოგვქონდა, ტელევიზორიდან დაწყებული, მაცივრით დამთავრებული. როცა უკვე ჩემს სახელზე განვადებას აღარ მაძლევდნენ, მეგობრები მიმყავდა და მათი სახელით გამომქონდა. ერთხელ ძმაკაცს 1000-ლარიანი სესხიც კი გამოვატანინე.
– როგორც თქვი, სწავლის გადასახადი წააგე. შემდეგ როგორ გადაიხადე?
_ ვერ გადავიხადე. მეოთხე კურსზე ლექციებზე საერთოდ არ დავდიოდი. ყოველ დღე "პოკერებში" ვიყავი. ერთი-ორჯერ კაზინო "აჭარაშიც" ვითამაშე. გონს მაშინ მოვედი, როცა ჩემმა ჯგუფელებმა დიპლომები აიღეს, მე კი უდიპლომოდ დავრჩი. წარმოიდგინეთ, იმ ჯგუფელმაც კი აიღო, ვინც თამაში დამაწყებინა.

– არ გიცდია, თამაშისთვის თავი დაგენებებინა?
– ბევრჯერ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. სიზმარშიც კი "პოკერების აპარატი" მესიზმრებოდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი – სახლში, სუფრაზე, გასართობად, ყველგან თამაშზე ვფიქრობდი. ბოლოს უკვე სხვა გზა არ იყო და მშობლებს ყველაფერი გავუმხილე. ისინი ჩემით ამაყობდნენ და არც კი იცოდნენ ჩემი აზარტის შესახებ. ეს რომ მოვუყევი, დედაჩემმა მიკრო-ინფარქტი მიიღო, სიკვდილს ძლივს გადავარჩინეთ. ჩემს შესახებ ყველამ გაიგო, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მშობლები მხარში ამომიდგნენ. სესხები და განვადებები რომ შევაჯამეთ, 10 ათასი ლარი გამოვიდა. არ მჯეროდა, რომ ამდენი თანხა უაზროდ წავაგე.

– დღეს როგორ ცხოვრობ, ისევ თამაშობ?
– არა, პოკერ-კლუბების გაგონებაც აღარ მინდა. ჩემს უაზრო აზარტს კინაღამ დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა. ყველას ვურჩევ, არ ითამაშონ კაზინოებსა და პოკერ-კლუბებში. ჯობია, ის ფული რამე კარგ საქმეში გამოიყენონ.
– უნივერსიტეტში სწავლა თუ გააგრძელე?
– დიახ, გავაგრძელე, ახლა მეოთხე კურსზე ვარ. სწავლის აღსადგენად 2000 ლარი გადავიხადე. ეს ყველაფერი მშობლების დახმარებითა და გვერდში დგომით მოხერხდა. თქვენი გაზეთის საშუალებით მათ კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს და სიტყვას ვაძლევ, რომ აღარასოდეს ვითამაშებ.
აზარტული თამაშებით არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც "ერთობიან". გურამ მაისურაძე 74 წლის მარტოხელა პენსიონერია. აზარტულ თამაშებში ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან იყო აქტიურად ჩართული და ეს "ჩვევა" 74 წლის ასაკშიც ვერ მოიშალა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღეს პოკერ-კლუბებში მხოლოდ თვეში ერთხელ თამაშობს და ის ერთი დღეც ის დღეა, როცა პენსიას იღებს.
გურამ მაისურაძე:
– ახალგაზრდობიდან მიყვარს აზარტული თამაშები და ეს "სიყვარული" სიბერეშიც არ გამნელებია. ვიცი, რომ ჩემი ხნის კაცი ასეთი უაზრო თამაშებით არ უნდა ერთობოდეს, მაგრამ თავს ვერ ვერევი. მოგეხსენებათ დღევანდელი დუხჭირი ცხოვრების შესახებ, ზოგჯერ ლუკმაპურის ფულიც არა მაქვს, მაგრამ, როგორც კი პენსიას ვიღებ, გიჟივით სათამაშოდ გავრბივარ. ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ მოვიგე 100 ლარი. ვიცი, რომ ეს ფულის მახეა, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. ხომ იცით, ნათქვამია, კუზიანს სამარე გაასწორებსო. მაგრამ ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, არასოდეს ითამაშონ აზარტული თამაშები, რადგან მასში კარგი არაფერია.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ კაზინოებსა და მის მსგავს დაწესებულებებში 21 წლამე პირთა შესვლა აკრძალულია, ხშირად შეხვდებით არასრულწლოვანებს. მავანთ შეიძლება ეს პრობლემა მნიშვნელოვნად არ მოეჩვენოთ, მაგრამ ამ მიზეზით ბავშვები სკოლას ხშირად აცდენენ და სათამაშო აპარატებთან ერთობიან. ბევრი მათგანი, იმის გამო რომ ითამაშოს, ქურდობასაც არ თაკილობს. ამიტომ კარგი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები ამ პრობლემით დაინტერესდებიან, თორემ მალე, ალბათ, ატესტატებისა და დიპლომების გაცემას კაზინოები და პოკერ-კლუბები დაიწყებენ.

კომენტარი