უეფა-ს ნაცვლად უეფს-მა თქვა: დამოუკიდებლობა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს!

მართალია, ევროპის ფუტსალის ასოციაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არცთუ თბილი ურთიერთობა აქვს ფიფა-უეფასთან, თუმცა მაინც საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს: სეპარატისტული ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა!
ევროპისა და მსოფლიოს ფუტსალის ასოციაციები მაინცდამაინც ბევრ ქვეყანას არ აერთიანებს. მაგალითად, უცნაურია, მაგრამ ამ ორგანიზაციებში არ არის საქართველო, სამაგიეროდ, არიან კატალონია, ბასკეთი, აფხაზეთი და აგერ უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთიც.
“ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს უკვე მეორე ასოციაციაა კარატეს შემდეგ, რომელმაც ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა”, – განაცხადა მარიონეტული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ ბახვა თედეევმა.
სხვათა შორის, ეს ის თედეევია, გასული საუკუნის 80-90-იანი წლების გასაყარზე თბილისის “დინამოში” რომ თამაშობდა...
თედეევის თქმითვე, 2-9 მაისს მსოფლიოს ფუტსალის ასოციაცია მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს და ამ ტურნირში მარიონეტული სამხრეთ ოსეთის ნაკრებიცაა მიწვეული.
“ჩემპიონატზე 18-კაციან დელეგაციას გავუშვებთ. მართალია, ფუტსალის ამდენი მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ მათ ჩრდილოეთ ოსეთიდან დავიმატებთ. ვფიქრობთ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავლისთვის უფრო მეტი სტიმული გვქონდეს” – განმარტა თედეევმა.

ცოტა რამ ევროპის ფუტსალის ასოციაციაზეც: ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ რუსეთის ფუტსალის ასოციაციის თავკაცი ვალერი ახუმიანი. სწორედ მისი ინიციატივა იყო მარიონეტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც.
უეფს-ის წევრები კი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარდა არიან: სომხეთი, ბასკეთი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, კატალონია, ჩეხეთი, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, უკრაინა.

კომენტარი