საქართველოს ნაკრები - საკალათბურთო ევროელიტაში!

ვინც რა უნდა თქვას და როგორც არ უნდა იყვიროს, ყოველთვის სხვებზე როგორ უნდა ვიყოთ დამოკიდებულიო, ფაქტი სახეზეა: უკრაინა-ბელგია - 74:61 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა - საქართველო ევროელიტაშია! ბიჭებმა ეს დაიმსახურეს: მათ ყველაფერი გააკეთეს და ყველა მატჩში ბოლომდე ითამაშეს. და თუ წააგეს, წააგეს არა უგულისყურობის გამო, არამედ შეცდომებისა და იმის ხარჯზე, რომ მეტოქე ერთი თავით მაინც იდგა ჩვენზე მაღლა.

ეს დაიმსახურა ზაზა ფაჩულიამ, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში ფეხის კუნთი გაუსკდა - ტრავმამ შეახსენა თავი. ეს გამარჯვება და ელიტაში გადასვლა დაიმსახურა უკლებლივ ყველა ქართველმა კალათბურთელმა: მათ არ უთამაშიათ თავის დაზოგვით, მათ არ შემოუნახავთ ძალები - ბოლომდე იბრძოლეს და გვიჩვენეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თანაბარ დონეზე შეუძლიათ ბრძოლა.

ეს დაიმსახურა იგორ კოკოშკოვმა და დაიმსახურეს გულშემატკივრებმა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოს ნაკრებს. ახლა უნდა დავივიწყოთ დღევანდელი წარუმატებლობა და იგი მხოლოდ იგორ კოკოშკოვს და მხოლოდ იმისთვის უნდა ახსოვდეს, რომ მომავალ შეხვედრებში დღევანდელი შეხვედრის დროს დაშვებული შეცდომები არ გაამეორებინოს თავის შეგირდებს.

არც ის იყო შემთხვევითი, რომ უკრაინა-საქართველოს შეხვედრის დროს ტრიბუნებზე დაგუგუნებული: „სა-ქარ-თვე-ლო! უკ-რა-ი-ნა!“ - დღეს საქმით დამტკიცდა და არც ის, რომ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის დასრულების შემდეგ ტრიბუნებზე საქართველოს ნაკრების წევრები მოძებნა, ხელი აუწია, მიესალმა, მიულოცა და მათგანაც მიიღო მილოცვა: მისი ჟესტი კეთილშობილი ჟესტი იყო, რითაც მან გახარებულ, მოზეიმე ქართველ კალათბურთელებს გზა დაულოცა...

ჩვენც შევუერთდეთ...

კომენტარი