სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეალი“ – „ბარსელონა“ – 1:3 (ვიდეო)

„რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაზე ანგარიში მატჩის პირველსავე წუთზე სამეფო კლუბმა გახსნა: ვალდესის კურიოზული შეცდომით კარგად ისარგებლა ბენზემამ და ამ სწრაფი გოლის შემდეგ „ბარსას“ რიგებში მცირე დაბნეულობამ იჩინა თავი, თუმცა, ვალდესმა გოლის შემდეგ გაიღიმა და ბარსელონელები ერთმანეთს ამხნევებდნენ, ახმაურებული ტრიბუნების ფონზე.

კატალონიელებმა მალევე შესძლეს ჩვეულ კალაპოტში ჩადგომა. პირველი ტაიმის პირველ ნახევარში უფრო „რეალი“ უტევდა და „ბარსა“ კი თავს იცავდა, თუმცა, მესის ერთხელ მაინც მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, როცა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან, ლამის პირისპირ გავიდა, თუმცა, ბურთი ააცილა. ერთი ასეთი შანსი, ოღონდ ანგარიშის გაზრდისა „რეალის“ სასარგებლოდ - რონალდუსაც ჰქონდა. მან უფრო შორიდან დაარტყა, ვიდრე მესიმ, მაგრამ ააცილა.

პირველი ოცი წუთის შემდეგ უკვე „ბარსამ“ საკუთარი თამაში იპოვა და „ელ კლასიკო“ სწორედ ისეთი გახდა, როგორიც ფეხბურთის ქომაგებს უყვართ: სწრაფი, დინამიური და საინტერესო. შეხვედრის 22-ე წუთზე მესიმ ბრწყინვალე გარღვევა ჩაატარა, მოედნის ცენტრიდან კარისკენ დაიძრა, სამი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და როცა ყველა ფიქრობდა, რომ გზას თვითონ გააგრძელებდა, ალექსისი მოძებნა და საოცრად მოზომილი პასი მისცა, მან კი ბურთი დაამუშავა და ორ ფეხბურთელს შორის მოქცეულმა, კარისკენ გაგზავნა: 1:1.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ფეხბურთელები პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ამ ანგარიშზე დროებით გაიყარნენ.

მეორე ტაიმის 53 წუთზე, ხავის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი "რეალის" მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა: 1:2 "ბარსელონას" სასარგებლოდ.

64-ე წუთზე "ბარსას" მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული იერიში დანი ალვესის მიერ მეკარის მოედანზე ჩაწოდებით დასრულდა, იქ კი სესკ ფაბრეგასმა მცველს დაასწრო და დაახლოებით ორი მეტრით დაშორებულ კარში ბურთი თავით შეაგდო - 1:3.

ამის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე, უპირატესობას "ბარსელონა" ფლობდა და უფრო ხშირად უტევდა, ვიდრე მასპინძელი გუნდი. "რეალს" ბოლო შანსი მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო, მესამე წუთზე მიეცა, როცა გარღვევაზე გასული რონალდო საჯარიმო ოედნის წინახაზთან წააქციეს. ფეხბურთელებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა, კონფლიქტი მალევე ამოიწურა. რონალდომ საჯარიმო დარტყმა თვითონ შეასრულა, მაგრამ ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოახვედრა. შეხვედრა სწორედ ამ შეტევით, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100