დაკითხავს თუ არა გამოძიება ნოდარ ახალკაცს?

ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს, სხვისი კრიტიკა გვეხერხება და საოცრად გვხიბლავს, რაც შეეხება საქმის გულდასმით კეთებას, ამაში დამეთანხმებით, რომ მოვიკოჭლებთ.
ასე დაგვემართა ბევრჯერ, ზევით ჩივაძე ვახსენეთ, არავის ადვოკატობას არ ვაპირებთ, არც იმას ვამტკიცებთ მასზე უკეთესი არავინ გვყოლია-თქო, მაგრამ “შიშველი სტატისტიკა” ყველაფერზე მოწმობს.
ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მრავალ ბრუნვაში, სერიასა თუ მწკრივში ნახსენები კლაუს ტოპმიოლერი. გერმანელი კაცი, რომელიც ქართველების ინტრიგებში ვერაფრით გაერკვა. მართალია, მის “ცუდ საქმეებზეც” ბევრს საუბრობდნენ სამართლიანად თუ უსამართლოდ, მაგრამ ნაკრები რომ ამაზე უკეთ გამოიყურებოდა ყველასთვის თვალსაჩინოა.
ტოპმიოლერს ბევრს საყვედურობდნენ, გინდა თუ არა, ნაკრებში ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს იმიტომ იძახებს მერე გერმანიაში სარფიანად გაყიდოს და თვითონ ხელი კარგად მოითბოსო.
ვერაფერს ვიტყვით, გამოძიება და ბრალდება ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. შესაძლოა ასეც ყოფილიყო, მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ ახლაც, ტოპმიოლერის სკანდალური წასვლის შემდეგ ამ მხრივ ბევრი კითხვა ისმევა. როგორც ჩანს ამის თავი და თავი სხვაგანაა დამარხული, ხოლო მწვრთნელები ან ერგებიან და ითვისებენ ამ კარგად ნაცად სქემას ან - ვერა.
გერმანელს იმასაც საყვედურობდნენ ბევრ ფულს იღებ და საქართველოში ყოფნასაც არ კადრულობო. ძალიან საინტერესოა, რატომ იტყოდა უარს შეთავაზებულ დოლარის დიდ კუპიურებზე ჩვენი ნაკრების ყოფილი დამრიგებელი?
ისიც საკითხავია, კონტრაქტით გათვალისწინებულ რამდენიმე მილიონს მართლა მარტო ტოპმიოლერი იღებდა თუ?.. მოკლედ რომ ვთქვათ გერმანელი სპეციალისტის გარშემო ბევრმა ჭორ-მართალმა მოიყარა თავი, ყველა კითხვაზე ტოპმიოლერს გამართული პასუხი აქვს, უახლოეს ხანში მის არგუმენტებსაც შემოგთავაზებთ.
ბოლო თამაშებში ექტორ რაულ კუპერმა ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძეს უხმო, რომელიც სულ რაღაც 16 წლისაა. რუსეთში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელი ცუდ დღეში ჩააგდეს, იმდენი აქეს ბავშვმა ფეხი ვერ გაანძრია.
ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს თუნდაც მისი ნაკრებში გამოჩენა, რატომ ხდება რომ 16 წლის მოთამაშე პირდაპირ “მთავარ” გუნდში ხვდება? იმიტომ ხომ არა რომ, უკვე ეროვნულში ნათამაშები სარფიანად გაიყიდოს? მართალია, მსოფლიოს საფეხბურთო ისტორია იცნობს შემთხვევებს, როცა იმავე ასაკის ფეხბურთელი, ეროვნულ გუნდში ხვდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განსაკუთრებულ ტალანტთან, ფენომენთან გვაქვს საქმე.
მართალია, ანანიძე თავის ასაკთან შედარებით კარგად თამაშობს, თუმცა არც საამისოდაა საქმე თინეიჯერი პირდაპირ ეროვნულ გუნდში გააქანო, ამით კი ცრუ იმედები გაუჩინო.
მოკლედ, მონასტერი (ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრები) ფრიად არეულია, უამრავ საეჭვო გადაწყვეტილებასა თუ მოქმედებას ვერავინ ხსნის. ფეხბურთის უმაღლესი ორგანო კი ჯიუტად ინარჩუნებს სიმშვიდეს. ნათქვამია, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, არეულობაში ხომ ძალზედ მარტივია მარადიორობა.
სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ჩვენი ნაკრები სერიოზული მეტოქე აღარავისთვისაა. თუ ადრე მატჩის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები თუ მწვრთნელი ჩვენს გუნდზე რამდენიმე კარგ წინადადებას მაინც გაიმეტებდა, ახლა პროტოკოლური ქებაც კი აღარ გვესმის.
საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მატჩი 1992 წელს ითამაშა, მას შემდეგ თითქმის 17 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ბევრი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი მოვიცვალეთ... საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ მოიძებნა ოპტიმალური გამოსავალი.
ფაქტი კი ერთია, უკვე მერამდენედ, შესარჩევ ციკლში სამარცხვინო ადგილს ვიკავებთ, ამჯერად კი ანტირეკორდამდე სულ რაღაც ორი მატჩი გვრჩება.
საქართველოს ისტორიაში პირველად, დიდი შანსია ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავოს!
პ.ს: დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის კანონიერებას ჯერ კონტროლის პალატა, მოგვიანებით კი – გენერალური პროკურატურა შეისწავლის. არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა, დიდი შანსია, რომ შემოწმება-გამოძიების შემდეგ, თანხების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაფლანგვა-მითვისება ან მისი არამიზნობრივი გამოყენება გამოიკვეთოს.
თუ დადგინდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების გაძლიერებაზე უფრო თანხების მითვისებას ცდილობდა, გამორიცხული არაა, რომ ფედერაციის პრეზიდენტს, ნოდარ ახალკაცს გამოძიების კითხვებზე მოუწიოს პასუხის გაცემა.

კომენტარი