სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

"საქართველოს ძიუდოს ფედერაცია 3 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძიუდოისტ ამბაკო ავალიანთან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის შეხვედრას ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - სოსო ლიპარტელიანი და თამაზ ნავერიანი, ასევე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა და ყოფილი ძიუდოისტი არჩილ შინჯიკაშვილი ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრის აუცილებლობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლეთა მხრიდან ბოლო პერიოდში მოქმედ სპორტსმენთა აქტიურ პოლიტიკაში გადაბირება სისტემატიურად ხდება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა უკვე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სპორტული ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, მოქმედი სპორტსმენისთვის აქტიური პოლიტიკური საქმიანობით დაკავება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ეს ფაქტი სპორტულ რეჟიმს არღვევს, რაც სპორტულ მიღწევებზე უარყოფითად აისახება.

შესაბამისად, მოქმედმა სპორტსმენმა უნდა გააკეთოს არჩევანი - სპორტული კარიერა გააგრძელოს ან აქტიურ პოლიტიკაში წავიდეს. რაც შეეხება 3 ივნისის ინციდენტს, ავალიანთან შეხვედრისას მინისტრსაც და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსაც სწორედ ამ თემაზე ჰქონდათ საუბარი, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ამბაკო ავალიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტის, ყოფილი ძიუდოისტის ზურაბ ზვიადაურის ოფისში, სადაც მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რისი დასტურიც ამბაკო ავალიანის მიერ მინისტრთან შეხვედრის შესახებ რამდენჯერმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაა.

ჩვენ, არა მხოლოდ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“, არამედ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან სპორტსმენთა პოლიტიზირებას ყველანაირად ვგმობთ.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსგავსი ზეწოლის ფაქტები მოქმედ სპორტსმენებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტის ზურაბ ზვიადაურის მხრიდან უკვე არაერთხელ დაფიქსირდა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100