სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაგბი. ესპანეთი-საქართველო 25:18

ერთა თასის წლევანდელი გათამაშება ჩვენთვის მეტისმეტად უიღბლოდ დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა შეცვალა მწვრთნელი, შეცვალა გუნდის განვითარების სტრატეგია და როგორც აღმოჩნდა, ამ სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, შეცვალა შემადგენლობაც. იდეა, რომლის განხორციელებასაც ქართული რაგბის მესვეურები ცდილობენ, ძალიან კარგი და პროგრესულია.

ჩვენ გვსურს გუნდის გაახალგაზრდავება, რომ მსოფლიო თასამდე მომდევნო 4–წლიანი ციკლი ნაკლებად მტკივნეულად გადავიტანოთ და 4 წლის თავზე, ანუ 2015 წლისთვის მივიღოთ გუნდი, რომელიც ვთქვათ, არგენტინას მოუგებს. კეთილშობილური იდეაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ როგორ შეესხმება ამ იდეას ხორცი, ცოტა ბუნდოვანია.

მადრიდულ შეხვედრაში ჩვენ დავინახეთ საქართველო, როგორც ესპანეთის დონის ნაკრები, რომელსაც ნამდვილად არ ეყოფა 4–წლიანი ციკლი, რომ ევროპული რაგბის გრანდი გახდეს. არადა, მოლოდინი აბსოლუტურად სხვა იყო. ჩვენ გვაქვს ელიტასთან თამაშის პრეტენზია. შესაბამისად, მუდმივად უნდა ვახერხებდეთ ესპანეთის დონის გუნდების დამარცხებას. იმდენად იოლად, რომ ესპანეთი უბრალოდ სერიოზულ მეტოქედ არ უნდა მიგვაჩნდეს. ერთი თვის წინათ, ასეც იყო. ახლა კი ეჭვი გვიპყრობს – შევძლებთ კი გავხდეთ ელიტა?

რა თქმა უნდა, მილტონ ჰეიგი კარგად არ იცნობს საქართველოს სარაგბო მეურნეობას, მის შესაძლებლობებს, ლეგიონერებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იცის ერთი მარტივი ჭეშმარიტება – გუნდი ერთიანად არ უნდა გამოიცვალოს! ამიტომ კარგი იქნებოდა ზელანდიელს მოეთხოვა, რომ ახალბედების გვერდით გუნდში გამოცდილი მოთამაშეებიც ყოფილიყვნენ (მაგალითად მამუკა გორგოძე, რომლის გვერდით, ვთქვათ კოტე მიქაუტაძე უფრო გაიზრდებოდა, როგორც მორაგბე, ვიდრე გორგოძის გარეშე) და მადრიდში მთლიანად მეორე შემადგენლობით არ ჩავსულიყავით.

ასეთი მიდგომით ერთხელ უკვე ვიწვნიეთ სირცხვილი, 2007 წელს, როცა მადრიდს ლამის მესამე შემადგენლობით ვეწვიეთ და ესპანეთმა სამარცხვინო მარცხი გვაგემა (31:17). ამჯერად მეორე შემადგენლობით ჩავედით და მხოლოდ 7 ქულის სხვაობით დავმარცხდით. საინტერესოა, ესპანეთს რატომ ვუდგებით ასე, რომ მუდმივად სუსტი შემადგენლობა ჩაგვყავს? ამ კითხვაზე პასუხს თითქმის 10 წელია ველოდები, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე.

მოდით წარმოვიდგინოთ რა მოხდა ამ მარცხის შემდეგ. ერთა თასის მოგების საკითხი ძალიან გავირთულეთ, რეიტინგში გვარიანად დავიხევთ უკან, გაგვიბათილდა ის არგუმენტები, რომლებიც უხვად გვქონდა მსოფლიო თასის შემდეგ და რომლის თანახმადაც, მსოფლიო ელიტასთან თამაშებს მოვითხოვდით და რაც ყველაზე მთავარია, იმ ახალბედებს, ვინც მადრიდში ითამაშა, აუცილებლად წაუხდებათ გუნება–განწყობილება, რაც გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე აშკარად ცუდად იმოქმედებს. მაგალითად ლევან ჩილაჩავამ სადებიუტო მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი ლელოც გაიტანა, მაგრამ დამარცხდა – აშკარად გული გაუტყდებოდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, მწვრთნელთა შტაბმა დიდი შეცდომა დაუშვა, ცუდი ექსპერიმენტი ჩაატარა და ამიტომაც წავაგეთ. ახალბედებს არც სათანადო გამოცდილება და არც შეთამაშება არ ეყოთ ესპანეთის დასამარცხებლად.

გამოცდილ მორაგბეთაგან ზოგს ტრავმა აწუხებდა, ზოგი კი უბრალოდ ექსპერიმენტს შეეწირა. მამუკა გორგოძე, ვისაც ესპანელებისთვის ყველაზე მეტი ლელო გაუტანია, შეკრებაზე ჩამოსული იყო, მაგრამ კლუბსა და საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) შეთანხმების საფუძველზე, რატომღაც მხოლოდ უკრაინასთან უნდა ეთამაშა, შემდეგ კი მონპელიეში დაბრუნებულიყო. რაკი უკრაინასთან 4 თებერვლის შეხვედრა გადაიდო, ამიტომ გორგოძე გუნდს მადრიდში აღარ გაჰყვა და საფრანგეთში დაბრუნდა. მისმა "მონპელიემ" კი გუშინ პერპინიანი დაამარცხა – 22:11

გასაგებია, რომ მორაგბის კარიერას ვუფრთხილდებით, მაგრამ ეს არგუმენტი არ არის. საქართველოს რაგბის კავშირმა უნდა მოძებნოს გზა, რომ გუნდმა სასურველი შემადგენლობის შეკრება შესძლოს, მით უფრო, რომ 6 ერის კალენდარი ემთხვევა ერთა თასისას. გამოვთქვამთ იმედს, რომ მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სასურველ თამაშს იპოვნის და მომდევნო შეხვედრებში თავისთვის საკადრის რაგბის წარმოგვიდგენს.

მადრიდულმა მატჩმა თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ახალზელანდიელი მწვრთნელი ჯერ არ იცნობს თავის გუნდს. მაგალითად, გიორგი შკინინი მატჩში მეორე ნახევრიდან ჩაერთო და აშკარად გამოაცოცხლა «ბორჯღალოსანთა» თამაში. მისი დიდი გარჯის შედეგი იყო, რომ ირაკლი მაჩხანელმა მარცხენა ფრთიდან ეფექტური ლელო გაიტანა. თამაშში კარგად ჩაერთო ლევან ჩილაჩავაც, რომლის ლელომაც 7 ქულამდე დაიყვანა ესპანელთა უპირატესობა და თამაშის გადარჩენის იმედი ჩაგვისახა. არავინ იცის, ამ მორაგბეებს სასტარტო შემადგენლობაში რომ ეთამაშათ, როგორ წარიმართებოდა მატჩის სცენარი, მაგრამ ფაქტია, მილტონ ჰეიგს თავისი მორაგბეები უკეთ რომ სცოდნოდა შკინინსაც და ჩილაჩავასაც უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემოდათ..

«ბორჯღალოსანთა» დაცვა სამჯერ დაირღვა, ესპანელებმა კონტრშეტევებზე სამჯერ გაათამაშეს ბურთი და სამი ლელო გაგვიტანეს. სულ ეს იყო მასპინძელთა აქტიურობის შედეგი. სხვა შემთხვევებში კი ბურთს ქართველები აკონტროლებდნენ. თამაში ისე აეწყო, რომ «ბორჯღალოსნებს» გამარჯვებაც შეეძლოთ. საკმარისია ითქვას, რომ მეტოქის ჩათვლის ხაზთან მისულ ირაკლი მაჩხანელს ორჯერ, ხელიდან გაუვარდა ბურთი. ერთხელ კი იგივე ლევან ჩილაჩავას დაემართა. ამიტომ ეს სალელოვე შეტევები გავანიავეთ. ცუდად გაისარჯა მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა ქარს გაატანა – საერთო ჯამში 10 ქულა. ეს ყველაფერი შეიძლება სწორედ შეუთამაშებლობას დავაბრალოთ, რის გამოც წავაგეთ იქ, სადაც უნდა მოგვეგო. საწყენია.

მომდევნო შეხვედრას ქართველი «ბორჯღალოსნები» 25 თებერვალს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

ესპანეთისაქართველო 25:18

საქართველო:

15 რეზო გიგაური,

14 ირაკლი მაჩხანელი,

13 დავით კაჭარავა,

12მერაბ შარიქაძე,

11 სანდრო თოდუა,

10 მერაბ კვირიკაშვილი,

9 ირაკლი აბუსერიძე

1 მიხეილ ნარიაშვილი,

2 შალვა მამუკაშვილი,

3 ბექა შეყლაშვილი,

4 ლევან დათუნაშვილი,

5 კოტე მიქაუტაძე,

6 გიორგი ჩხაიძე,

7 გივი ბერიშვილი,

8 დიმიტრი ბასილაია

სათადარიგო: 22 გიორგი შკინინი, 21 ლაშა მალაღურაძე, 20 გიორგი ბეგაძე, 16 კახა ასეიშვილი, 17 ლევან ჩილაჩავა, 18 გიორგი ნემსაძე, 19 გიორგი კალმახელიძე

3 ლელო: ბასილაია, მაჩხანელი, ჩილაჩავა

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

2 სინბინი: თოდუა, ჩხაიძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რეფერი: დევიდ უილკინსონი (ირლანდია)

კახა ფაჩუაშვილი, news.ge.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100