პრემიერი ქართველ რაგბისტებს მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მორაგბეებს სახელმწიფოს მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება, - მთავრობის მეთაური დღეს სარაგბო ბაზა „შევარდენზე“ იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნები დაათვალიერა.

პრემიერი ბაზაზე 18 და 20 წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებები მიულოცა. ახალგაზრდული ნაკრებების წევრებმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს და მთავრობის მეთაურს, გული სიამაყით მევსება, ვინაიდან ვუყურებ ამ ძალიან მაგარი ბიჭების წარმატებას. სწორედ მათი დამსახურება არის ის, რომ რაგბი ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რაგბის უპრეცენდენტო დახმარების პროგრამა, უკვე ათამდე ბაზაა გაკეთებული და ეს მათ შორის ერთ-ერთია. ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს მორაგბეებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური დახმარება აქვთ. იმით, რომ 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ყველაფერია ნათქვამი; ის, რომ 20 წლამდელთა ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, უდიდესი გამარჯვებაა. შემთხვევითი არ არის, რომ 2017 წელს საქართველოში ტარდება ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის ჩვენი სპორტსმენების, ამ გმირი ბიჭების ძალიან დიდი აღიარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ბიჭებმა მიაღწიონ მაქსიმუმს და დარწმუნებული ვარ, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში, ჩვენ მოვიგებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კი პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა რაგბის ბურთი და მაისური, რომლითაც 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

კომენტარი