სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Geo Internet Media Group-ის განცხადება

როგორც ცნობილი გახდა, ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა ფინანსთა სამინისტროში 2012 წლის 20 ნოემბერს ჩატარებული კრების ოქმი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრო "რუსთავი2"-ის დავალიანების საკითხს შეისწავლის. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოგვიანებით განმარტა, საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმადაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს დავალიანებები ჩამოეჭრა. ბატონი მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არ იხდიდა „რუსთავი2“ გადასახადებს.

Geo Internet Media Group, რომელშიც შედის გამოცემები: droni.ge; presa.ge; people.ge; itv.ge ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების სახით საქმე გვაქვს თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ისეთ ფორმასთან, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს უკვე განხორციელდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე, თუმცა, საზოგადოების მხრიდან კომპანიის მხარდაჭერის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა უკან დაეხია.

Geo Internet Media Group მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებენ ხალხის სახელით მანიპულირებას და ცდილობენ, წინასაარჩევნო დაპირებებზე უარის თქმით გამოწვეული იმედგაცრუება შურისძიების ახალი ტალღის აგორებით გადაფარონ. როგორც ჩანს, ამჯერად თავისუფალ მედიაზე შურისძიების დრო დადგა.

Geo Internet Media Group ცალსახად უცხადებს მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს და თავისი მრავალმილიონიანი აუდიტორიის საყურადღებოდ აცხადებს, რომ როგორც ადრე, არც ახლა დაიშურებს ძალისხმევას, გამოავლინოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენელთა რეალური მიზანი - აკონტროლონ საქართველოში ყველაფერი, მათ შორის თავისუფალი მედია.

Geo Internet Media Group მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა მედიასაშუალებას, ხმა აიმაღლონ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი, სახელმწიფო დონეზე აყვანილი მედიაშანტაჟის წინააღმდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100