სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად გაქრნენ დავითგარეჯის "ოკუპანტი" აზერბაიჯანელი მესაზღვრეები?

ვითარება, რომელიც ადგილზე დაგვხვდა, გავრცელებული ინფორმაციებისგან შორსაა

ბოლო დღეებში დავით-გარეჯის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. იმ ფაქტმა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში შესვლის უფლებას არ აძლევენ, გააჩინა შიში, ხომ არ კარგავს საქართველო დავით-გარეჯს. გაკეთდა ოფიციალური განცხადებები ჯერ სასულიერო პირების, შემდეგ - ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამას მოჰყვა ისტერია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და კვალდაკვალ სომხურ მედიაში. მოგვიანებით საკუთარი აზრი ექსპერტებმა და მეცნიერებმა გამოთქვეს. თუმცა რეალობა, რომელიც ადგილზე დაგვხვდა, გავრცელებული ინფორმაციებისგან შორს აღმოჩნდა.

სასულიერო პირთა და შემდგომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულთა შორის "შავფაროსნებიც" აღმოჩნდნენ, რომლებმაც (სხვათა შორის, ინფორმაციის ავტორებისა და გამავრცელებლებისგან განსხვავებით) გადაწყვიტეს, სიტუაციას ადგილზე გასცნობოდნენ. ჩვენც მათთან ერთად გავემგზავრეთ და ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მონასტერს მივუახლოვდით.

ტაძარში ჩვეულებრივ შევედით, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილზე სასულიერო პირები ვერ აღმოვაჩინეთ, რომ გავსაუბრებოდით და პირდაპირ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრისკენ ავიღეთ გეზი. როგორც კი მივუახლოვდით უდაბნოს ტაძარს, ადგილზე ქართველი მოსაზღვრეები დაგვხვდნენ. ჩემდა გასაოცრად, ადგილზე მესაზღვრეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგვხვდა, რაც წინა წლებში გარეჯის მოლოცვის დროს არ შემიმჩნევია.

უდაბნოს მონასტერში შესვლის უფლება სწორედ მათ არ მოგვცეს და არც იმ ბილიკამდე მიგვიშვეს, საიდანაც კელიების დათვალიერებაა შესაძლებელი. დანარჩენი ადგილების მოლოცვაში ხელი არავის შეუშლია.

იქვე საზღვრის გამყოფი ხაზი გადიოდა. ადრე ამ ტერიტორიაზე სტუმრობის დროს გიდმა განგვიმარტა, "პირობითი საზღვარია აზერბაიჯანთანო", ამჯერად კი მესაზღვრეებმა ეს არ დაგვიდასტურეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჯერებული ინფორმაცია მესაზღვრეებს არ გააჩნდათ: ერთსა და იმავე კითხვაზე ისინი განსხვავებულ პასუხებს გვცემდნენ. კერძოდ, კითხვაზე, თუ რომელი ტერიტორიაა სადავო, მესაზღვრეების ნაწილმა გაოგნებული სახით გვიპასუხა, "რა გვაქვს გასაყოფი, ან ვისთანო?!" და დააყოლა, რომ ისინი "სულ აქ იდგნენ". მეორე ნაწილმა კი ადგილზე ქართველი მესაზღვრეების მომრავლება "სიტუაციის დაძაბვას" დაუკავშირა, განაცხადა, რომ "სანამ ვითარება არ გამოსწორდება, ისინი საზღვარს გააკონტროლებენ", თუმცა საკითხის მეტი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

(ამ კონტექსტში გვსურს, აქვე მკითხველს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის დღევანდელი განცხადება გავაცნოთ, რომლის თანახმად, "იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები დავით-გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადავლენ, მათ აზერბაიჯანელები დააპატიმრებენ და ამის უფლება ექნებათ". "საზღვარზე მესაზღვრეების მობილიზება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, "თუ საქართველოს მოქალაქეები გადმოვლენ, დავიჭერთო". ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეები უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე არ შევუშვათ, რათა ისინი მართლა არ დააკავონ, რისი უფლებაც აზერბაიჯანელებს აქვთ", - განუცხადა "ივერონს" შოთა უტიაშვილმა. ბარემ, იმასაც აღვნიშნავთ, რომ მესაზღვრეების თქმით, ისინი აქ პატრიარქის კურთხევით დგანან).

ადგილზე ქართველი მესაზღვრეების მომრავლების მიზეზების კვლევის კონტექსტში მკითხველის ყურადღება იმაზეც უნდა გავამახვილოთ, რომ ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში მათ ტელეფონით რამდენჯერმე მიიღეს განკარგულება, ჩვენთვის კლდესთან მიახლოების საშუალება არ მოეცათ. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ ქართველი მესაზღვრეები ტერიტორიას მომლოცველებისა და ტურისტებისგან იმ მიზნით "იცავენ", რათა მათ ისტორიული ძეგლის მოსალოდნელი ან უკვე მომხდარი მნიშვნელოვანი ნგრევისა და სხვა არასასურველი ფაქტები არ იხილონ. რამდენიმე მესაზღვრემ "ივერონთან" საუბარში ეს დაადასტურა კიდეც. თუმცა მათაც რომ არაფერი ეთქვათ, საკმაოდ მოშორებით არსებული ადგილებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ორიოდე წლის წინ არსებული ბილიკი, რომელიც კელიებთან მისასვლელად გამოიყენებოდა, სადღეისოდ სრულიად ჩამოშლილია. "გზა ჩამოშლილია და იქ გავლა სახიფათოა" – განგვიცხადეს მესაზღვრეებმა, ხოლო კითხვაზე, ექვემდებარება თუ არა ეს გზა აღდგენას ან გამაგრებას, უარყოფითი პასუხი გაგვცეს და აქვე აგრესიულად აღნიშნეს, "ჩვენ არაფრის ღირსი არ ვართ, არც ამ ფრესკების დათვალიერების, რადგან არ ვიცით, სად რა მივაწეროთო". მართალიც არის: რიგ ფრესკებს "ნინო+გიო" და სხვა მსგავსი წარწერები "ამშვენებს".

ერთ-ერთმა მესაზღვრემ უკმაყოფილება გამოთქვა ბოლო დღეებში დავით-გარეჯის თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიზეზით ადგილზე მნახველების მომრავლების გამოც და აღნიშნა, რომ ეს მათ მუშაობაში გარკვეულ პრობლემებს უქმნით.

აქვე იმყოფებოდა უკმაყოფილო ქალბატონი, რომელიც ამტკიცებდა, "შავფაროსნებზე" ნაკლებად არც სხვებს უყვარს სამშობლოო" და ბრაზობდა, რომ ამ ვიზიტის შესახებ იგი წინასწარ არავინ გააფრთხილა. როგორც გაირკვა, ეს ქალბატონი სოფლის გამგებელი იყო.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რომლებმაც, როგორც 6 მაისიდან რიგი სასულიერო პირები და რელიგიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დღეს კი მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით დეპუტატი ჯონდი ბაღათურია აცხადებდა, "საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს", ჩვენი იქ ყოფნის ორი საათის განმავლობაში არც ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე თვალით არ გვინახავს. ტაძრიდან სამაოდ მოშორებით კი (იხილეთ ფოტოზე) ნამდვილად მოჩანს მათი საგუშაგო, სხვა აზერბაიჯანული იქ არაფერი შეგვიმჩნევია.

"შავფაროსნებმა" იქვე, საზღვართან რამდენიმეწუთიანი სანახაობა მოაწყვეს და ჩვენი ექსკურსიაც ამით დასრულდა.

საინტერესო იყო კომენტარები, რომლებიც თბილისში დაბრუნების დროს, ტრანსპორტში კეთდებოდა. "ჩვენ მთელი სამონასტრო კომპლექსი გვეგონა წართმეულიო" – აცხადებდნენ "შავფაროსნები".

თუმცა დავით-გარეჯში გატარებულმა რამდენიმე საათმა კიდევ მეტი კითხვა გამიჩინა: სად იყვნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? რატომ იყვნენ იქ ქართველები ასეთი დიდი რაოდენობით? რამ გამოიწვია მესაზღვრეების მიერ ნახსენები დაძაბულობა? ახლა რატომ არ გვიშვებდნენ იქ, სადაც პირობითი საზღვარი ადრეც იყო, მაგრამ გადასვლა არ იკრძალებოდა?... უდავო ერთია: დღემდე სადავო დავით-გარეჯი ისევ ამაყად დგას ცხელ უდაბნოში.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100