„ვიკილიქსის" ადმინისტრაციის სკანდალური განცხადება

ვიკილიქსის" ადმინისტრაცია სკანდალურ განცხადებას აკეთებს: ინტერნეტ-აქტივისტი და პროგრამისტი აარონ შვარცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა, საიტის ერთ-ერთი წყარო იყო.

ამის შესახებ განცხადება„ვიკილიქსის" ტვიტერზეა განთავსებული. „შვარცის გარდაცვალებასთან საიდუმლო სამსახურების შესაძლო კავშირის შესახებ გამოძიებას, ჩვენ ვთხოვთ გაარკვიოს შემდეგი ფაქტები: აარონ შვარცი „ვიკილიქსთან" თანამშრომლობდა და მხარს უჭერდა ჯულიან ასაჟს, მათ შორის, 2010 და 2011 წლებში. ჩვენ ვთვლით, რომ აარონ შვარცი „ვიკილიქსის" ინფორმატორი იყო, თუმცა, ამის მტკიცებულებები არ გვაქვს," - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა The Verge-ის ინფორმაციით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა „ჩაავლეს" შვარცს, რათა „ვიკილიქსამდე" მიეღწიათ. ახალგაზრდა პროგრამისტის სახელი, როგორც სკანდალური საიტის შესაძლო ინფორმატორისა, პირველი გახდა რესურსის ისტორიაში, რომელიც საიტმა გაასაჯაროვა. აქამდე, „ვიკილიქსი" მკაცრად ასაიდუმლოებდა თავისი ინფორმატორების ვინაობას.

როგორც ცნობილია, 26 წლის აარონ შვარცი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში, 12 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მან თავი მოიკლა, თუმცა, სიკვდილის წინ ბარათი არ დაუტოვებია. შვარცს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინსტიტუტის ბაზიდან წიგნების უკანონო გადმოწერა ედებოდა ბრალად.

რესურსი „ვიკილიქსი" 2006 წელს დაარსდა. საიტი სხვადასხვა სახის სახელმწიფო უწყებების კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებაზე იყო ორიენტირებული. უკანასკნელ წლებში, „ვიკილიქსმა" აშშ-ის სამხედრო კამპანიებზე ერაყსა და ავღანეთში საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. მანვე საჯარო გახადა აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მიმიწერები. საიტის მოქმედებამ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებათა მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასანჟი ამჟამად ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება, რათა თავი აარიდოს შვედეთში ექსტრადიციას, სადაც მას სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებას წაუყენებენ. გავრცელებული ცნობებით, ასანჟს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

კომენტარი