სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ ასათიანი: სანამ თამაში შემიძლია, ნაკრებისთვის არაფერს დავიშურებ!

გასული წელიწადნახევარი მძიმე გამოდგა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ მალხაზ ასათიანისთვის. ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ჯერ მოსკოვის “ლოკომოტივში” შეექმნა მწვრთნელთან პრობლემები, მერე კი ნაკრების თავკაც ექტორ რაულ კუპერსაც შეეჯახა.

შედეგად, ასათიანმა “ლოკომოტივიდან” დროებით კიევის “დინამოში” გადასვლა არჩია და უკრაინის ჩემპიონიც გახდა, ნაკრებში კი მხოლოდ ახლახან დააბრუნა კუპერის შემცვლელმა თემურ ქეცბაიამ.

ახლა ასათიანის საქმეები უკეთ მიდის, რუსეთის ჩემპიონატში კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და უკვე რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში...

- როგორც ჩანს, პრობლემები უკან მოიტოვე და ეს უკვე შენს თამაშსაც დაეტყო...

- კარგია, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ახლა მხოლოდ ფეხბურთზე შემიძლია ფიქრი. საკმაოდ რთული პერიოდი გადავიტანე.
- და საქართველოს ნაკრებშიც დაბრუნდი...
- საქართველოს ნაკრებში თამაშს მონატრებული ვიყავი და ძალიან მიხარია, რომ თემურ ქეცბაიამ პირველივე მატჩში მომცა ამის საშუალება. ჩემთვის ნაკრები ბევრს ნიშნავს და იმ უთანხმოებით ყველაზე მეტად სწორედ მე დავზარალდი, თუმცა ეს გასახსენებლად უკვე აღარც ღირს.

- მაინც რა მოხდა ისეთი, რის მოგვარებასაც ლამის წელიწადნახევარი დასჭირდა?

- საიდუმლო არაფერია. მგონი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. კუპერთან უბრალო თხოვნით მივედი და მეგონა, მწვრთნელი ჩემს სიტყვებს სწორად გაიგებდა. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ასეთი რამ ნებისმიერ გუნდში ხდება და ახალი არაფერი მომიგონია. გავაკეთე ის, რაც იმ მომენტში საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამას გაუგებრობა მოჰყვა და მეც ნაკრებს მიღმა დავრჩი. ახლა მნიშვნელობა არა აქვს, ვისი რა ბრალი იყო და ვინ რა შეცდომა დაუშვა. ფაქტია, რომ პრობლემა არა და არ მოგვარდა.
- თუმცა ეს შეუძლებელი თითქოს არ უნდა ყოფილიყო...
- როცა არსებობს ნება, შეუძლებელი არაფერია. კუპერმა კი იმ ამბის მერე ათასნაირი რამ თქვა. ხან ერთი რაღაც დამაბრალა, ხან მეორე... არადა, პრობლემას გამწვავება კი არა, მოგვარება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მას ასე სურდა. არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს, ყველაფერს მწვრთნელს ვაბრალებ.
პირიქით, პრობლემის მოგვარებაში საკუთარ წვლილსაც ვგულისხმობ, თუმცა როცა ხედავ, რომ ლამის ყოველდღე გაზეთიდან მწვრთნელი სხვადასხვა რამეს გეუბნება, ეს უკვე შეუძლებელი ხდება. ლანძღვას ვერავის დავუწყებ. არც “ლოკომოტივში” მიმდიოდა საქმეები კარგად მაშინდელ მწვრთნელთან, თუმცა კალთები არ ჩამომიხევია.
ავდექი და სხვა გუნდში გადავედი. როცა მწვრთნელს შენთან მუშაობა არ სურს, სხვა გზა არაა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. ამ დროს ან უნდა მოიცადო და სკამზე ჯდომით დალპე, ან უნდა წახვიდე. მე წასვლა ვარჩიე და ვთვლი, რომ არ შევმცდარვარ. აღარც მინდა უკვე ამ თემაზე საუბარი.
ყველაფერი დამთავრდა და მტყუან-მართლის გარჩევას არ ვაპირებ. როცა რაღაც ვერაა კარგად და საერთო საქმე ფუჭდება, ყველა მხარე დამნაშავეა.
- თემურ ქეცბაიას როგორ დაახასიათებ?

- თემურთან ერთად მოედანზეც მითამაშია და ის ყოველთვის გამოირჩეოდა მებრძოლი სულით. სამწუხაროდ, მწვრთნელ-ქეცბაიაზე ჯერ ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან მისი ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა უკვე ეტყობა, რომ ამ ამპლუაშიც მონდომებული და თავდაუზოგავია. მჯერა, რომ თემური ნაკრებს ბევრ სარგებელს მოუტანს და დიდი მწვრთნელი გახდება. ის, რაც ქეცბაიამ “ანორთოსისში” გააკეთა, პატარა სასწაული იყო და იმედია, მას საქართველოს ნაკრებშიც ექნება წარმატებები.
- რაც სამწუხაროდ, დღემდე სანატრელი აქვს გულშემატკივარს...
- გულშემატკივარსაც და ჩვენც, მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამდენი წარუმატებლობა ჩვენ არ მოგვბეზრდა, ძალიან ცდება. არ ვიცი ზუსტად რა, მაგრამ რაღაც არ გამოგვდის და ამის გამო ყველანაირი გეგმა გვეფუშება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურები ჩამოვყაროთ და ამას შევეგუოთ. სანამ თამაში შემიძლია, ნაკრებისთვის არაფერს დავიშურებ!
- აქვს საქართველოს ნაკრებს მომავალი?
- თვითონ განსაჯეთ: ჩვენ გვყავს ლევან ყენია, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე... კიდევ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამათი იმედი როგორ არ უნდა გვქონდეს? მთავარია, ბევრი იშრომონ და აუცილებლად გახდებიან ვარსკვლავები. საერთოდ, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტალანტების სიმრავლით. უბრალოდ, ამ ნიჭის სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ! მე ამ ბიჭებში დიდ მომავალს ვხედავ.

- ზემოთ მწვრთნელებზე ვისაუბრეთ და არ შეიძლება, არ გკითხო “ლოკომოტივის” თავკაც იური სიომინზე. მასთან უკვე დიდი ხანია მუშაობ და რა შეცვალა წლებმა მასში?

- არაფერი. როგორი მონდომებული, მკაცრი და მომთხოვნიც იყო სიომინი 10 წლის წინ, ისეთია დღესაც. შეიძლება, უცხომ შეამჩნიოს რაიმე ცვლილებები, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ დღესაც უდიდესი ენერგიის მქონე ადამიანია.

- უკვე 28 წლის ხარ. ხომ არ ფიქრობ კარიერის დასასრულზე და რაიმე გეგმები ხომ არ გაქვს ამ მხრივ?

- კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და არც რამეს ვგეგმავ. ფეხბურთში ძნელია, წინასწარ რაიმეს განსაზღვრა. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. ვერც იმას ვიტყვი, სად დავასრულებ კარიერას. შესაძლოა, ეს “ლოკომოტივი” იყოს, შესაძლოა, სხვა რომელიმე კლუბი. ჯერ ვერაფერს გეტყვით...

- ცვლილებებს არც პირად ცხოვრებაში გეგმავ?
- ყველაფერს დრო აჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100