ზუმბა, ანუ "ზოგჯერ უბრალოდ მოინდომე, ბოლოს აგისრულდება"

20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ "არტ-გენი"-ს დასკვნითი ნაწილი გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ქართული ფოლკლორის, როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ნიმუშების მოძიება და პოპულარიზაციაა. გადავწყვიტეთ ფესტივალის დამფუძნებელს, ზაზა კორინთელს (ზუმბა) გავსაუბრებოდით:
– ჯგუფი "ზუმბა ლენდი" დაარსების პირველ წლებში ქუჩასა და მიწისქვეშა გადასასვლელებში "მოღვაწეობდა", როგორ გადაინაცვლა ზუმბამ ქუჩიდან სცენაზე?
– პარალელურად ხდებოდა, უფრო სწორად იმ დროს, როდესაც ჩვენ ქუჩაში ვუკრავდით, არცერთ სცენას კულტურისთვის და ხელოვნებისთვის არ ეცალა. ძალიან ცუდი პერიოდი იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან, ეს შემოქმედებითი ნაბიჯი მაშინ ხალხთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება გახლდათ ჩვენთვის. ძალიან იშვიათად იმართებოდა ფესტივალები, კონცერტები, ქვეყანაში ფაქტობრივად ომი იყო. ვარჩიეთ ინსტრუმენტი ყოფილიყო ჩვენთვის იარაღი, რათა ჩვენი თავიც გადაგვერჩინა შემოქმედებითად და ხალხისთვისაც რაღაც სტიმული მიგვეცა, გვეჩვენებინა, რომ არც ისეთი ბნელი იყო ცხოვრება, თუმცაღა ძალიან უჭირდა საქართველოს იმ დროს.
ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება იყო ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სატრანსპორტო საშუალებები. მეტროებშიც ვუკრავდით, ავტობუსებშიც და გაჩერებებზეც. პარალელურად, თუკი სადმე რამე კონცერტი იმართებოდა, ყველგან გამოვდიოდით. ამ მოძრაობამ პიკს მიაღწია 1996 წლის ჩათვლით, შემდეგ ცოტა "საშიში" გახდა მაშინდელი მთავრობისთვის, ვერ მიხვდნენ ვინ ვიყავით – რელიგიური სექტის წარმომადგენლები, თუ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის პიარ-კამპანია. ყოველდღე 200 კაცი მაინც იკრიბებოდა და მათი აზრით, ეს რაღაც ძალას წარმოადგენდა. ბოლოს ამ მოძრაობის "ცენტრალური ოფისი" გახდა თავისუფლების მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი. უკვე ყველა გვიცნობდა, დილით დამლაგებელი გვილაგებდა, პოლიცია და, თქვენ წარმოიდგინეთ, უბნის ძველი ბიჭებიც კი გვეხმარებოდნენ. ჩვენთან ერთად იკრიბებოდნენ პოეტები, მხატვრებიც და უბრალოდ, გამვლელ-გამომვლელებიც. ზოგი ხატავდა, ზოგი ცეკვავდა და ა.შ. მოკლედ, ერთადერთი საშუალება გახდა ხელოვნების თავისუფალი ფორმის გამოხატვისათვის. იმ დრომ ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა და შესანიშნავი სკოლა გაგვატარა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი მუსიკალური სასწავლებელი.

მახსოვს ბოლო კონცერტი, როდესაც პოლიციელები სამი ავტობუსით მოვიდნენ მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსთან ერთად, ალყა შემოგვარტყეს, ჩაკეტეს გადასასვლელი და ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს, არადა ხალხი არაფერს აშავებდა.
სხვათა შორის, თავადაც დაესწრო ჩვენს კონცერტს და ბოლოს ბოდიშის მოხდით გვითხრა დაგვეცალა იქაურობა. მივხვდით, რომ მაშინდელი ყოფითი ცხოვრებიდან ცოტა ორბიტაზე ვიყავით გასულები. ამ სისტემასთან ბრძოლას ვარჩიეთ, წავსულიყავით და საკუთარი შემოქმედებითი გზები გვეძებნა, მეტი გამოცდილება მიგვეღო. ასეც მოხდა, მეორე დღიდან დავიშალეთ.
– თქვენი პირველი ალბომი იყო "მე ველოდები განთიადს" (1995 წ). სულ რამდენი ალბომი გაქვთ ჩაწერილი?
– პირველი ალბომის შემდეგ პოლონეთში გამოვუშვით " ROJECT UNION"; მერე იყო "ევრორემონტი"; "ჟოლო"; "ადილა" და ახლა ჩავწერეთ მეექვსე ალბომი " ASTRO GEORGIA", რომელიც "არტ-გენის" ფესტივალისთვის მზად იქნება.
– ბევრ ფესტივალში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ტალინიდან, სადაც ასევე ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა.
– მართლაც ასეა, ტალინში გაიმართა ფესტივალი " world days"- მსოფლიო კულტურის დღეები ტალინში. სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები და განსხვავებული ჟანრის, მიმართულების მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესო ფესტივალი გაიმართა. რამდენიმე ჩვენნაირი მიდგომისა და ჟღერადობის ანსამბლი იყო წარმოდგენილი. ახლაც გვეპატიჟებიან როკ-ფესტივალზე უკრაინაში, ანუ თავისუფალ ფორმატში ითავსებს ნებისმიერი ფესტივალი ჩვენს პროგრამას, იქნება ეს ფოლკლორული, ჯაზ-ფესტივალი თუUროკ-ფესტივალი. იმდენ ჟანრს ვითავსებთ, რომ ვერ იტყვი ეს რა მიმართულება არის, კრიტიკოსებმა ამას უწოდეს "მსოფლიო მუსიკა საქართველოდან". მთავარი ის არის, რომ პოპ-მუსიკას არ ვქმნით, იმას, რასაც საზოგადოებას ვთავაზობთ, მისაწვდომია ხალხისთვის და არა მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის, ანუ მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეებისთვის ან მუსიკოსებისთვის. ქვეყნის გარეთ პუბლიკა განსხვავებულია, მათ მეტი გამოცდილება და ინფორმაცია აქვთ.
საგარეო გასვლების სტიმულაცია რომ არ იყოს, ჩვენც აქ გაგვიჭირდებოდა საკუთარი თავის შენარჩუნება, რადგან საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს, სამწუხაროდ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებმაც ვერ გაუძლეს ამდენ პრობლემას, დროს და მათი შემოქმედება გაქრა. ამას ყველაფერს ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება, ასევე ერთმანეთის წაქეზებაც: არ გავჩერდეთ, არ დავიშალოთ, ყოფით პრობლემებში არ ჩავიძიროთ და ა.შ.
– როგორც ვიცი, "ზ.უ.მ.ბ.ა." – არის აბრევიატურა, ანუ...
– ანუ "ზოგჯერ უბრალოდ მოინდომე, ბოლოს აგისრულდება" და ამ დევიზმა გაამართლა კიდევაც.

– 20 ივლისიდან იწყება "არტ-გენის" დახურვა, წელს რა სიახლეებს სთავაზობს "არტ-გენი" საზოგადოებას?
– ყველაზე მთავარი, რის გამოც ჩვენ ეს ფესტივალი დავამკვიდრეთ, იყო ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციული ხელოვნება საზოგადოებისთვის უფრო ნატურალური გზებით და ფორმებით მიგვეწოდებინა. მახსოვს, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, ფოლკლორული ფესტივალები იმართებოდა დახურულ სივრცეში ხან ფილარმონიაში, ხანაც ოპერაში, რომლებსაც ბევრი მსმენელი არ ჰყავდა. "არტ-გენის" დიდი გამარჯვება ის არის, რომ სწორად იქნა შერჩეული ტერიტორია, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ, რომელიც იყო ზუსტად ამ ფესტივალის გასაშლელი ადგილი. იგი ძალიან კარგად წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშებს. ეს არის ადგილი, რომლის საშუალებითაც ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებამ მთელი საქართველო შეიძლება ნახოს. აქ რეგიონები, თაობები, არა მარტო მუსიკოსები, არამედ სხვადასხვა მიმართულების ხელოვანები ხვდებიან ერთმანეთს. პირადად ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, ამ ფესტივალის წარმატება არის ის, რომ ფესტივალზე მოსული საზოგადოების 80-90%-ი ახალგაზრდა თაობაა, რომელთათვისაც უკვე პრესტიჟული და საამაყო გახდა ის, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ.
ასევე არსებობს ანსამბლები, რომლებიც ჩვენს ფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს და ერთობლივად განაგრძობენ მოღვაწეობას. "არტ-გენზე" ყველაფერია წარმოდგენილი: რეწვა, ხატვა, სახალხო მედიცინა და ა.შ. უკვე რაღაც სისტემად არის ჩამოყალიბებული, რომელსაც ხალხი მართავს. თუ ვინმეს აინტერესებს რამის სწავლა, ამ ფესტივალის საშუალებით ზუსტად იცის სად ჩავიდეს და ვისგან რა ისწავლოს. ფესტივალი ღიაა ყველასთვის – პროფესიონალისთვისაც და მოყვარულისთვისაც. "არტ-გენის" დამთავრებამდე ერთი დღით ადრე ვინმე რომ მოვიდეს და გვითხრას: ჩვენ ვართ სამეგობრო, გვაქვს მინიმუმ 5-სიმღერიანი პროგრამა, მათ უარს არ ვეტყვი და გამოვიყვან, რადგან ჩვენ არა ვართ კონკურსზე, არ ვწერთ ქულებს და ახალგაზრდა თაობებს ვაძლევთ შემოქმედებითად განვითარების, წინსვლის საშუალებას. წელს სიახლეებს რაც შეეხება, კი გვაქვს. რა თქმა უნდა, წლევანდელ წელს ვუწოდეთ საიუბილეო, "არტ-გენს" 7 წელი უსრულდება. გვსურს წარმოვადგინოთ ყველა ის მიმართულება, რომელიც წინა წლებში გვქონდა მთავარ თემებად ამორჩეული: საოჯახო ფოლკლორი და ტრადიციები, რეწვის ოსტატები, სახალხო მედიცინა, საბრძოლო ხელოვნება და ა.შ.

წელს გადავწყვიტეთ, რომ მთავარ თემად ავირჩიოთ ქართული ენა. მინდა მაქსიმალურად დავუთმოთ ყურდღება მშობლიური ენის დღევანდელ მდგომარეობას, მოგეხსენებათ რა დღეშია ქართული ენა. უბრალოდ, მინდა კიდევ ერთხელ გადავხედოთ ყველამ, რა ენაზე ვმეტყველებთ, რა სჭირს დღეს ჩვენს უძვირფასეს დედაენას. დავფიქრდეთ ვინ ვართ, საითკენ მივდივართ და რა შეგვიძლია მანამ გამოვასწოროთ, სანამ გვიანი არ არის. ზეპირსიტყვიერებაში მაქსიმალურად ვეცდებით წარმოვადგინოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც ტრადიციულად მოსდგამს და თავადაც წერს თავის კუთხურ კილო-კავებზე და ლიტერატურულადაც. სიახლე კიდევ ის არის, რომ წელს შევძელით და გავიტანეთ სამი რეგიონალური ფესტივალი, რომელიც წინანდალში გაიხსნა, შემდეგ ვიყავით ვარძიაში და ბოლოს ონში. იყო ასევე ახალგაზრდა ცნობილი და უცნობი ჯგუფების კონცერტები, ფოტოგამოფენები, პერფორმანსები. წინა წლებში კინოსაც დავუთმეთ ყურადღება, თუმცა კინო ისეთი დიდი თემაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება იყოს საჭირო "არტ-გენის" მხრიდან, საუბარი მაქვს სტუდენტურ, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე.
– ზუმბა თანამშრომლობდა ბევრ სხვადასხვა ჯგუფთან...
– დიახ, მართლაც ასეა, ამჟამადაც ვთანამშრომლობ ჯგუფთან "ჩვენებურები", მეათე წელია ვმეგობრობთ, შევუერთდით ერთმანეთს და ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი "ასტრო Gეორგია". საბედნიეროდ, ჩვენთვის მუსიკა არის ცხოვრების წესი და არა შემოსავლის კომერციული ნაწილი. ერთად დავდივართ ექსპედიციებში და უფროსი თაობისგან ვსწავლობთ, ასევე ერთად ვართ ორგანიზატორები ამ "არტ-გენის" ფესტივალისა, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება. ფოლკლორი ჩვენი სულიერი და გენეტიკური ხელოვნებაა, მაგრამ იმდენად თანამედროვე ხერხებით ვაწვდით, ვიცავთ ამ ჩვენს ფუნდამენტურ კულტურას – ფოლკლორს, რომ ძალიან ლამაზი ფორმა აქვს. პროგრამაში ტრადიციული ნაწილი ცალკე გვაქვს, რომელსაც თანამედროვე ინსტრუმენტალს არ ვაკარებთ სპეციალურად და გვაქვს ასევე ის ბოლო წლების ექსპერიმენტები, რომლებმაც გაამართლა. მუსიკაში შეკრიბა XXI საუკუნის გემოვნებიანი სხვადასხვა ჟანრი და მიმართულებები, რომელსაც ჩვენ "ასტრო Gეორგია" დავარქვით.

კომენტარი