სულისთვის სახელურის მიჭედებაზე მეოცნებე ოთარ ჭილაძეს 79 წელი შეუსრულდებოდა

"ვიდრე მწერალს აზრს ეკითხებიან, ჯერ ყველაფერი არ დაღუპულაო"- ამბობდა ცნობილი კლასიკოსი ერთ საგაზეთო ინტერვიუში. აზრს კი საკმაოდ ხშირად ეკითხებოდნენ ბატონ ოთარს. ბოლო დროს ინტერვიუებზე უარს ამბობდა, თუმცა, ალბათ, ყველა ჟურნალისტს,ვინც მასთან სტუმრად ყოფილა, ან უბრალოდ დაურეკავს მასთან, ერთხელ მაინც ექნება მოსმენილი ოთარ ჭილაძის ერთი ყველაფრისმთქმელი ფრაზა – "სიტყვა ერთადერთი და საკმაოდ ბნელი გვირაბია, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვუკავშირდებით."

სუბიექტურ აზრად თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ ჩემთვის ოთარ ჭილაძე იმ რომანიდან იწყება, რომელსაც ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ჰქვია. ამ რომანზე ამბობენ, რომ ყველა ფრაზაში შიშია, შიშია მთავარი პერსონაჟიც.

ვანის ქუჩები ყველაზე მეტად ჰგავს დღევანდელ ქართულ ქუჩებს , თვითონ ბატონი ოთარიც თავის ბოლო ინტერვიუში ასეთ ფრაზას ამბობს:

"შიში გამართლდა. თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა. მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადამიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოცხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გაუნელდება, არც უკეთესის მოლოდინი. მომავლის შიშს თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მოლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით მიმდინარე ცხოვრება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამიანს უმძაფრდება. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც...“.-(„კვირის პალიტრა“).

ოთარ ჭილაძესთან უამრავი გზაა (გასავლელი მხოლოდ ერთია): შიშიანი გზები, იმედიანიც, გზაზე მარტონი მიდიან, გზად იღლებიან, გზაში ტვირთს იხსნიან, ან შუა გზიდან ბრუნდებიან, გზაში ყოველთვის არჩევანს აკეთებენ, გზა ხან გაიხსნება, ხან შეიკვრება, მომსვლელები მოდიან, წამსვლელები მიდიან,ერთხელ თვითონაც თქვა:

“მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”

გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, აფორიაქებული რომ არ ყოფილიყო. სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ყველა ქართველის ცხოვრებით ცხოვრობდა და ამიტომაც იცნობდა ჩვენს ფსიქოლოგიას ასე კარგად და ზუსტად, მწერლებიც და ჟურნალისტებიც ისე კორექტულად ,მაგრამ ელდისდამცემად გააკრიტიკა,ძნელად თუ შეძლებდა ვინმე როდესმე, თუნდაც ასი წელი ეცოცხლა :

,, ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია), შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ვერ გაგვირკვევია, ვერც მწერლებს და ვერც ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფარობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში.

ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი... და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია...
სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ერთხელ კიდევ დაისაჯა...“

ალბათ, ძალიან ძნელია, ერთდროულად იყო კარგი მწერალიც და კარგი პოეტიც. ვინც ოთარ ჭილაძის პოეზიას იცნობს (და ბევრი იცნობს), დამეთანხმება, რომ მან ეს შესძლო. რეალიზმის გარდა, მის პოეზიაში უდიდესი რომანტიკაც ჩანს:

,,მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე, ალბათ, დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.“

ერთხელ, ერთ–ერთ შეხვედრაზე, სადაც ხელოვანები იყვნენ შეკრებილი, პოლიტიკური ამბები განიხილებოდა, არადა თემა, წესით, პოლიტიკა არ უნდა ყოფილიყო. აქ კი აქტიურად განიხილებოდა მოკავშირეობისა და პოლიტიკური მეზობლების თემა.

მაშინ ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ყველასათვის გასაკვირად არა კაფია, არამედ ჭილაძის ლექსიდან პატარა ნაკვესი თქვა:

„და სხვას არასდროს არ შეაწუხებს, ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია!“.

რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ეხებოდა პოლიტიკას, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მოვლენებთან დაკავშირებითაც ბატონ ოთარს ბევრჯერ უთქვამს საინტერესო და შესაშურად პატრიოტული(თუკი არსებობს შესაშური პატრიოტიზმი) ფრაზები.

აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ ქართულ სიმბოლიკებს აქილიკებდნენ. ამბობდა, რომ ძალიან მოსწონს დროშა, ჰიმნი და გერბი, მაგრამ არ მოსწონს გერბის ერთი დეტალი, რადგან „ლომების გამოსახვაში ქართული დეტალი არ ჩანს, ლომების გამოსახვა ყველას შეუძლია, ქრისტეს კვართის კი არავის, ქართველების გარდა“:

,,ფეოდალური წარსულის ამსახველი“ სიმბოლიკა, რაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ჩამორჩენილობად მიაჩნია, პატივისცემის გრძნობას თუ არა, ინტერესს აუცილებლად გაუჩენდა სხვა ხალხებს ჩვენ მიმართ. ჰერალდიკის ენა მეტად შთამბეჭდავია და მდიდარი, თუკი გესმის და იცი მისი დანიშნულება.“

მისი ყოველი ფრაზის წაკითხვის შემდეგ გაოცებული რჩები და ფიქრობ, როგორ შეეძლო ასე კარგად შეესწავლა კაცის ბუნება, მისი პიროვნების შეცნობა კი შეუძლებელზე შეუძლებელი იყო, მისი შემოქმედებისაც – ალბათ, გენიაც ამ შეუცნობელობაშია. თვითონაც ხომ წერდა :

,,ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით“.

ლექსი, რომელიც გალაკტიონს მიუძღვნა, ერთ-ერთი შთამბეჭდავია იმ ლექსებს შორის რაც კი როდესმე წაგვიკითხავს გალაკტიონისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლში:

"ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,

მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.

მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.

მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით".

ერთხელ, აბეზარ მკითხველებსა და არასერიოზულ შემოქმედებზე განაწყენებულმა, მისთვის ჩვეული, მწარე სიმართლით სავსე ფრაზა თქვა: “როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო, არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა.”

თუმცა, მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ „პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვიცოცხლებთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვრჩება და, რაც მთავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და სურვილი გვექნება…”

ძალიან რთულია ვისაუბროთ, როგორ იცხოვრა და იცოცხლა 1933 წლის 20 მარტიდან 2009 წლის პირველ ოქტომბრამდე ოთარ ჭილაძემ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 76 წელი ძალიან მოკლე დრო იყო. რაც შეეხება მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსულ კრებულს ,,მიწიდან ცამდე“ - მისგან დადებული კიდევ ერთი, აი, ამ პირობის შესრულება იყო:

"მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი,

როგორც ვცხოვრობდი - კარგად თუ ცუდად..."

ოთარ ჭილაძეს დღეს აქტუალურ მღავალ თემაზეც აქვს თავისი მოსაზრება გამოთქმული. ვფიქრობ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე მის მიერ გამოთქმული აზრია:

„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი.

მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც.

მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს.

რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია.

მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…“

კომენტარი