ქართველი ჩვიდმეტწლამდელები - ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში (ვიდეო)

საქართველოს ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 4 ნოემბერს შოტლანდიელი თანატოლების დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საფზური მოიპოვა: ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

გიორგი დევდარიანის გუნდმა ორივე ტაიმი საკმაოდ მოტივირებულმა ჩაატარა და უკვე მე-17 წუთზე ანგარიშიც გახსნა: გოლი ლუკა ზარანდიას ანგარიშზეა: მან მეტოქის საჯარიმო მოედანში მაღალი ბურთის მიღება და მეტოქის კარში თავით ლამაზად გადაგზავნა ყველას დაასწრო.

მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე თავი თენგო გოროზიამ გამოიჩინა, რომელმაც შორი მანძილიდან სტანდარტული ჯარიმის დარტყმის შემდეგ ანგარიში ორამდე გაზარდა.

ქართველმა ჩვიდმეტწლამდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყურადღება არც მატჩის მიწურულს მოუდუნებიათ: არბიტრის მიერ დამატებულ დროში თანაგუნდელის გარღვევას და მარცხენა კუთხიდან დარტყმული ბურთის მოგერიებას მეკარის მიერ ისევ ზარანდიამ უპასუხა და დუბლიც გაიფორმა - 3:0.

აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარის ოთო გოშაძის თამაში, რომელმაც კარი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან, ხოლო მთელი მეორე ტაიმი სახეზე მიღებული ტრავმით ჩაატარა.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა - უკრაინა-ლუქსემბურგი უკრაინელების გამარჯვებით: 6:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდები ევროპელ თანატოლებთან ერთად ელიტრაუნდში ითამაშებენ.

ბმული ვიდეოზე

"მსოფლიო სპორტის" ფოტო - საქართველოს ნაკრების მეკარე ოთო გოშაძე

კომენტარი