სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ მოსწონს ივანიშვილს „მშვიდობის ხიდი“ და რის აშენებას ლობირებდა მის ნაცვლად რიყეზე?

ბიძინა ივანიშვილის დახვეწილ გემოვნებაში რომ რიყეზე მდებარე „მშვიდობის ხიდი“ არ ჯდება, უკვე ვიცით. როგორც ჩანს, „ჰარი პოტერის სასახლედ“ წოდებული საკუთარი ციხესიმაგრე მას არქიტექტურის უბადლო ნიმუში ჰგონია, შინ ტაკამაცუ - მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორი, ხოლო სასახლის გარდა ყველა სხვა ნაგებობა თბილისში - უბადრუკი არქიტექტურა.

გემოვნებაზე არ დაობენ მანამ, სანამ უგემოვნობის ეგიდით რაიმეს დანგრევას დააპირებენ. როცა საქმე დანგრევის სურვილის აშკარა დეკლარირებამდე მიდის, გემოვნებაზეც იწყებენ დავას და ალბათ, საინტერესო იქნება გავიხსენოთ ერთი, ნაკლებად ცნობილი ფაქტი, როგორ აპირებდა ბიძინას საყვარელი იაპონელი არქიტექტორი შინ ტაკამაცუ რიყეზე უზარმაზარი შუშის კონსტრუქციის აგებას და როგორ ლობირებდა თბილისის მერიაში მის აშენებას ბიძინა ივანიშვილი, ანუ ვნახოთ, რას გვთავაზობდა „მშვიდობის ხიდის“ ნაცვლად დიდი ქველმოქმედი და მილიარდერი.

ამ თემაზე საუბარს დღეს გაურბიან როგორც მერიის მაშინდელი თანამშრომლები, ასევე ზემდგომ ინსტანციებში მომუშავე საჯარო მოხელეებიც, რომელთაგან ზოგი ყოფილი საჯარო მოხელეა, ზოგი კი დღემდე მუშაობს. თუმცა, ისინი პირად საუბარში იხსენებენ, რომ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში აქტიურად განიხილებოდა შინ ტაკამაცუს პროექტი რიყეზე, რომელსაც მაშინ ყველამ უბრალოდ და მარტივად დაარქვა - „ივანიშვილის ხიდი“.

რა თქმა უნდა, სახელწოდება არამხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ მათ, ვისაც პროექტი უნდა დაესახელებინათ, შინ ტაკამაცუს გვარის წარმოთქმა უჭირდათ - უბრალოდ, ყველამ იცოდა, რომ ამ პროექტს ბიძინა ივანიშვილი ლობირებდა და აფინანსებდა კიდეც.

პროექტმა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მასალის მთავარ და თანდართულ ფოტოებზე, 2004 წლის ბოლოს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მერიაში, ასევე კომპეტენტურ პირებსა და სახელისუფლო ვერტიკალშიც: სასწორის ერთ პინაზე იდო ბიძინა ივანიშვილი და მისი ქველმოქმედება, რომელიც იმ ეტაპზე ნამდვილად ეხებოდა ხელისუფლებასაც, ხოლო მეორე მხარეს - შესაძლოა, არქიტექტურული თვალსაზრისით არცთუ ურიგო, მაგრამ შერჩეული ადგილისთვის (რიყისთვის) ძალიან შეუფერებელი რკინისა და შუშის ნაგებობა.

ხიდთან ერთად, პროექტი ითვალისწინებდა გასართობი ცენტრების, სასტუმროს, კაზინოსა და სავაჭრო დაწესებულებების მშენებლობას. პროექტის საერთო მასშტაბი 88 000 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო. პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ შინ ტაკამაცუმ არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა:

At the site of the Mutkvari River, flowing through the middle of Tbilisi, the capital of Georgia, a mighty complex facility (total area; 88,000㎡) was envisaged. The complex includes an amusement facility, casino, sports center, shopping mall, hotel, and office. Shin Takamatsu was designated as the result of the international architectural design competition. - გვაუწყებს ვებ-გვერდი, სადაც ტაკამაცუს ეს კომერციული პროექტია განთავსებული.

პროფესიონალები მიიჩნევდნენ, რომ მსგავსი ნაგებობა რიყეზე, უბრალოდ, შთანთქავდა სხვა ყველაფერს - ვიზუალური თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, მშენებლობის დაწყება გადაწყდა და რიყეზე, წინასწარ შერჩეულ ადგილას უზარმაზარი ბილბორდიც გაჩნდა, სადაც ამ ნაგებობათა მაკეტი იყო გამოსახული. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ამ კონსტრუქციის აგება ნამდვილად იგეგმებოდა, თბილისელებს მეხსიერების დაძაბვა მოუწევთ - ბილბორდი ნამდვილად არსებობდა - ამას ბევრი იხსენებს და როცა იხსენებს, იმასაც ამბობს, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა მაკეტის მიხედვით მშენებლობა არ დაიწყო და ერთ დღეში ბილბორდიც გაქრა.

როგორც ჩანს, ხელისუფლების ვერტიკალში მაშინ საღმა აზრმა გაიმარჯვა და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვა. არავინ იცის, როგორ აუხსნეს ეს ამბავი მილიარდერს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ სწორედ ეს გამხდარა სააკაშვილის გუნდის მიმართ გულში წყენის ჩადების პირველი საბაბი. ეტყობა, „მშვიდობის ხიდის“ მიმართ „ექსცენტრიული მილიარდერის“ აგრესიაც 2004 წლიდან იღებს სათავეს - „უჩემოდ ვით იმღერეთას“ პრინციპით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100