ახალი სპორტის სასახლის გახსნა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტის სასახლე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

"სულ რაღაც 13 დღეში თბილისი უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს არის ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება, რომლის მსგავსიც საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ამ ფესტივალისთვის აშენდა და დღეს გავხსენით სპორტის ახალი სასახლე, რომელშიც მოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მშენებლობა დავიწყეთ იანვარში და სულ რაღაც 6 თვეში მოხდა ამ ობიექტის დასრულება. ეს იქნება მთავრობის საჩუქარი სპორტსმენებისთვის და ეს იქნება დიდი შენაძენი ქალაქისთვის. ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად შევცვალეთ კონცეფცია, როცა ხელისუფლებაში მოვედით. ძველი კონცეფციით არ იყო განსაზღვრული არც ამ შენობის მშენებლობა და არც “ახალი თბილისის” - ახალი სპორტული უბნის აშენება. წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ არსებული, ძველი კომპლექსების გარემონტება მომხდარიყო, მათ შორის გასხვისებული, კერძო საკუთრებაში არსებული შენობების, რომლებიც მათ ახლობლებზე იყო გადაყიდული და ამაში დახარჯულიყო ფული. ჩვენ, პრაქტიკულად მთლიანად შევცვალეთ მიდგომა და სახელმწიფომ თავად ააშენა, როგორც ეს ობიექტი, ასევე დიღომში "ახალი თბილისის" კომპლექსი და სხვა ოლიმპიური შენობები. ეს შენობები, რა თქმა უნდა, დარჩება სახელმწიფოს და მას გამოიყენებენ ჩვენი სპორტსმენები. ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა პრემიერმა.

ახალი სპორტის სასახლე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, ხელბურთის ტურნირს უმასპინძლებს. ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სასახლეში სპორტის სხვადასხვა სახეობების უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირები ჩატარდება. სპორტის სასახლეში ფუნქციონირებს ორი დარბაზი, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ორგანიზება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში - ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ასე შემდეგ. ჯამში, სპორტის სასახლე სპორტის 24 სახეობის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებს გაუწევს მასპინძლობას.

კომენტარი