სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ-რუსული კონფლიქტის მორიგი მიზეზი შესაძლოა ფეხბურთი გახდეს...

ბოლო წლებია, რუსების მიერ შეგულიანებული აფხაზური ფეხბურთის მამები იმუქრებიან, მალე ეროვნულ ნაკრებს შევქმნით და საერთაშორისო მატჩებსაც ჩავატარებთო, რასაც საქართველოდან, ცხადია, ყოველთვის მძაფრი პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა...
წესი წესია - სანამ ფიფა-უეფა არ აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მანამდე მისი ყველანაირი მცდელობა ფუჭია, მაგრამ სეპარატისტები მაინც ჯიუტად გაიძახიან თავისას და, როგორც ჩანს, მხოლოდ ჰაერზე ნასროლი სიტყვების იმედად არ უნდა იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, უკვე მეორე დღეა, ახლადშექმნილმა, ე.წ. „აფხაზეთის ეროვნულმა ნაკრებმა“ მზადება დაიწყო!
აფხაზური წყაროების ცნობით, ნაკრები მზადების პირველ ეტაპს 25 იანვარს დაასრულებს, რის შემდეგაც ფეხბურთელები გაიცხრილებიან და მათგან საუკეთესოები მეორე შეკრებაზე გაემგზავრებიან. როგორც შევიტყვეთ, გუნდის მზადებას პირადად აკონტროლებს სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელი, მარიონეტი სერგეი ბაღაფში.
ზემოთ ფიფა-უეფას წესი ვახსენეთ და, ალბათ ბუნებრივად დაგებადათ კითხვა: თუ ფიფა და უეფა არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშ რისთვის ემზადებიან ისინი?
ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად შორს წასვლა სულაც არ დაგვჭირდება: მზადება დაიწყო რუსეთის ჩემპიონატისთვის! დიახ, რუსებმა უკვე ღიად შესთავაზეს აფხაზებს მათი ჩემპიონატის მეორე ლიგაში მონაწილეობა, რამაც აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომაც იყო, ნაახალწლევს ბაღაფშმა სასწრაფო წესით რომ ბრძანა ნაკრების შექმნა.
„ბოლო 18 წელია, საკუთარ წვენში ვიხარშებოდით. არადა, ჩვენს ფეხბურთელებს სტიმული სჭირდებოდათ და აი, ამ იდეამაც ძალიან გაგვაბედნიერა“, - განაცხადა სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელმა ჯუმა კვარაცხელიამ. სწორედ ის დაინიშნა „ნაკრების“ თავკაცად.
ჯერ სად ხართ, ეროვნული ნაკრების გარდა 2010 წელს 15, 17 და 21-წლამდელთა ნაკრებებსაც შევქმნით და საერთაშორისო ტურნირებშიც მივიღებთ მონაწილეობასო - იმუქრება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სპორტის კომიტეტის უფროსი, რაფაელ ამპარი და მანვე გაამჟღავნა, რომ რუსებისგან უკვე ყველანაირი დოკუმენტაცია მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მოკლედ, ახალი ქართულ-რუსული კონფლიქტის სუნი აშკარად იგრძნობა და ახლა საჭიროა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დროული რეაგირება მოახდინოს და საქმის კურსში ჩააყენოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თუ ფიფამ და უეფამ რუსები აფხაზების საკუთარ ჩემპიონატში მონაწილეობაზე გამოიჭირეს, მათი საერთაშორისო სარბიელიდან დისკვალიფიკაცია სავსებით რეალურად დადგება დღის წესრიგში. თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაზეც რაფაელ ამპარმა რუს ჟურნალისტებს გადაუკრა სიტყვა: „მართალია, ჯერ ოფიციალურად ვერ მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში, რადგან ფიფა-უეფას წევრი არ ვართ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ვერ ვიტყვი, რომ უიმედოდ ვართ…“…
მიხვდებოდით: რუსები სეპარატისტებს ფიფა-უეფასკენაც უკვალავენ გზას, რაც საეჭვო კი არა, წარმოუდგენელიც კია, რომ მოახერხონ, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე ძალიან საშიშ ფორმებს რომ იღებს, ესეც ხომ ფაქტია...

კომენტარი