გიორგი მერებაშვილი: “ქეცბაია მომთხოვნია და ნაკრებში დისციპლინა დაამყარა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 24 წლის გიორგი მერებაშვილი გასულ ზამთარს თბილისის “დინამოდან” სერბულ “ვოივოდინაში” გადავიდა. ამ ტრანსფერმა საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ზოგი თვლიდა, რომ მერებაშვილი გაცილებით უკეთეს გუნდს იმსახურებდა, ზოგსაც მისი ნაბიჯი მოეწონა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავად გიორგის მოვუსმინოთ. მერებაშვილს სერბეთში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- როგორ მოეწყვე ახალ გუნდში?

- ყველაფერი კარგადაა. უკვე როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ თავს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, გუნდთან შეგუება მაინც მიჭირს. “ვოივოდინა” “დინამოსგან” განსხვავებული სტილის გუნდია და ეს ძალიან მოქმედებს, მაგრამ ნელ-ნელა ვუღებ ალღოს და იმედი მაქვს, ჩემს სიტყვას მალე აქაც ვიტყვი.

- “დინამოდან” შენს წასვლაზე იქამდეც ხშირი ლაპარაკი იყო, მაგრამ საქმე წინ ვერ მიდიოდა. რატომ გაჯანჯლდა ეს ამბავი?

- კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებდა და რაც არ უნდა დიდი სურვილი მქონოდა სადმე წასასვლელად, “დინამოს” თანხმობის გარეშე ვერაფერს მოვახერხებდი. საბოლოოდ კი, “დინამოს” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აი, ამ ეტაპზე შეიძლებოდა ჩემი გაშვება და ასეც მოხდა.

- ისიც ითქვა, რომ “დინამო” ზედმეტ თანხას ითხოვდა და ტრანსფერიც ამიტომ ფერხდებოდა. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია?

- ნამდვილად არ ვიცი, რამდენს ითხოვდა ჩემში კლუბი. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა მე თუ მკითხავთ, “დინამოს” ყველა ფეხბურთელი ძვირად უნდა ფასობდეს. იგივეს ვიტყვი საქართველოს ჩემპიონატის სხვა გამორჩეულ მოთამაშეებზეც.

- როგორც ვიცით, ბევრ ცნობილ კლუბს უნდოდა შენი შეძენა. რამ დააფრთხო ისინი?

- კი, საკმაოდ საინტერესო ვარიანტები იყო, თუმცა საბოლოოდ ასე გადაწყდა და ახლა “ვოივოდინაში” ვარ.

- რახან უკვე ჩავლილი ამბავია, იქნებ დაგვისახელო იმ კლუბების ვინაობა, რომლებში გადასვლის შანსიც გქონდა?

- უკრაინული “მეტალისტი”, გერმანული “ვერდერი”, სერბული “ცრვენა ზვეზდა”, თურქული “ტრაბზონსფორი”, ბერძნული პაოკ-ი და “პანათინაიკოსი”...

- ეთანხმები თუ არა აზრს, რომ გიორგი მერებაშვილი გაცილებით უკეთეს გუნდში უნდა გადასულიყო, ვიდრე “ვოივოდინაა”?

- ცხადია, ჩემი სურვილიცაა, რომ უკეთეს კლუბში ჩავირიცხო, მაგრამ ამ გადასახედიდან გამოჩნდა, რომ იქამდე სატრამპლინოდ საშუალო დონის კლუბში გადასვლა გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა და ზუსტად ასეთია “ვოივოდინა”.

- გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობ?

- რა თქმა უნდა, არა!
- თბილისის “დინამოში” უდავო ლიდერი იყავი, მაგრამ კონფლიქტურ სიტუაციებშიც ხშირად ხვდებოდი: თანაგუნდელებთან, მწვრთნელთან, ხელმძღვანელობასთან... იყო თუ არა ასე?

- როგორ გითხრათ... როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში არ გამოილევა კამათი, ისე იყო “დინამოშიც”. ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ “დინამო” ჩემი ოჯახია და ის კონფლიქტებიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თან ეს უკვე წარსულია...

- გქონია თუ არა შემთხვევა, რომ მტკივანი ფეხით თამაში დაუძალებიათ?

- არა, ეს მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა იყო. ვფიქრობ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, მოედანზე გავიდეს და ბოლომდე დაიხარჯოს. თუნდაც მტკივანი ფეხით...

- ბევრის აზრით, საქართველოს ნაკრებში თამაშისას უფრო მორიდებული ჩანხარ, ვიდრე კლუბში. ეთანხმები ამ მოსაზრებას?

- მორიდებული ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ნაკლებად შედეგიანი ვარ ნაკრებში და ალბათ ეს იმიტომ, რომ ჯერ უფრო ნაკლებად მენდობიან. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაკრებში ჩემს პოზიციაზე არასოდეს მითამაშია. თუმცა მე მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო, რადგან საქართველოს ნაკრები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- რა განსხვავებაა ნაკრების წინა და ახალ მწვრთნელებს შორის?

- მთავარი განსხვავება ისაა, რომ ექტორ კუპერი არგენტინელი იყო, თემურ ქეცბაია კი ქართველია. ქეცბაია უფრო მომთხოვნია და უფრო მეტი დისციპლინა დაამყარა ნაკრებში. ჩემი აზრით, ჩვენს გუნდს ყველაზე მეტად სწორედ ეს სჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქეცბაიასთან ერთად ნაკრები წარმატებებს მიაღწევს.

- ანუ რას ველოდოთ გუნდისგან?

- მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებს, თუმცა ეს ასე იოლად რომ არ მოვა, ეგეც ფაქტია. ყველამ ერთად და მონდომებით უნდა ვაკეთოთ საქმე და აუცილებლად დაგვიფასდება.

- და ერთიც: “დინამოში” თამაშისას, საქართველოს თასის ფინალის შემდეგ ფორმის შიგნით მაისურზე წარწერილი “მიყვარხარ სოფო” სახალხოდ გამოაჩინე. ვივარაუდოთ, რომ პირად ცხოვრებაში სიახლეებს მალე გეგმავ?

- ვნახოთ... ამას დრო გვიჩვენებს...




კომენტარი