,,შავფაროსნების” გამოსვლამ რომაელები აღაფრთოვანა

რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალ "NATALE DI ROMA" –ზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის "შავფაროსნების" გამოსვლამ მთელი რომი აღაფრთოვანა. შავფაროსნები ფესტივალზე ხევსურული ტალავრებით გამოვიდნენ და ქართველი მჭედლების ნამუშევარ იარაღები წარადგინეს. მათ ასევე საბრძოლო საჩვენებელი წარმოდგენები გამართეს.

ქართველთა გამოსვლამ იტალიელი მაყურებელი იმდენად აღაფრთოვანა, მსვლელობის დროს "ბრავისიმოს" ძახილი არ წყდებოდა. "შავფაროსნებით" უამრავი უცხოელი ჟურნალისტი დაინტერესდა.

"ფესტივალის დასრულების შემდეგ, "გეორგიანო"-ს შეძახილით იტალიელები და უხოელი ტურისტები მოდიოდნენ ჩვენთან და ფოტოებს იღებდნენ. ყველა აღნიშნავდა, რომ ქართველების გამოსვლა გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო. უზომოდ ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი ღირსეულად წარვადგინეთ ფესტივალზე, რომელშიც ევროპის 15 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ხევსურულმა სამოსსმა. უცხოელები უფრო მეტად გაოცებულები და აღფრთოვანებულები რჩებოდნენ, როცა იგებდნენ, რომ ჩვენი ტალავრები 200 წლის გახლდათ და თითოეული ორნამენტი ხელით იყო მოქარგული. ბევრმა მათგანმა გამოთქვა საქარველოში ჩამოსვლის და ქართული კულტურის ახლოს გაცნობის სურვილი. მე მგონი "შავფაროსნებმა" ფარსმან ქველის გზა რომში ღირსეულად გავიარეთ",-აღნიშნა "შავფაროსნების" პრეზიდენტმა ირაკლი ქოქოსაძემ.

ცნობისთვის: რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალი "NATALE DI ROMA" უკვე მრავალი წელია იმართება. ფესტივალის მიმდინარეობისას კოლიზეუმის მიმდებარე ქუჩები იკეტება და მასშტაბური მსვლელობები ეწყობა. ყველა ქვეყანა ეროვნულ კულტურას, ანტიკური ეპოქის საბრძოლო სამოსსა და აღჭურვილობას წარადგენს. ამ დროს რომის ქუჩაში ანტიკური ეპოქა ცოცხლდება.

"NATALE DI ROMA" –ზე იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას ისტორიული ურთიერთობა ჰქონდა. საქართველო წელს პირველად მონაწილეობდა.

სამწუხაროდ, საქართველოსა და რომის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დღემდე ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, კოლიზეუმთან განთავსებულ რუკაზე საქართველო საერთოდ ნახსენები არაა და ჩვენს ტერიტორიას "არმენია" აწერია.

კომენტარი