სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე?

მწვრთნელების მიერ დაწუნებული ვარსკვლავები და მსოფლიო ომი, რომლის მთავარი იარაღი ბურთია – ეს ის არის, რასაც მილიონობით ადამიანი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ნახულობს. ეს ის არის, რასაც მთელი მსოფლიო ელოდება. ეს ის არის, რისი ცოცხლად ნახვაც ყველა ფეხბურთის მოყვარულის უდიდესი ოცნებაა... დიახ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატია!

მუნდიალი-2010 აფრიკული სიცხესავით გახურდა. მართალია, ჩემპიონატის მასპინძელი სამხრეთ აფრიკა არც ისეთი სიცხიანი ქვეყანაა, როგორც ეს შავი კონტინენტის უმეტეს ნაწილზეა, თუმცა ტემპერატურის აწევა მონაწილე გუნდებმა ითავეს და უკვე მეორე დღეა, ნელსონ მანდელას სამშობლო დიდ ფეხბურთს მასპინძლობს.

მანდელა ვახსენეთ და, ეს 92 წლის ჭარმაგი მოხუცი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში არ მონაწილეობდა. ალბათ გასაკვირია, არა? მით უმეტეს, მანდელა ერთ-ერთი მთავარი "იარაღი" იყო ორგანიზატორებისთვის, მაგრამ იმდენად ცუდი ამბავი მოხდა ზედ მუნდიალის დაწყების წინ, რომ სამხრეთ აფრიკის ამ უდიდეს პიროვნებას სტადიონზე მისვლა არანაირად არ შეეძლო. საქმე ისაა, რომ 10 ივნისს მანდელას შვილიშვილი, 13 წლის გოგონა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მთელი სამხრეთ აფრიკა შოკში ჩააგდო ამ ამბავმა. თუმცა მალევე თავად ნელსონ მანდელამ მიმართა თავის ხალხს და ზეიმის გაგრძელება ურჩია. თავად კი ბოდიში მოუხადა ყველას, ასეთ მდგომარეობაში სტადიონზე მისვლა და გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება არ შემიძლიაო.
მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად, ცერემონიამ მცირე ცვლილებით, თუმცა ერთიანობაში, დაგეგმილი სცენარით ჩაიარა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებაც ოფიციალურად გამოცხადდა!

ამგვარად, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე განსაკუთრებულად ცხელი ზაფხული გველის და ამას პირველმა მატჩმაც შეუწყო ხელი. მასპინძელი სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და 1:1 დასრულდა. აქედანვე გამოჩნდა, რომ ეს ჩემპიონატი სანახაობრივი და დაძაბული იქნება.

ალბათ ბევრისთვის მოულოდნელიც კი იყო, რომ ვარსკვლავებით გადაჭედილმა საფრანგეთმა მხოლოდ 0:0 გაახერხა კერკეტ ურუგვაისთან და ეს შედეგიც ნათლად მოწმობს ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ დაძაბულობაზე: მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელიმე გუნდთან გასეირნება არავის გამოუვა!

მიხაელ ბალაკი, რიო ფერდინანდი, ქარიმ ბენზემა, რონალდინიო, რაული, ხავიერ ძანეტი, ერნესტ კამბიასო... ფეხბურთელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ალბათ მიხვდებოდით, ვის ვგულისხმობთ: აი, ასეთი ვარკვლავები აკლია ამ მუნდიალს, ზოგი ტრავმის გამო, ზოგს მწვრთნელი არ ენდო... მოკლედ, ვისი ბედი როგორ აეწყო, თუმცა პოპულარული მოთამაშეების ნაკლებობას შავი კონტინენტის უკიდურესად ქვემოთ მდებარე ქვეყნის სტადიონები, ცხადია, მაინც არ უჩივიან.
სიმართლე ვთქვათ, მსგავსი "ლაფსუსები" ადრეც არაერთხელ მომხდარა და ეს დამატებით სალაპარაკოს თუ საკამათოს აძლევდა გულშემატკივარს. ალბათ, სწორედ ამის გამოცაა საინტერესო ფეხბურთი, ალბათ, სწორედ ამის გამოცაა ინტრიგა ჩამალული ამა თუ იმ მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის ქმედებაში, ალბათ, სწორედ ამის გამოცაა, რომ ფეხბურთი გვიყვარს...

ბრაზილია, არგენტინა, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, საფრანგეთი... რომელი ერთი უნდა დავასახელოთ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად? რომელი აწევს სანუკვარ თასს? იქნებ ამათგან არცერთი და სულ სხვა, გუნდი-სიურპრიზი გამოხტეს? ისევე, როგორც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოხტა საბერძნეთის ნაკრები და ჩემპიონი გახდა?
ბუნებრივია, ამის გამოცნობა ურთულესი საქმეა და მხოლოდ 11 ივლისის საღამოს თუ გაეცემა პასუხი. იქამდე კი დიდი გზაა გასავლელი... გრძელი, ათასი მოულოდნელობით, სიურპრიზით და ლამაზი ფეხბურთით დახუნძლული გზა, რომელსაც მომლოდინე თვალებით შესცქერის მთელი საფეხბურთო მსოფლიო!
თქვენც, ჩვენო ერთგულო მკითხველო, უყურეთ და ისიამოვნეთ დიდი ფეხბურთით!
ყოველ კვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" – ყოველ ორშაბათს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100