სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ის რუსი, ვინც თავისიანს ესვრის, ჩვენ რაღას გვიზამს?!

2 ივნისს 50 წელი სრულდება რუსეთის ქალაქ ნოვოჩერკასკში საპროტესტოდ გამოსული მუშების დახვრეტიდან. ასობით ქართველი ახალგაზრდის დახვრეტა 1956 წელს რა მოსატანია, როდესაც რუსული ნომენკლატურა, სულ უმნიშვნელო სოციალური უკმაყოფილების გამომხატველ თანამემამულეებს, ტყვიებით გაუმასპინძლდა.

ხრუშჩოვის მიერ მოგონილი ტერმინი „დათბობა“ საპნის ბუშტივით გაქრა ნოვოჩერკასკის მოვლენების დადგომისთანავე. ვისაც ახსოვს, ან წაუკითხავს ამ პერიოდის შესახებ, გაიხსენებს, თუ რა პური ცხვებოდა მაშინ – თეთრი პური საერთოდ გაქრა მაღაზიებიდან, ტალონებზე იყიდებოდა ჭვავის პური და ისიც მეტისმეტად უხარისხო. ხალხს ესეც არ აკმარეს და 1962 წლის 17 მაისს მთავრობამ გამოსცა დადგენილება – „მშრომელთა მოთხოვნით“ 1 ივნისიდან ხორცსა და ძეხვზე ფასების მომატების შესახებ 30%–ით, ხოლო კარაქზე – 25%–ით.

„КГБ“ –ს ცნობით, ამ დადგენილების საწინააღმდეგო მოძრაობას და საპროტესტო ფურცლების გაკვრას ადგილი ჰქონდა მოსკოვში, ლენინგრადში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, გორკში, ტამბოვში, ჩელიაბინსკში და სხვა ქალაქებში. ქვეყანაში მოხდა 58 სტიქიური გაფიცვა და ქუჩის 12 დემონსტრაცია.

მაგრამ მთავარი დრამა დატრიალდა ნოვოჩერკასკში.

მაშინდელი ელმავალსაშენებელი ქარხნის დირექციამ ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონა და ფასების მომატებას გამომუშავების ნორმების აწევაც ზედ დაურთო, რის შესახებაც ხალხს აცნობეს 31 მაისს, რაც მუშებისთვის პრაქტიკულად ნიშნავდა შემოსავლის შემცირებას 25–30%–ით.

მუშების მოთმინების ფიალა გადაივსო – საბჭოთა პერიოდში ზედმეტად ხმის ამოღებას გადაჩვეულმა პროლეტარებმა რამდენიმე შენობა დაარბიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქარხნის ადმინისტრაციას. მაგრამ საპასუხოდ გამოყენებულმა ძალამ, მკაცრმა განაჩენებმა და დაფარულმა ინმფორმაციამ ტრაგედიის შესახებ ნოვოჩერკასკის მოვლენები აქცია დანაშაულად კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე:

ავტომატის ჯერმა მომიტინგე ადამიანების თავებზე გადაიარა და ხეებიდან პატარა ბავშვების უსულო სხეულები ჩამოყარა, რომლებიც იქ ამძვრალიყვნენ, რომ კარგად დაენახათ, რა ხდებოდა. შემდეგ ცეცხლი გადაიტანეს უშუალოდ მომიტინგეებზე. მოკლულთა გვამებს ერთმანეთზე აწყობდნენ იქვე ახლოს მდებარე ბანკის სარდაფში. შემდეგ ეს გვამები გადაიტანეს რომელიღაც მიტოვებულ შახტაში და მოედნიდან სისხლი გადარეცხეს ბრანდსპოიტებით.
26 კაცი ადგილზე იყო ლიკვიდირებული, 1 – საავადმყოფოში გარდაიცვალა; დაიჭრა 87. მოგვიანებით 7 ადამიანს მიესაჯა დახვრეტა, 105–ს – გადასახლება.

მხოლოდ ერთი ნათელი წერტილია მთელს ამ ისტორიაში – ჩრდილო–კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ–ლეიტენანტმა მატვეი შაპოშნიკოვმა უიარაღო დემონსტრანტებს ტანკები არ დაუპირისპირა და ამ საქციელს საკუთარი კარიერა შესწირა.

უშველის კი ერთი რუსის თავგანწირვა მისი დანარჩენი თანამემამულეების მიერ ჩადენილ ცოდვებს?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100