რუნი - მესი: 1:3

ნახევარფინალში ლეო მესიმ წერტილი დასვა მათთვის, ვისაც ჯერაც ეეჭვებოდა - რონალდო თუ მესი?

ფინალში კი, ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივარი კიდევ ერთ კითხვას სვამდა: რუნი თუ მესი?

წინასწარი განწყობა მოგების საწინდარია და, ვიფიქრებდი, მომეჩვენა-მეთქი, ბევრ სხვა მეგობარსაც იგივე რომ არ ეთქვა, რაც მე თამაშის დასაწყისიდანვე დავასკვენი: მესი მოედანზე უფრო თავდაჯერებული გავიდა, ვიდრე რუნი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანდა. და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ათი წუთი მთლიანად „წითელი ეშმაკუნების“ იყო, როგორც ჩანს, „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა დროულად მოასწრეს ეთქვათ: „ფუი, ეშმაკს“ და დარაზმულიყვნენ.

პირველი ათწუთიანი შტურმის შემდეგ „ბარსამ“, როგორც სჩვევია, თავისი თამაში იპოვა, მშვიდად აიღო ხელში თამაშის სადავეები და ის უპირატესობა, რომელსაც ფლობდა, ანგარიშში დევიდ ვილიამ გამოხატა: 0:1.რა თქმა უნდა, გოლი მესის მონაწილეობის გარეშე არ გასულა - საგოლე პასი სწორედ მისი იყო.

ამ გოლის მერე „ბარსა“ სულაც არ მოდუნებულა, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მაინც მიიღო: რუნის ინდივიდუალური გარღვევის შედეგად - და არავითარი თამაშგარე მდგომარეობა მანდ არ ყოფილა. ამ გოლის შემდეგ რუნის სახეზე გახარება და შემართება ერთად ეხატა, მაგრამ ამ დროისთვის, ანუ, პირველი ტაიმის მიწურულს, მთავარი კითხვა: რუნი თუ მესი - ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი იყო.

მეორე ტაიმმა ამ კითხვას, ვფიქრობ, საბოლოო პასუხი გასცა. მესი არ არის მხოლოდ შეტევის დამაგვირგვინებელი - ის ჯერ კიდევ მოედნის შუაგულიდან ერთვება თამაშში, რასაც ბევრ ფეხბურთელზე, მათ შორის, რუნიზე ვერ ვიტყვით. ამას გარდა, ვგონებ, მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც კარს კი არ ხედავს, -გრძნობს. თუ მეორე გოლს გაიხსენებთ, რომელიც „ბარსამ“ და მესიმ გაიტანეს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით: სამჯერ გადავახვიე, მაგრამ არა - მესის თავი არ აუწევია, არც მეკარე მოუნიშნავს თვალით და არც დარტყმის სიშორე - პირდაპირ, თავაუღებლად დაარტყა: 1:2.

კაცმა რომ თქვას „უემბლიზე“ ეს ანგარიშიც კი არავის ან თითქმის არავის ჩაუთვლია საბოლოოდ: გულშემატკივრები კიდევ ელოდნენ სასწაულს, როცა „მანჩესტერი“ მეორედ დაარტყამდა და გაიტანდა. იქვებ, მესამედაც. მაგრამ „ბარსა“ „ბაიერნი“ არ არის და ამით ყველაფერი ნათქვამია.

მესამე გოლი კი, ვილიას მიერ მატჩის მიწურულს გატანილი, ყველაფრის ლოგიკური დასასრული იყო: „ბარსელონა“ დამსახურებულად გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი...

კომენტარი