„საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის საქმე გახსნილია

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტზე, ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები: 1987 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი ბ. ადგილზევე დააკავეს.

2013 წლის 6 თებერვალს, 16 საათსა და 25 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი მუხიანში, ნონეშვილის N10-ში მდებარე „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრს თავს დაესხა. დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, იარაღის მუქარით, სალაროდან 5360 ლარი გასტაცეს. მათ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას არავინ დაშავებულა, დაზიანდა ბანკის წინ მდგარი ავტომანქანა.
სამართალდამცველებმა ირაკლი ბ. უშუალოდ ბანკის შენობაში, ხოლო გიორგი მ. „საქართველოს ბანკის" შენობიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. მათმა თანამზრახველმა კი მიმალვა შეძლო.
ამოღებულია დანაშაულის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და ბანკის სალაროდან გატაცებული ფული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები 2013 წლის 10 იანვარს, გლდანში, შპს "ნიკორას" მაღაზიასაც დაესხნენ თავს.
ყაჩაღობაში მონაწილე მესამე პირის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიებას 179 -ე მუხლის II ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 236 (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლის I და II ნაწილებით შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.

კომენტარი