სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კანონიერი ქურდი“: „დეითრიე იგი? მერე რაფრაა, ჯანმრთელობა არ შეელახა ცოტა?..“ (ვიდეო)

„რაია, ბიჯო, ძველი დრო ხომ არ გაგახსენდა, ფორმები და რამე? მევიდა თქვენი დრო? ეიშვით? მევიდა თქვენი პრეზიდენტი და ხართ ამნაირ ამბავში? არ იქნება სულ მასე, მევიცლით თქვენთვისაც, მევიცლით...“ - ასე მიმართავს, სავარაუდოდ, საქართველოში არმყოფი „კანონიერი ქურდი“ ქუთაისელ ვინმე გია დარსაძეს, რომელიც შვილის ნაცვლად წარადგინეს „სამსჯავროზე“.

„იუთუბზე“ გამოქვეყნებული ჩანაწერი შარშან, აპრილშია ატვირთული. როგორც „დრონი.ჯი“-მ გაარკვია, ჩანაწერში კონკრეტულ ინციდენტზეა საუბარი, რომელიც ქუთაისში მოხდა:

სწრაფი გადახდის ექვსი აპარატი რამდენიმე მცირე მეწარმემ შეიძინა და ქუთაისში ჩაიტანა. მეზობლობა-უბნობა-გაგება-ჩახუტების ამბავში ისინი იძულებულნი გახდნენ, აპარატებიდან მიღებული შემოსავლების წილში რამდენიმე აკრიმინალური ავტორიტეტი ჩაესვათ. მცირე ბიზნესმენები რამდენიმე თვის განმავლობაში მოგების ნახევარს ავტორიტეტთა შუამავალს უტოვებდნენ, შემდეგ ის ზრუნავდა, რომ თანხა „კანონიერი ქურდების“ მითითებისამებრ გამოეყენებინა.

სავარაუდოდ, წილში მყოფთაგან ერთ-ერთი იყო ქუთაისელი „ქურდი“ თემური, მეტსახელად „თავა“. სწორედ მასთან საუბარია წარმოდგენილი ჩანაწერის პირველ ნაწილში. „თავას“ შეწუხება და საქმის კურსში ჩაყენება შუამავალმა თუ „მაყურებელმა“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთმა მეწარმემ უარი განაცხადა წილის გადახდაზე და ქუთაისიდან სადღაც გაქრა. როგორც მერე გაირკვა, კარგა ხნით.

სწორედ გაქცეულის მამასთან „მაყურებლის“ საუბრის შემდეგ ერთვება საქმეში „თავა“ და ვინმე გია დარსაძეს ღიად ემუქრება კიდეც: „შენს ვაჟკაცს ვერ ვნახავთ სადმე? აქანე რომ მყავდეს ახლა, ხერხემალში გადატეხილს გამოგიგზავნიდი“, თემური კი პასუხობს: „რა აზრი აქვს, თემო, მე გავაკეთებ კრედიტს და გამოვაგზავნი იმ ფულს“.

მოგვიანებით ჩაწერილია მეორე საუბარიც: „მაყურებელი“ თუ შუამავალი ურეკავს „თავას“ და ანგარიშს აბარებს, რომ ის, ვისაც ადრე ეძებდნენ, „დათრეული ჰყავს“, თანაც, ამშვიდებს: „რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია ყველაფერი“, თუმცა „თავა“ მაინც ფრთხილად აკონკრეტებს: „მერე რავაა ახლა მაგის ჯანმრთელობის ამბავი, არ შეილახა ცოტა?“, რაზეც პასუხობენ: „ჯანმრთელობა ახლა... სუნთქავს ცოტა...“.

ამავე ჩანაწერში კიდევ ერთი დიალოგია, რომლითაც დასტურდება, რომ სადღაც ე.წ. „თავნების რვეული“ არსებობდა. პოლიციელთა აქტიურობის გამო ერთი მოსაუბრე მეორეს ურჩევს, რვეული გადამალოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100