სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 5 მაისს იუწყება:

„ახალი ამბავი

ტფილისი:

სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩეველთა სიის შედგენა ჯერჯერობით არ დაიწყება. როგორც ნამესტნიკმა განმარტა, სიის შედგენა დაწყებულ უნდა იქნას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მესამე სათათბიროს დათხოვნისა და ახალ არჩევნების დანიშვნის თაობაზე უმაღლესი ბრძანება გაიცემა.

ა. ს. პუშკინის ხსოვნის აღნიშვნა. ქალაქის საბჭოს სასკოლო კომისიამ დაადგინა, იმ დღეს, როდესაც მარმარილოს ფიცარი (ზედწარწერით: „ა. ს. პუშკინი 1829 წ. სცხოვრობდა იმ სახლში, რომელიც ამ ალაგას იდგა“) პუშკინის ქუჩაზე წურინოვის სახლს უნდა მიაკრან, სწავლიდან გაანთავისუფლოს პუშკინის სახელობის საქალაქო სკოლების მოსწავლენი და დღესასწაულში მონაწილეობა მიაღებინოს. ეს დღესასწაული როდის გაიმართება, გამორკვეული არ არის.

სეირნობა. 6 მაისს საარტისტო საზოგადოების საზაფხულო სადგომში სეირნობა გაიმართება ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ.

ქველმოქმედთა საყურადღებოდ. მეტად უმწეო მდგომარეობაშია ჩავარდნილი ანნა ნიკოლოზის ასული იმედაშვილისა, სამი შვილის პატრონი. მას გუბერნატორმა ნება დართო გაზეთის საშუალებით საზოგადოებას ნივთიერი დახმარება სთხოვოს. ყოველგვარი დახმარება შეიძლება გამოიგზავნოს რედაქციაში და მის ბინაზედაც (უმჯობესია ბინაზე). ტფილისი, პრიუტის ქუჩა, გრაკლის მისახვევი, N37.

ქალაქის საექიმო ლაბორატორიამ „გემოს“ ქარხანაში დამზადებული კვასი გამოიკვლია. კვასი კარგის ღირსებისა აღმოჩნდა.

ქალაქის სარევიზიო კომისიამ თავის მომავალ მოქმედების გეგმა შეადგინა და განსახილველად ქალაქის გამგეობას გადასცა.

ტფ. ფოსტა–ტელეგრაფის ოლქის უფროსი გ. ვ. მუსელიუსი სამსახურის საქმეთა გამო პეტერბურგს წავიდა.

ტრამვაის დირექტორი ინჟენ. ბელოი ტფილისში დაბრუნდა და თავის თანამდებობის აღსრულებას შეუდგა.

ავჭალის წყალსადენი დაათვალიერა 3 მაისს საგანგებო კომისიამ, რომელშიაც შედიოდნენ ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელნი.

ნამესტნიკმა ნება დართო ქუთაისის მცხოვრებ ილია კაკაბაძეს, სამგზავრო ავტომობილები ამუშაოს. ქუთაისსა და ხონს შორის, ახალსენაკს და ზუგდიდს შორის და ქუთაისსა და ბაღდადს შორის.

დღეს, საღამოს 6 საათზე, საზოგადო კლუბში საბავშვო საღამო გაიმართება, დღესასწაულის შემდეგ კლუბის წევრთა საერთო კრება მოხდება.

ქუჩების მოკირწვლა. წელს ქალაქის თვითმმართველობას თავის ხარჯთ–აღრიცხვაში 100,000 მან. აქვს შეტანილი გაუმჯობესებულის სისტემით ქალაქის ქუჩების მოსაკირწლელად. ქალაქის გამგეობამ უკვე შეადგინა სია იმ ქუჩებისა, რომელნიც წელს უნდა იქმნენ მოკირწლულნი. სიას განსახილველად ქალაქის საბჭოს უახლოეს კრებას წარუდგენს.

პურის ნიხრი. მეფურნეთა მამასახლისმა გუბერნატორს თხოვნა მიართვა, რომელშიაც აღნიშნავს, არსებულ ნიხრზე პურის გაყიდვა საზარალოაო დ ამიტომ ქალაქის გამგეობას დაავალეთ, რომ ნიხირს მოუმატონო. გუბერნატორმა თხოვნა ქალაქის გამგეობას გაუგზავნა.

უკვალოდ დაიკარგნენ სოლოლაკის მცხოვრები მიხეილ გილესი და არბოვსკი და ამავე ქუჩაზე მცხოვრები მარტიროს ცატუროვი.

2 და 3 მაისს ტფილისში 54 უპასპორტო შეიპყრეს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100