ზვიად სიჭინავა: ფეხბურთის ფედერაციაში, კადრების 99 პროცენტი უნდა შევცვალო

დრონი.ჯი: რა მდგომარეობა დაგხვდათ ფეხბურთის ფედერაციაში, ძალიან ბევრია გასაკეთებელი?
ზვიად სიჭინავა: ჯერ არ გავცნობილვარ მთლიან სიტუაციას. სიახლეები იქნება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ვიმუშავებთ. ეს უკვე სიახლეა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი, შესაცვლელია კადრებიც...
- დიდი საკადრო ცვლილებები განხორციელდება?
- რა თქმა უნდა, როცა მოდის გუნდი, მას მოჰყავს საკუთარი კადრებიც. გუნდი, რომელიც მოდის, თავისი ხედვა აქვს. მე ძალიან მიყვარს მუშაობა, ამიტომ უნდა მყავდეს ისეთი თანამშრომელი, რომელიც მზადაა რეალურად იმუშაოს.
- ფედერაციაში ვის შეცვლას გეგმავთ?
- ფეხბურთის ფედერაციაში, კადრების 99 პროცენტი უნდა შევცვალო, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ.
- კლაუს ტოპმიოლერს საკმაოდ მაღალ ჰონორარს უხდიდნენ, ასევე მის ძმასაც, რომელიც ახალგაზრდულს ხელმძღვანელობდა... როგორია თქვენი აზრი წყალში გადაყრილი მილიონების შესახებ?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმეს ბოლომდე არ გავცნობილვარ. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც პრეზიდენტი ვარ.
- მაინც რის შეცვლას გეგმავთ ფედერაციაში და რას ჰპირდებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს?
- ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, ან წელიწად ნახევარში სისტემას დავალაგებ.
- რა სახის სისტემურ ცვლილებებზე საუბრობთ. თკვენი პრეზიდენტობის ვადაში, შესაძლებელია თუ არა ქართული ფეხბურთი ძველ წარმატებებს ოდნავ მაინც რომ მიუახლოვდეს?
- ქართული ფეხბურთი არასდროს იყო ჩავარდნილი.
- ძნელია დაგეთანხმოთ, ბოლო დროინდელ ეროვნული ნაკრების თამაშებს თუ გადავხედავთ, სერიოზული ჩავარდნები იყო...
- ეს ჩავარდნა არაა. თქვენ რა გინდა დამიმტკიცოთ, რომ დღეს არგენტინა ცუდი გუნდია? ის კარგი გუნდია, მაგრამ დღეს შესაძლებელია არგენტინა ვერ მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინამ ექვსით ნოლი წააგო ბოლივიასთან...
- მგონი არგენტინამდე ბევრი აკლია ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ...
- ჩვენ, პირველ რიგში, გვაკლია გამართული ინფრასტრუქტურა. პირველ რიგში უნდა შევქმნათ პირობები მომოვალი ფეხბურთელებისთვის.
- ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ?
- შევიტანთ ლიცენზირებას ყველა სკოლაში და ბევრი ფულის გადახდის შემთხვევაში კი არ მოხვდება ფეხბურთელი გუნდში, არამედ ფეხბურთის ნიჭის მიხედვით.
ფეხბურთს საქართველოში, როგორც გასართობს ისე უყურებენ, ეგრე კი არაა. იქნება სკოლები, სადაც იქნება ძალიან კარგი მწვრთნელები და შრომისუნარიანი ადამიანები.
გვექნება გაძლიერებული ფიზ-მომზადების სკოლა. უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი ფასები, კარგი კვება, ასევე კარგი მწვრთნელი, რათა ყველა ნიჭიერმა მომავალმა ფეხბურთელამ გზა გაიკვალოს და შეძლოს სწავლა.
უნდა დალაგდეს მაქსიმალურად სისტემა. თქვენ თუ გინდათ, რომ დასავლეთში ღომით და ლობიოთი ნაჭამმა ბავშვმა ორი საათი ირბინოს და ბურთიც გაგიტანოს ესპანეთის და ინგლისის კარში. გეუბნებით, რომ ეს გამორიცხულია.
- ანუ ღომით და ლობიოთი დანაყრებული ფეხბურთელები თამაშობენ სტადიონზე?
- კი, ნამდვილად ასეა. როცა მწვრთნელებს და მსაჯებს შევხვდი ასეთი რამ ვთქვი, რომ რაც იყო ბაიაში, ორჯერ გაორმაგებულად მკაცრი უნდა იყოს დღეიდან დისციპლინა ნაკრებში. არც ერთ შემთხვევაში არ მიენიჭება უპირატესობა ბაიას ფეხბურთელს!
- ახალკაცის პრეზიდენტობის პერიოდში უეფადან საქართლოსთვის გამოყოფილი თანხები უნდა მოხმარებოდა ინფრასტრუქტურას, თუმცა ასე არ მოხდა. ასევე ბევრი მითქმა-მოთქმაა ახალკაცის მაქინაციებზეც, თუ რაიმე ფინანსური დარღვევა აღმოაჩინეთ, რა ზომებს მიმართავთ?
- კულისებში არ ვიცი რა საუბარი მიდის. ჯერჯერობით, ამ სამ დღეში სერიოზული დარღვევა არაფერი მინახავს, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ თუ რაიმე მაქინაციის მსგავსი აღმოჩნდა, აუცილებლად მივაწვდი შესაბამის ორგანოიებს და ამა თუ იმ დარღვევას ჩემს თავზე ნამდვილად არ ავიღებ. თუმცა სტრუქტურული შეცდომები ნამდვილად დამხვდა.
- ტოპმიულერის ჰონორარი ძალიან სოლიდურ თანხას შეადგენდა. საკმაოდ დიდია ამჟამინდელი მწვრთნელის, კუპერის ანაზღაურებაც, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს. მათი ჰონორარები წესიტ საჯარო უნდა იყოს...
- ჩემი აზრით, რასაც ტოპმიოლერს უხდიდნენ, იმსახურებდა.
- მაგრამ შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ?
- ეს უკვე იურიდიული მომენტია. ჯერ მართლა არ მინახავს ეს კონტრაქტი, შენ უნდა უთხრა მწვრთნელს, რომ გადაგიხდი ბევრს და დათქმულ ვადაში თუ ფეხბურთს ვერ გამართავ, მაშინ წახვალ. აქ მნიშვნელოვანია მიდგომა და სისტემაა აბსოლუტურად გასამართი. მე მიყვარს იურისტებთან და ეკონომისტებთან მუშაობა. არის ხალხი, რომელსაც უყვარს მუშაობა ქუჩის ბიჭებთან.
- ძველ ხელმძღვანელობას ხომ არ გულისხმობთ?
- მთლად ეგრეც არაა. მე მრცხვენია, როცა საქართველო თამაშობს და გულშემატკივრებს იტალიის და ინტერის მაისურები აცვიათ. ეს ყველაფერი ინდუსტრიის ბრალია. ჩვენ თუ ჩვენს ბიჭებს არ ჩავაცვით დათო ყიფიანის, მურთაზ ხურცილავას, ჩივაძის და სხვა ვარსკვლავების მაისურები არაფერი გამოვა. წარსულის ისტორია უნდა შევინარჩუნოთ. თუ მესხი და პაიჭაძე დაგვავიწყდა, რაღაზეა საუბარი? სტადიონის შემოსავალი და მოგება არაა მხოლოდ ბილეთი, ეს არის მაისურები, ქუდები, ჩვენი დიდი ფეხბურთელების წარწერებით, სხვა შემთხვევაში მართლა გაჭირდება ფეხბურთის ინდუსტრიის ბოლომდე გამართვა.
- კონკრეტულად, რას გეგმავთ მომავალში?
- ვგეგმავ ყველა იმ ხალხის მოზიდვას, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ბიზნესმენებიდან პატარა ორგანიზაციებით დამთავრებული ყველამ უნდა დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ფეხბურთის პოპულარიზაციაზე. ალექსანდრე ჩივაძე ძალიან აქტიურად უნდა ჩაებას ფეხბურთის აყვავებაში. ჩვენ თუ წარსული არ გვახსოვს, მაშინ არ გვექნება მომავალი.
- კულუარულად საუბრობენ კუპერის გაშვებაზეც, მართლა იგეგმება მისი გათავისუფლება?
- კუპერი არის მოქმედი მწვრთნელი, რომელთანაც დადებულია კონტრაქტი. ასე რომ ჩვენ შეცდომას არ დავუშვებთ და კონტრაქტს არ შევწყვეტთ არც ერთ შემთხვევაში. კუპერი ბოლომდე ჩაათავებს თავის კონტრაქტს.
- როგორც ვიცით, ქეცბაიაც უნდა ჩაერთოს მწვრთნელის სტატუსით ნაკრებში...
- ქეცბაიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მას უკვე შევხვდი და ჯერჯერობით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. ვამაყობ, რომ ქეცბაიას მეშვეობით მსოფლიომ გაიგო, რომ არსებობს ქართული ფეხბურთი. მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის ქეცბაიას საქმე, გულშემატკივრებსაც უნდა დავეკითხოთ. მე მასთან კონკრეტულად იმიტომ ვერ ვსაუბრობ, რომ ჯერ კუპერია მოქმედი მწვრთნელი.

კომენტარი