კოკოშკოვი: შესაძლოა, ისე ვერ გამოვხატავ, როგორც ბიჭები, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ...

კალათბურთში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა დღეს ბელგიასთან 81:59 მოგებული მატჩის შემდეგ შთაბეჭდილებები რუსულ გამოცემა „ნიუს. სპორტექსპრეს.რუ“-ს გაუზიარა. ამასთან, კოკოშკოვმა იმაზეც ისაუბრა, როგორ ემზადება მისი გინდი რუსეთის ნაკრენთან შესახვედრად:

- იმის მიუხედავად, რომ დღეს თქვენს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწიეთ, მაინც სევდიანად გამოიყურებით...

-(იღიმება) მაოცებთ... მართალი მითხარით, ბედნიერად არ გამოვიყურები? გულწრფელად გეტყვით - ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ჩვენი პირველი თამაში ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი. იგი ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც. კარგია, რომ მოვახერხეთ, ხალხისთვის სიხარული გვეჩუქებინა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ჩვენთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. შეიძლება მე ვერ გამოვხატავდე სიხარულს ისე, როგორც ჩემი შეგირდები, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემი სული ზეიმობს და ძალიან ბედნიერი ვარ.

- რას ფიქრობთ რუსეთის წინააღმდეგ თამაშის შესახებ?

- რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო, რომ ამ მატჩში ჩვენ მოგების ძალიან მცირე შანსი გვაქვს. რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, პარალელურად, მენეჯერის ფუნქციაც უნდა შეითავსოს. მას აქვს არჩევანი და შემადგენლობის ფორმირება შეუძლია შეკრებაზე გამოძახებული კალათბურთელების სპექტრიდან - შეუძლია აირჩიოს საუკეთესოები საუკეთესოთა შორის. საქართველო კი პატარა ქვეყანაა და ამ რაოდენობის თვითნაბადი ტალანტები, უბრალოდ, ვერ ეყოლება. მე მჭირდება სწორედ რომ წვრთნა, ანუ, ის უნდა მოვახერხო, რომ იმ ბიჭებიდან თითოეულმა, ვინც ჩემს განკარგულებაშია, თავიანთი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება შეძლოს და უჩვენონ იმის 100 პროცენტი, რაც შეუძლიათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვიჩნდება გამარჯვების შანსი.

- და მაინც, შესაძლოა, თქვენ გახდეთ მთავარი ფაქტორი რუსეთთან შერკინების დროს...

- სწორედ ეს განსხვავებაა ევროპულ კალათბურთსა და „ენ-ბი-აი“-ს კალათბურთს შორის. ამერიკაში, მართლაც რომ ნებისმიერ მატჩს გააჩნია განსაზღვრული საკვანძო წერტილები. თუ მათზე სწორ ზემოქმედებას მოახდენ, დადებითი შედეგი გარანტირებულია. ევროპული კალათბურთი კი უფრო გუნდურია. მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შენი ყველა მოთამაშე ზუსტად იცავს თამაშის დაგეგმილ დეტალებს. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

კომენტარი