სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცრემლმორეული ქართველები მოედანზე და დარბაზში: მინუს ორი მაკედონიასთან

რეპორტაჟი არა. არც სტატია. ალბათ, ეს უფრო იმ ფოტოს აღწერაა, რომელიც მასალას ერთვის. მასალას თანდართული ფოტო კი, ალბათ, ისტორიულია: გარინდებული ქართველი გულშემატკივრები, დოინჯშემოყრილი კოკოშკოვი, ზამბარასავით შეკუმშული ქართველი კალათბურთელები, ამავე მდგომარეობაში მყოფი, დღევანდელი მატჩის გმირი, "მონტეპასკის" წევრი, ბო მაქლიბი, მაკედონელთა ყველაზე აგრესიული და შედეგიანი კალათბურთელი, რომელიც ფიქრობს, რა ქნას; ტაბლოზე დაფიქსირებული 63:63 და იქვე წითლად ანთებული 9, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩის ძირითადი დროის დამთავრებამდე სწორედ ამდენი წამია დარჩენილი...

მაკედონელი კალათბურთელი გაიმართება, წინ გაიჭრება და თავის მისიას კარგადაც შეასრულებს, ხოლო ბოლო წამებში ქართველთა მიერ თითქმის საკუთარი ფარის ქვემოდან მეტოქის ფარისკენ განწირულად ნასროლი ბურთი არ ვარდება.

მანამდე კი ჩვენი ნაკრების კალათბურთელების ნასროლი ბურთები არ ვარდებოდა, ზოგიც ვარდებოდა და უკანვე ხტებოდა – რას იზამ, „სიმუხთლის კანონად“ წოდებული დაუწერელი კანონები სპორტშიც მოქმედებს.

მაგრამ დღევანდელ მარცხს მთლად ბედის სიმუხთლესაც ვერ დავაბრალებთ – შეცდომას მაკედონიელებიც უშვებდნენ და მათი შეცდომების საჩვენოდ გამოყენებაზე ვინ ჩივის, ჩვენ თვითონ უამრავი ისეთი შეცდომა დავუშვით, ისევ ჩვენს ბიჭებს რომ ჰგვრიდა სიმწრის ღიმილს.

პირველი, რასაც კოკოშკოვმა უნდა მიხედოს, ალბათ ისაა, რომ გუნდს მაშინ აიძულოს მობილიზება და შეთამაშება, როცა ეს განწირული ქმედება არ არის. საქართველოს ნაკრები რომ ნებისმიერი დონის მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და ევროელიტაშია, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ უკეთ თამაშიც შეგვიძლია და მხოლოდ ბოლოს, უკვე წასაგებად განწირულები ვხდებით აგრესიულები და შეთამაშებულები, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ვითხოვთ, ვიდრე ბოლო წუთებში გამოჩენილი თავდადებაა.

თუმცა, რასაკვირველია, არავინ უკარგავს ბიჭებს ძალისხმევას და ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თითქმის არავის დასცდენია საყვედური – ეკრანიდანაც კარგად ჩანდნენ ცრემლმორეული ქართველი გულშემატკივრები და ცრემლმორეული ქართველი კალათბურთელებიც, რომლებმაც მაინც მუშტები შეაერთეს და „საქართველო!“ დასძახეს.

საქართველო გიყურებთ, გაფასებთ და გგულშემატკივრობთ, ბიჭებო, მაგრამ საქართველო თქვენგან უფრო მეტს მოითხოვს – შეგიძლიათ და იმიტომ!..

ტექნიკური მონაცემები:

საქართველო - მაკედონია 63:65 (12-13, 14-16, 18-25, 19-11)

საქართველო: ცქიტიშვილი (20 ქულა - 10 მოხსნა), სანიკიძე (15 – 7), მარკოიშვილი (8 – 3), შენგელია (7 – 4), ჰეინსი (6 – 2), ვ.ბოისა (4 – 2), გამყრელიძე (1 – 4), ცინცაძე (1 – 2), ა.ბოისა (0 – 1).

მაკედონია: მაქლიბი (27 – 1), ანტიჩი (8 – 7).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100