ქალი ნახევარი სხეულით: ბავშვობიდან დედობამდე და გვერდი Facebook-ზე (ვიდეო)

ეს როზმარი სიგნისია - კოლორადოელი ქალი, რომელიც 2 წლის ასაკში ქვედა კიდურების გარეშე დარჩა - უმძიმესი დაავადების გამო მისი მშობლები იძულებულნი გახდნენ, მისი ქვედა კიდურების ამპუტაციაზე ტანხმობა განეცხადებინათ, თუმცა, მეორე არჩევანიც ჰქონდათ: ამპუტირებაზე უარი ეთქვათ და გოგონა უნარშეზღუდულთა ეტლში ჩაესვათ.

„მე ბედნიერი ვარ, რომ მშობლებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: ეტლში რომ ჩავესვით, ასე მგონია, ვერ განვვითარდებოდი“, - ამბობს როზმარი, რომელიც უკვე დედაა, სადილსაც გემრიელად ამზადებს და... ხელებითაც თავისუფლად დადის, თუმცა სკეიტით გადაადგილდება, 16 წლისას კი მშობლებმა მანქანაც უყიდეს და მთლიანად ხელის მართვაზე გადაუკეთეს.

ყველაზე საშინლად როზმარის 9 წლის ასაკი ახსენდება, როცა სკოლაში აიძულებდნენ, ხელოვნური ქვედა კიდურებით ევლო: „ეს ნამდვილი კოშმარი იყო, რადგან სკოლაში უნდოდათ, ყველა ერთმანეთს დამსგავსებოდა. ჩემთვის ხელოვნური ფეხებით სიარული ტანჯვა იყო და ერთ დღესაც გადავწყვიტე, სკოლაში სკეიტით მივსულიყავი. ასეც მოვიქეცი, კლასში შევედი და ხელების დახმარებით მერხთანაც დავსკუპდი. მალე მასწავლებელი შემოვიდა:

-როუზ, მგონი, რაღაც დაგავიწყდა, - მითხრა მან.

-არა, საშინაო დავალება მოვამზადე, - ვუთხარი და ჩასაბარებლად მოვემზადე.

-ამას არ ვგულისხმობდი. მგონი, რაღაც გაკლია და თან არ გაქვს, - გამიმეორა მან.

ამის შემდეგ ჯერ დირექტორთან შემიყვანეს, მერე კი მშობლები გამოიძახეს. მე ვჯიუტობდი, მშობლებმა კი ჩემი მხარე დაიჭირეს. მათ, საერთოდაც, დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე ასეთი ძლიერი, თავდაჯერებული გავიზარდე. სკოლაშიც მიხვდნენ, რომ ხელოვნური კიდურებით არ ვივლიდი და თავი გამანებეს“, - იხსენებს როზმარი.

მალე როუზმა ავტოსალონში, მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. მას ბავშვობიდან აინტერესებდა მანქანის მექანიზმი, ძრავი და შიგთავსი. ხშირად მამის ხელსაწყოებითაც ერთობოდა და თანდათანობით მათი ხმარებაც ისწავლა. როცა სრულწლოვანი გახდა, დასაქმდა კიდეც. მომავალი მეუღლე - დეივ სიგინსი სწორედ სამსახურში გაიცნო - მამაკაცი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში მუშაობდა.

როუზი იხსენებს, რომ დეივი ერთადერთი იყო, ვინც ის პირველად დაინახა და გაოცებით არ დააკვირდა, აქაოდა, ნეტა რა დამართნიაო. როცა როზმარის სატადარიგო ნაწილი დასჭირდა და დახლზე ახტა, დეივი იქვე დაბალ სკამზე ჩამოჯდა, რათა მისთვის თვალი გაესწორებინა, შემდეგ კი სათადარიგო ნაწილი მიართვა და საღამოს ყავაზე დაპატიჟა.

როუზი იხსენებს: „მე არ ვოცნებობდი ულამაზეს უფლისწულზე, რომელიც წამიყვანდა ციხესიმაგრეში და არც იმაზე, რომ ჩვენ სამი ულამაზესი შვილი გვეყოლებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმედი, რომ გავთხოვდებოდი: არც ისე მახინჯი ვიყავი, რომ არავის მოვწონებოდი...“

დეივი კი ამბობს, რომ მისთვის არავის, არასდროს დაუსვამს შეკითხვა - რატომ აირჩია მაინცდამაინც როზმარი...

„როცა როუზის დედას ჩემი ჩანაფიქრი გავუმხილე, მან პირდაპირ მკითხა:

-დარწმუნებული ხარ, რომ გაუმკლავდები?

-რას?

-მის არასრულყოფილებას.

-რას გულისხმობთ?

-მას ხომ ფეხები არა აქვს...

-მართლა? მე არც კი შემიმჩნევია...“ - იხსენებს დიალოგს დეივი.

ისინი დაქორწინდნენ. ქორწილის დღეს ორივენი მხიარულობდნენ და სიძემ იხუმრა კიდეც - ჯვრისწერის წინ პატარძლის გაქცევისგან დაზღვეული ვარო, რამაც საყოველთაო ჟრიამული გამოიწვია. იცინოდა ბედნიერი როზმარიც...

ერთ მშვენიერ დღესაც როუზმა შეიტყო, რომ ორსულადაა. ეს ახალი გამოწვევა იყო, რადგან როუზის მსგავსი დაავადების მქონეთა ორსულობისა და, მით უმეტეს, მშობიარობის ფაქტი ჯერ არსად იყო აღრიცხული:

„ექიმების უმრავლესობა აბორტს მირჩევდა, ისინი ისე მიყურებდნენ, როგორც უცხოპლანეტელს. დედა ჩემს მხარეს იყო და ამბობდა, რომ თუ ღმერთმა ინება, შვილს აუცილებლად მაჩუქებდა. იგივე მითხრა დეივმაც: „რა შეიძლება მოხდეს ყველაფერზე უარესი? გაგვიჩნდეს შვილი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ხელები ან ფეხები? ასეთ შემთხვევაშიც კი, ნუთუ შენ აპირებ შეწყვიტო ორსულობა?“, - მკითხა მან. „არამც და არამც!-ვუპასუხე მე, - „ეს სიცოცხლე ჩემშია და მე მეკუთვნის, რახან ღმერთმა ასე ინება, მე გავაჩენ შვილს!“.

ახლა როუზი გაკვირვებულიც კია, რატომ სვამდნენ მაშინ ზოგიერთები საკითხს ასე კატეგორიულად:

„წარმოგიდგენიათ, დედაჩემი რომ მისულიყო ორსულობის დროს ექიმთან და ეთქვათ: „იცით, თქვენს შვილს ფეხებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ექნება, სიცოცხლე გაუმწარდება, ამიტომ, იქნებ დაფიქრდეთ...“ - და დედა რომ მართლაც „დაფიქრებულიყო“, ახლა ხომ აქ არ ვიქნებოდი? ეს ჩემი პირველი ორსულობა იყო და მე უფრო მეტ დახმარებას ველოდი, ექიმებისგან კი სრული იგნორი მივიღე - მათ ჩემი აღრიცხვაზე აყვანაც კი არ უნდოდათ! ერთადერთი ექიმი, ვინც დიდი სითბო და თანადგომა გამოხატა ჩემს მიმართ, ექიმი ვოლფსონი იყო:

„ამ წყვილმა და, განსაკუთრებით როუზმა, სიცოცხლით გარისკეს. აქამდე მსგავსი შემთხვევა არსად ყოფილა, ამიტომ არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. მე მზად ვიყავი როუზისთვის ყველანაირი დახმარების აღმოსაჩენად, მაგრამ მაშინვე ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, მშობიარობას გადაჰყოლოდა...“, - იხსენებს ექიმი ვოლფსონი.

საკეისრო კვეთას როუზის დედა ესწრებოდა. მელოგინემ მშობელი მკაცრად გააფრთხილა: „თუ ყველაფერი ისე ვერ მოხდა, რომ მეც გადავრჩე და ჩემი შვილიც და არჩევანის წინაშე დადექი, ერთი წუთითაც არ იყოყმანო: ჩვილის სიცოცხლე აირჩიე!“.

ოპერაციის შემდეგ როუზი ნარკოზიდან მძიმე შეგრძნებით გამოვიდა. მთელი მუცელი ეწვოდა. „უცებ, გამახსენდა: „ბავშვი?“ გვერდზე გავიხედე, სადაც ის საფენებში გახვეული იწვა, ხელები მოუჩანდა. წვალებით გავხსენი საფენი და ფეხებს დავაკვირდი. ისიც კი მახსოვს, როგორ გადავთვალე მისი ფეხის თითები ორივე ფეხზე: მას ათი თითი ჰქონდა!..“

ამჟამად ლუკა უკვე 13 წლისაა, დედა ძალიან უყვარს და ხშირად ისინი ერთად მეცადინეობენ კიდეც. როუზი ყველაფერს ხალისით აკეთებს: ქმარს სადილსაც ახვედრებს, ლუკასაც ასეირნებს, გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარება და „ფეისბუქზე“ საკუთარ გვერდსაც ხშირად ავსებს ახალ-ახალი მასალებით...

კომენტარი