სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა სამხედროებმა 63 წლის გივი ჩხიკვაძე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრის" მიმდებარე ტერიტორიაზე 63 წლის გივი ჩხიკვაძე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსი" იუწყება, გივი ჩხიკვაძე სოფელ კირბალის მკვიდრია. იგი გუშინ საღამოს სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჩხს აგროვებდა. მისი თანასოფლელების განცხადებით, ჩხიკვაძე რუსმა სამხედროებმა დააკავეს.


დაკავებულების ნათესავების თქმით, ჩხიკვაძე ჯერ სოფელ ღრომში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალში.


ოსურ მხარეს ჩხიკვაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გივი ჩხიკვაძეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.


სოფელ კირბალის მაცხოვრებლების თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალის უკვე მეოთხე მკვიდრი დააკავეს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე კი დაკავებულ კირბალელთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს.
როგორც გივი ჩხიკვაძის ახლობლები ამბობენ, სამართალდამცავები საქმის კურსში არიან მომხდართან დაკავშირებით, ისინი სოფელში უკვე იმყოფებოდნენ და ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.


ამასთან, სამართალდამცველებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100