სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფრიკული ჰავა და ვუვუზელა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წარუმატებლობის საიდუმლო

სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა, ვერც ქომაგთა და ვერც მწვრთნელ-ფეხბურთელთა იმედები ვერ გაამართლა. მართალია, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა მუნდიალის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მუნდიალი უფრო აღმატებულ მოვლენად მიიჩნია, ვიდრე ნელსონ მანდელას მიერ აპარტეიდული რეჟიმის დამხობა ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩემპიონატში მონაწილენი სხვაგვარად ფიქრობენ.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა აფრიკული უდაბნოს გაიშვიათებული და მშრალი ჰავა. არც ნესტში ფეხბურთის თამაშია სასიამოვნო, მაგრამ ინგლისელი სპორტული მედიცინის პროფესორი ჯეიმს დეფი მეცნიერულად ამტკიცებს, რომ ვერცერთი გუნდი მაღალ ტემპში ვერ თამაშობს, მით უფრო ორივე ტაიმს და ეს სწორედ მშრალი ჰავის ბრალია – ევროპელთა, აზიელთა თუ სამხრეთ ამერიკელთა ორგანიზმი, კერძოდ სასუნთქი აპარატი, ვერ შეეგუა ამ მშრალ ჰავას და სწორედ ეს არის მიზეზი, ის ფეხბურთელები, 90 წუთი რომ დაფრინავდნენ მინდორზე, ახლა ძლივს დალასლასებენო – ამტკიცებს დეფი. და დეფი ერთადერთი არ არის, ვინც ამას ამტკიცებს.
მართლაც, თვალში საცემია, ფეხბურთელები თითქმის შებოჭილები არიან და თითქოს უხილავი ძალა ბოჭავთ, რათა თავიანთი ოსტატობა გამოავლინონ. ჯგუფური ტურნირი მიილია და ვერცერთმა ვარსკვლავმა ვერ შეძლო ამ ოსტატობის დონეზე თამაში, აგერ ორი თვის უკან ნაკრებში თუ კლუბებში რომ თამაშობდნენ. ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ჰაერის ტემპერატურა. ახლა სამხრეთ აფრიკაში ზამთარია, საღამოს თამაშები ხშირად 5-6-გრადუსიან ტემპერატურაზე იმართება და ფეხბურთელები ხან გრძელი მაისურებით, ზოგიერთები ხელთათმანებითაც თამაშობენ, რომ არ შესცივდეთ. ცხადია, ესეც ერთი ფაქტორია, რომელიც მონაწილე გუნდებს საშუალებას არ აძლევს, მთელი თავიანთი ოსტატობა გამოავლინონ. და საერთოდ, ეს პირველი ტურნირია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როცა ზაფხულში, თითქმის ყინვაში და ხელთათმანებით უწევთ თამაში ფეხბურთელებს. ამინდმა ცოტაც თუ მოუჭირა, შესაძლოა, მომავალ მატჩებში სპორტულ ტრუსებსა და თბილ ქუდებში გამოწყობილი ფეხბურთელები ვიხილოთ, როგორც სკანდინავიის ქვეყნების ჩემპიონატებში ხდება ხოლმე.
ფეხბურთელებს ჩემპიონატის მთავარ ნაკლად სპეციალურად ამ მუნდიალისთვის დამზადებული „ადიდასის“ ბურთი მიაჩნიათ. მინდვრის მოთამაშეები ჩივიან, რომ ბურთი ტრაექტორიას იცვლის. „როცა მინდორზე აგორებ, არა უშავს, აი, ჰაერში და თავით თამაშისას სრულიად უვარგისია – კარში დაარტყამ და კაცმა არ იცის, საით გაფრინდება“, – აცხადებს ინგლისელი ვარსკვლავი, უეინ რუნი. ლიონერ მესი კი ირწმუნება, რომ ასეთი უვარგისი ბურთით ბავშვობაშიც კი არ უთამაშია. ჩემპიონატის ყველა მონაწილე ფეხბურთელი და მწვრთნელი იწუნებს ბურთს და მსოფლიო მედია აჭრელებულია მათი ნეგატიური გამონათქვამებით. ეს კი „ადიდასის“ იმიჯისთვის სერიოზული დარტყმაა. უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უკვე განაცხადა, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ბურთებს „ადიდასს“, ალბათ, არ შეუკვეთავს. „ადიდასთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადახედვაზე ალაპარაკდა ფიფა-ს თავკაცი, ზეპ ბლატერიც. სამაგიეროდ „ადიდასის“ კონკურენტები ხარობენ – „ნაიკი“, „ლოტტო“, „არენა“, „პუმა“...
სამხრეთ აფრიკაში ჩასული ევროპელი ქომაგები, სავარაუდოდ, დაქვეითებული სმენით დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში. მიზეზი აფრიკული ნაციონალური საკრავი – ვუვუზელაა, რომელიც გამაყრუებელ ხმებს გამოსცემს. სტადიონზე ჯანდაბას, მაგრამ აფრიკელები ქუჩებშიც ამ საკრავით დადიან და ყოველ მეორეს პირში აქვს გაჩრილი. ვუვუზელას მართლაც მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელი ხმა აქვს და ბევრი უცხოელი ვერ ჰგუობს.
გერმანელი ძმები, ფრანც და უდე ვესლერები ირწმუნებიან, ნევროზი ავიკიდეთ ვუვუზელას გამო, რადგან ჩვენი სასტუმრო ქალაქ იოჰანესბურგის ცენტრშია და მთელი ღამე ათასობით ქომაგი ერთხმად უკრავს ამ საკრავზე. რაც აფრიკაში ჩამოვედით, ერთი ღამე არ გვძინებიაო. სხვათა შორის, ძმებმა ნევროპათოლოგს მიაკითხეს და ახლა დამამშვიდებელი აბებით ცდილობენ ნერვების დაოკებასა და ჩემპიონატის ბოლომდე გატანას.

ვუვუზელამ, ამ პატარა მილაკმა, რომელიც უწყინარ ხმას გამოსცემს, პრობლემები მსაჯებსაც და ფეხბურთელებსაც გაუჩინა. ერთი ვუვუზელაა უწყინარი, თორემ სტადიონზე ათიათასობით ვუვუზელას ღმუილში ყურთასმენა არ არის. მისი ხმა ხშირად მსაჯის სასტვენის ხმას ფარავს კიდეც, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მსაჯის სასტვენის მერეც ფეხბურთელები განაგრძობენ თამაშს, ბურთს არ აჩერებენ და მსაჯებიც მეზურნეებივით ჩაჰბერავენ სასტვენს, ვიდრე მოთამაშე არ გაიგებს.
სიმართლე უნდა ითქვას, მსაჯები ფეხბურთელთა მდგომარეობაში შედიან და მათ „დაუმორჩილებლობისთვის“ ჯერ არავინ დაუსჯიათ. შესაძლოა, მითითება ფიფა-ს მსაჯთა კომიტეტისგანაც მიიღეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაფრის გადაბრალება აფრიკელი ქომაგებისთვის არ შეიძლება – ევროპელმა თუ სამხრეთ აფრიკის ქომაგებმაც კარგად მოირგეს აფრიკული საკრავი და ისინიც ვუვუზელათი პირში გაჩრილნი ქომაგობენ თავიანთ გუნდებს. მუნდიალის სპონსორმა „ჰიუნდაიმ“, ვუვუზელათი გულგაწვრილებულ უცხოელ ქომაგებს მთლად დაუხეთქა გულები – ქალაქ კეიპთაუნში, 35-მეტრიანი სუპერვუვუზელა ააგო და ზედ ჩემპიონატზე გატანილი ყველა გოლის ავტორის გვარი აღინიშნება. მოკლედ, ძეგლი დაუდგეს ვუვუზელას.

ტურისტების ერთი, განსაკუთრებით კომფორტს მიჩვეული ევროპული ნაწილი სამხრეთ აფრიკული სასტუმროების მომსახურებითაა უკმაყოფილო. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მომსახურება 3-ვარსკვლავიანისას არ აღემატება ზოგ შემთხვევაშიო, – აცხადებენ ევროპელები, თუმცა, ამ სასტუმროთა მფლობელები არას დაგიდევენ – იციან, მუნდიალის ერთი თვე იმდენ მოგებას მოუტანს, რამდენსაც ერთ წელიწადში იშოვიან. ისე, სამხრეთ აფრიკაში ფეშენებელური სასტუმროების მეპატრონენი ევროპულ-ამერიკული კომპანიები არიან და კარგი იქნება, თუ ევროპელი ქომაგები პრეტენზიებით მათ მიმართავენ, თუმცა ჩემპიონატის ორგანიზატორებსაც მოეკითხებათ თავისი წილი...
ეს ჩემპიონატი არცთუ ისე უხვგოლიანია, ხშირია უგოლოდ ან კინკილა გოლით დასრულებული თამაშები და ესეც აფრიკულ ჰავასა და „ადიდასის“ ბურთს ბრალდება. რა იქნება ორშაბათიდან, ვნახოთ. მაგრამ ჯერჯერობით თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „სამხრეთ აფრიკა – 2010“ აშკარად ჩამოუვარდება ყველა თვალსაზრისით თავის წინამორბედებს. საეჭვოა, სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდეს. თუ ასე მოხდა, ალბათ, ფიფა-ს მესვეურნი კარგა ხანს არ იფიქრებენ აფრიკის კონტინენტზე მუნდიალის გამართვას. მით უფრო, ამ ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში ჩატარების გადაწყვეტილებაში დიდი როლი ნელსონ მანდელამ ითამაშა, სხვა აფრიკულ ქვეყნებს კი ასეთი ავტორიტეტული პრეზიდენტი ან პერსონა არ ჰყოლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100