სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულს!“ თუ „მევიდა ჩვენი დრო!“ - შს მინისტრი არჩევანის წინაშე

21 ნოემბერს ახალი შს მინისტრის პირველი საჯარო ანგარიში მოვისმინეთ - სწორედ ასე შეიძლება დაერქვას ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას „მეცხრე არხის“ გადაცემაში „მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად“. ნუ დავუკარგავთ მინისტრს, რომ მისი მცდელობა, იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მედიისთვის, ნამდვილად დასაფასებელია. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ეს ხშირად მოხდება და არამარტო ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კუთვნილ ტელევიზიაში მოხდება...

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს მისდამი დაქვემდებარებული უწყების მიმართ გაჩენილ არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე - უკანონოდ მიჩნეულ დაკავებებზე, თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნებზე, დაგეგმილი ამნისტიის მოსალოდნელ შედეგებზე და კრიმინალის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ ამ მოკრძალებულ წერილში მხოლოდ კრიმინალთან დაკავშირებულ მის განცხადებებსა და რეალურად არსებულ ვითარებაზე გავამახვილებ ყურადღებას.

რამდენადაც გახსნილი იყო შს მინისტრი საუბრის დროს, იმდენად თვალშისაცემი გახლდათ ერთი გარემოება: ან შს მინისტრს „აბოლებენ“ და არასწორ სტატისტიკას აწვდიან, ან უწყებაში გასულ პერიოდთან კრიმინალური მდგომარეობის შედარების ანალიტიკური დონეა არადამაკმაყოფილებელი, ან კიდევ მინისტრი, უბრალოდ, ცრუობს.

ძნელია, სხვა დასკვნა გამოიტანო მაშინ, როცა შს მინისტრი აცხადებს, რომ ხმები დანაშაულის რიცხვის საერთო მატების შესახებ გაზვიადებულია. არადა, სწორედ ასე თქვა:

„გავრცელებული ხმები საქართველოში კრიმინალური დანაშაულის მატებაზე გაზვიადებულია“. შემდეგ კი, მცირე პაუზა გააკეთა და დაამატა: „“რა თქმა უნდა, ჰქონდა ადგილი ქურდობებს, ყაჩაღობებს, მაგრამ ეს არის დროებითი. ვინაიდან მოხდა პოლიციელთა ხელმძღვანელების შეცვლა, პოლიციელთა რიგებში გარკვეული დემორალიზება, მოდუნება იქნა გამოწვეული. ამით ისარგებლეს ე.წ. კრიმინალებმა, მათ სცადეს და გაბედეს გარკვეული კრიმინალური აქტივობის განხორციელება. არც ერთი საქმე გამოუძიებელი არ დარჩება. ისინი დაისჯებიან ძალიან მკაცრად. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში უსაფრთხოების, წესრიგის დარღვევას, არეულობას და ქაოსს. ეს არის მათთვის ბოლო შანსი, რომ დაფიქრდნენ და არ დაუშვან შეცდომა".

ბოლო ციტატიდან ვხედავთ, რომ ქურდობებს, ყაჩაღობებს და ა.შ. მართლაც „ადგილი ჰქონდა“. აქვე, მინისტრი გვაიმედებს, ეს დროებითიაო. გამოდის, რომ ხმები დანაშაულის მატების შესახებ კი არ ყოფილა გაზვიადებული, თვითონ ის ფაქტი, რომ დანაშაულის რიცხვმა იმატა, ყოფილა დროებითი.

შესაძლოა, ბევრს ახსოვს, როგორი საფუძვლიანი სიამაყით ამბობდა პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერად ახლადგადაყვანილი ვანო მერაბიშვილი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა ევროპაში და რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის ან პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის არცერთი ფაქტი. სულ რაღაც ერთი თვე გახდა საჭირო, რომ კრიმინალებს მდგომარეობა თავიანთ სასარგებლოდ შეეცვალათ. როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიციამ და მის მიერ დანიშნულმა მთავრობამ ვერ შეძლო, კრიმინალებისთვის ხელი შეეშალა ამ საქმეში. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

თავი გავანებოთ იმ კრიმინალურ შემთხვევებს, რომლებიც ხელისუფლების გადაბარებამდე ხდებოდა და ბოლო პერიოდის სტატისტიკას გადავხედოთ:

ბოლო ორი კვირის განმავლობაში 3 მკვლელობა მოხდა. მათგან მხოლოდ ერთია გახსნილი. ერთი მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს: თბილისში, კონიაკის დასახლებაში ქალბატონს ყელი გამოჭრეს და კბილები დააძრეს. ამავე პერიოდში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრის 5 შემთხვევაა დაფიქსირებული, ყაჩაღობის 4, ხოლო ძარცვისა და ქურდობის, ჯამში - 11. ამასთან, ყაჩაღობა სამჯერ ნიღბებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა და სამივეჯერ დაესხნენ თავს ღია ობიექტებს: „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურს ქარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თბილისში და ასევე დედაქალაქში - „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურს. ასეთი სტატისტიკა იმ შავბნელი 90-იანების შუა წლების რომელიმე ორ კვირაშიც კი ძნელად მოსაძებნია...

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ახალი ხელისუფლების სტრატეგია კრიმინალებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას ან მეტიც, მათთან რაიმე სახით თანამშრომლობას ითვალისწინებს - ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული: „ოცნების მთავრობა“ მის მიერვე წინასაარჩევნოდ გაღვივებული გაწყობისა და მოლოდინის მსხვერპლია. უფრო უკეთ რომ ავხსნათ მოვლენის არსი, შედარება მოვიშველიოთ: ერთი მხრივ, გვქონდა წინა ხელისუფლების პირველი პირის ფრაზა: „ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! არანაირი პირობითი სასჯელი! ყველა ციხეში!“ და მეორე მხრივ, მივიღეთ ვიდეო და აუდიოჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ან მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვდებიან „კანონიერ ქურდებს“, რეგიონებში მაჟორიტარებად აგზავნიან ან ავტორიტეტთა უახლოეს ნათესავებს, ან/და მათთან დაახლოებულ პირებს, მივიღეთ სატელეფონო ზარები "კანონიერ ქურდებსა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის... „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, მათმა მცდელობამ, არ გაენაწყენებინა, პირველ რიგში, პატიმართა ახლობლების ელექტორატი, ის შედეგი გამოიღო, რომ მათი მხრიდან კრიმინალებისადმი ლოიალურობის მოლოდინი გააჩინა.

შესაძლოა, ბევრი შემედაოს და მითხრას, რომ ეს უფრო წინა ხელისუფლების მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ხელოვნურად შექმნილი იმიჯი იყო და მას არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან. ვერც იმას უარვყოფთ, რომ შესაძლოა, „შავი პიარის“ ხელი მართლაც ურევია ზემოთხსენებული მოლოდინის გაღვივებაში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრაზაზე „ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! არანაირი პირობითი სასჯელი! ყველა ციხეში!“ სწორედ ისინი აღშფოთდნენ ყველაზე მეტად, რომლებსაც აღნიშნული ფრაზა არანაირად არ ეხებოდათ. მართლაც, კანონმორჩილი ადამიანისთვის რატომ უნდა იყოს საშიში, თუკი ქვეყნის პირველი პირი კრიმინალის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გამოაცხადებს და კრიმინალებს ციხით დაემუქრება? რა თქმა უნდა, გააჩნია კრიმინალური დანაშაულის არსს და შესაძლოა, ვიდაოთ ფრაზაში „წვრილმანი დანაშაულის მიმართ“ და „არანაირი პირობითი სასჯელი“ თქმის გამო, მაგრამ ზოგადად, პათოსი, რომელიც კრიმინალებს აგზავნის იქ, სადაც მათი ადგილია ყველა ნორმალურ ქვეყანაში - ციხეში, რატომ უნდა ყოფილიყო გამაღიზიანებელი?

მაგრამ ეს ფრაზა პოლიტიკურად იყო გამოსაყენებელი და ამ შანსს მაშინ ოპოზიცია ხელიდან ვერ გაუშვებდა: სულ მალე ფრაზას პირველი წინადადება მოაშორეს და დატოვეს „ყველანი ციხეში!“ - აქაოდა, ნახეთ, პრეზიდენტი ყველას ციხეში ჩაყრით გვემუქრებაო.

სინამდვილეში კი მაშინ სააკაშვილის ის ფრაზა ზუსტად მოხვდა მიზანში: საზოგადოების ნაწილისგან განსხვავებით, კრიმინალებმა ზუსტად ამოიცნეს ფრაზის ადრესატები და იმასაც კარგად მიხვდნენ, ვის ბაღჩაში ისროდა პრეზიდენტი ჭოლოკს. შესაბამისად, გაჩნდა განწყობა: „არ დაგვინდობენ“, ამ განწყობამ კი კრიმინალთა გამბედაობას ფრთები შეაკვეცა (მერე რა, რომ ციხე ქურდების სახლია - სულ სახლში ყოფნა არავის სიამოვნებს), ეს კი, ზოგადად, კრიმინალური სიტუაციის კარდინალურად შეცვლის საფუძველი გახდა...

„ქართული ოცნების“ შემთხვევაში რომ „შავ პიარს“ სულაც არ უთამაშია უმნიშვნელო როლი, უკვე აღვნიშნე, მაგრამ იმასაც გავუსვი ხაზი, რომ მათმა წინასაარჩევნო ქმედებებმა არასწორი მოლოდინი გააჩინა. წინა ხელისუფლების „შავი პიარით“ ნამდვილად გაჭირდება იმ კადრების ახსნა, რაც მთელმა საქართველომ იხილა, ციხეებში მომხდარი უკმაყოფილების დროს: ასობით პატიმრის მიერ სკანდირება: „ბი-ძინა! ბი-ძი-ნა!“ და ერთი პატიმრის გულწრფელი შეძახილი: „მოვა ბიძო და გვეშველება, მევიდა ჩვენი დრო!“

მევიდა თუ არა მათი დრო? - ეს კითხვა ჯერაც აქტუალურია და შს სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ ასე არ არის. ჯერჯერობით კი თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნები, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ჩადებები და „გრძნეულებზე ნადირობის“ სეზონში შსს-ს აქტიური ჩაბმა მიანიშნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განწყობას და სიტყვებს: „არ დავუშვებთ ქვეყანაში უსაფრთხოების, წესრიგის დარღვევას, არეულობას და ქაოსს“ - დიდი გამოცდა ელის: მინისტრს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100