სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეყვარებული ქალის შურისძიება

ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია,რაიხსმარშალ ჰერმან გერინგის სიყვარულზე. ეს არის ისტორია თუ როგორ იძია შური შეყვარებულმა ქალმა კაცზე, რომელიც მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა.

როდესაც გერინგმა პირველად იხილა ლიბერტასი, კინაღამ თავბრუ დაეხვა. გოგონა მართლაც ძალიან ლამაზი იყო: მაღალი, ტანადი ქერა კულულებითა და საოცრად ცოცხალი თვალებით. გერინგი ერთხანს გაშეშდა, შემდეგ გოგონასთან ახლოს მივიდა და უთხრა:

– როგორ გაზრდილხარ, ლიბერტას, გაზრდილხარ და დამშვენებულხარ.

– გმადლობთ, ჰერ ჰერმან, – ლიბერტასი წამოწითლდა.

– სულ პატარა მახსოვხარ, ლიბერტას, – გერინგმა გაიღიმა, – მაშინ რომ მიგბეგვე, გახსოვს? მაშინ 5 ხუთი წლისა იყავი. მე და მამაშენი სადღაც უნდა წავსულიყავით. შენ არ გინდოდა, რომ მამა წასულიყო და ყვირილი და ჩხუბი დაიწყე. მე ხელში აგიყვანე, – გერინგმა გაიცინა, – შენ კი სახეში გამარტყი, თანაც ისე მაგრად, რომ ახლაც მტკივა, – გერინგმა ლოყაზე მოისვა ხელი.

ლიბერტასი წამოხტა, გერინგთან მიირბინა და ლოყაზე აკოცა.

– კიდევ გტივა?

ჩემი ტოლები დებილები არიან!

ამის შემდეგ გერინგი ხშირად მიდიოდა მათთან. როდესაც ლიბერტასს ვერ ხვდებოდა, სახე შეეცვლებოდა, ცოტა ხანს დაჯდებოდა, შემდეგ ბოდიშს მოიხდიდა და მიდიოდა. ლიბერტასის დანახვისთანავე სახე გამოუცოცხლდებოდა, თვალები უცინოდა, რაღაც საბაბით გოგონას გვერდით მიუჯდებოდა და საუბარს გაუბამდა.

ლიბერტასი არ გაურბოდა მას. გოგონას იზიდავდა გერინგი, მისი ძლიერი ფიგურა, იზიდავდა ამ კაცის ლაპარაკის მანერა, ის, თუ როგორ ყვებოდა ჰერმანი პირველი მსოფლიო ომის შესახებ.

– თქვენ ხომ ომის გმირი ბრძანდებით, ჰერ ჰერმან, მფრინავი.

– აკი გთხოვე, ჰერმანი დამიძახე–მეთქი. შენობით ვილაპარაკოთ.

– არ ვიცი, – ლიბერტასმა გაიცინა, – თქვენ ჩემზე უფროსი ხართ, მამად მეკუთვნით.

– განა ჩვენ შორის არ შეიძლება იყოს მეგობრობა?

– მეგობრობა? – გოგონას თვალები უცინოდა, – თქვენ გჯერათ ასეთი მეგობრობის?

– რატომ არ უნდა მჯეროდეს?

– კურტ მალერი წერს, რომ ქალსა და კაცს შორის მეგობრობა შეუძლებელიაო.

– სისულელეა. მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ, – გერინგს თვალები ონავრულად გაუბრწყინდა, – თანახმა ხარ?

– კარგი! – ტაში შემოჰკრა ლიბერტასმა.

– გრანდიოზული ექსპერიმენტი დაიწყო. ხვალ საციგურაოდ მივდივარ, წამოხვალ, ლიბერტას?

– სიამოვნებით, ჰერმან.

პაემანზე ლიბერტასმა მთელი ნახევარი საათი დააგვიანა. როდესაც მივიდა, გერინგი უკვე ერთიანად გათოშილი იყო.

– კიდევ ცოტაც და ყინულად გადავიქცეოდი.

– ქალი მუდამ იგვიანებს პაემანზე, – ლიბერტასმა ხელი გაუყარა, – წავედით!

საციგურაო მოედანზე ლიბერტასს სიურპრიზი ელოდა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ჩასუქებული გერინგი ვირტუოზულად სრიალებდა. ლიბერტასი უნებლიეთ გაშეშდა. გერინგმა უნაკლოდ შეასრულა სკოლის ყველა ელემენტი, შემდეგ რამდენიმე უფრო რთული ილეთიც მიაყოლა.

– ოლაა! – აღმოხდა ლიბერტასს.

მათ გარშემო ხალხი შეჯგუფდა. ჭარმაგი მამაკაცის ასეთი მოქნილობა მართლაც გამაოგნებელი იყო. გაისმა შეძახილები, ტაშისცემა.

– წავიდეთ, ლიბერტას, – მიმართა გერინგმა ქალიშვილს, – თორემ მგონია, უფასო ცირკი გავმართე.

ორივენი სწრაფად გავიდნენ მოედნიდან.

– მოდი, ბუფეტში ჩავიდეთ და დავნაყრდეთ, – შესთავაზა გერინგმა.

– ბუფეტში საოცარი მოწყენილობაა, – ლიბერტასმა ჭირვეულად დაბერა ტუჩები.

– ეს დასაწყისია, იქიდან რესტორანში წავალთ.

შუაღამისას ლიბერტასი გერინგმა სახლში მიაცილა.

– ხვალ შევხვდებით?

– ხვალ არა, ჰერმან.

– რატომ?

ლიბერტასმა სულ ახლოს მიუტანა სახე. გოგონას თვალები ანთებოდა, გერინგი ცხადლივ გრძნობდა მისი ტანის სუნს, ტუჩების სიმხურვალეს. კაცი უძრავად იდგა.

– ხვალ დაკავებული ვარ.

– ზეგ?

– არც ზეგ შემიძლია. აი, კვირას შევხვდეთ.

კვირას ორივე მოუთმენლად ელოდა. ერთმანეთს ბრანდენბურგის ჭიშკართან შეხვდნენ.

– სად წავიდეთ?

– ორიგინალური ხარ, ჰერმან.

– რატომ?

– ჩვეულებრივ მამაკაცი იჩენს ხოლმე ინიციატივას. ქალი ჯერ კეკლუცობს, შემდეგ ემორჩილება.

– კეთილი, რაკი ასე გინდა, არსებობს ორი ვარიანტი. შეგვიძლია წავიდეთ ცირკში ან სტადიონზე. დღეს ხომ ფეხბურთია.

– სტადიონზე, სტადიონზე წავიდეთ! – ტაში შემოჰკრა ლიბერტასმა, – ფეხბურთზე ვაფრენ!

ლიბერტასი მართლაც ჩინებულად ერკვეოდა თამაშში.

– შენ, რა, აქ პირველად არა ხარ?

– არა, მამას ხშირად დავყავდი სტადიონზე.

– ვისი გულშემატკივარი ხარ?

– “ბაიერნის”.

– გემოვნება გქონია.

– ისე თავადაც ვთამაშობ ხოლმე ფეხბურთს.

– მაგარი გოგო ყოფილხარ.

– შენც მაგარი ხარ, ჰერმან.

– რა გაგებით მეუბნები?

– შენთან ბედნიერად ვგრძნობ თავს, ბევრად ბედნიერად, ვიდრე თანატოლებთან. ისინი რაღაცნაირი დებილები არიან. ყველას ერთი რამ აქვს თავში.

– მაინც რა?

– რა უცნაური ხარ! არ იცი, რა უნდა კაცს ქალისაგან?

– შენი აზრით, მე ასეთი არა ვარ?

– შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ. იცი, რა არის კარგი ცხოვრება, შენში არის ძალა, ის, რასაც სხვაში ვერ ვხედავ.

– იქნებ ზედმეტად მაიდეალებ?

– შეიძლება, მერე რაა ამაში ცუდი?

– იდეალების მსხვრევა მტკივნეულია, ლიბერტას.

ცოლად ვერ შეგირთავ!

შეხვედრებმა რეგულარული სახე მიიღო. ერთად დადიოდნენ პიკნიკებზე, ჩოგბურთზე, თამაშობდნენ ფეხბურთს. გერინგი აღტაცებული შესცქეროდა, როგორ კენწლავდა ბურთს ლიბერტასი. სამაგიეროდ, გოგონაც გაოგნებული იყო გერინგის ჩოგბურთის თამაშის მანერით. ისინი დიდხანს და ბევრს ლაპარაკობდნენ. საუბარი შეეხებოდა ყველაფერს, პოლიტიკას, სპორტს, ფილოსოფიას.

– მამა ამბობს, რომ შენ ნაცისტი ხარ, მართალია?

– მცირეოდენი უზუსტობაა. მე ნაცისტური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ვარ.

– რატომ ერთ–ერთი?

– იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი.

– ჰიტლერი? – ლიბერტასმა აგდებულად აიქნია ხელი, – ის, რა, შენზე ჭკვიანია?

– ჰიტლერს ბელადად აღიარებენ და არა მარტო პარტიის წევრები. ამ კაცს აქვს ქარიზმა. მე, სამწუხაროდ, არა მაქვს.

– რატომ შეხვედი ამ პარტიაში?

– ნაცისტები არ მოგწონს?

– არა!

– რატომ?

– ისინი პრიმიტიული დემაგოგები არიან!

– ლიბერტას, ლიბერტას, – თავი გააქნია გერინგმა, – შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ.

ანაზდად გოგონას ონავრულად გაუბრწყინდა თვალები. წამიც და მკერდზე ურქინა გერინგს. ორივენი სიცილ–კისკისით გაგორდნენ ბალახზე. გერონგმა მკვეთრი მოძრაობით გაითავისუფლა თავი. წამიც და ლიბერტასი მაგრად ეჭირა ხელში. გოგონა იცინოდა, სახე ალეწოდა გულწრფელი, სუფთა გრძნობისაგან. თვალები კი თითქოს ჭამდნენ გერინგს. კაცმა იგრძნო, რომ მთელ სხეულში დენივით დაუარა რაღაცამ. ქალიშვილის ნორჩი, ფაფუკი კანი, რომელსაც მამაკაცის ხელი ჯერ არ შეხებოდა, ცხელი, ვნებიანი ტუჩები. გერინგმა ნაზად მიიზიდა თავისკენ და ხარბად დაეწაფა მის ტუჩებს.

შემდეგ იყო მოგზაურობა პარიზში, როდესაც ერთად დასეირნობდნენ მონმარტრზე, ათვალიერებდნენ ვერსალს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი ღამეები იყო.

– პარიზი სიყვარულის ქალაქია, – ჩურჩულით წარმოთქვა ლიბერტასმა, – იცი, რა თქვა გოეთემ?

– არა.

– ყველა შეყვარებულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავისი პარიზი ჰქონდაო.

– კარგი ნათქვამია

– ჰერმან, – ლიბერტასმა მხრებზე შემოხვია ხელი და თვალებში ჩახედა, – იქნებ, დადგა დრო… – გოგონას ხმა აუკანკალდა, – იქნებ, ჯვარი დაგვეწერა.

– არა, ლიბერტას, ცოლად ვერ მოგოიყვან.

– აკი, სიყვარულს მეფიცებოდი.

– მე ნაცისტი პარტფუნქციონერი ვარ, შენ არისტოკრატის ქალიშვილი. მე ჩემი გზა მაქვს, შენ – შენი.

– ჰერმან, – გოგონას თვალები ცრემლებით აევსო.

– მე არასოდეს შეგპირებივარ, ცოლად მოგიყვან–მეთქი.

რაიხსმარშალის საყვარელი

ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაცილდნენ.

– იმედია, მეგობრებად დავრჩებით, არა? – ჩურჩულით შეეკითხა გერინგი.

ლიბერტასმა პასუხი არ გასცა. მას ლაპარაკი უჭირდა.

გავიდა წლები. ნაცისტური პარტია მმართველი ძალა გახდა. ჰერმან გერინგი კი რაიხსმარშალი გახდა. ახლა მას მთელი გერმანია იცნობდა.

ნაცისტებმა აკრძალეს ყველა პარტია, გააჩაღეს ამაზრზენი ანტისემიტური კამპანია. დაიწყო გამალებული შეიარაღება. გერმანია გულმოდგინედ ემზადებოდა ომის გასაჩაღებლად.

– ვერსალი ძვირად დაუჯდება ევროპას. გერმანელი ერი ცხვირში ამოადენს ყველას იმ დამცირებას, რაც 1918 წელს იგემა, – ღრიალებდა მიტინგებზე გერინგი.

ერთხელ რაიხსმარშლის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.

– შენ ხარ, ჰერმან?

– ლიბერტას, საიდან, როგორ…

– მინდა, მოგილოცო, შენ უკვე დიდი კაცი გახდი.

– სადა ხარ ახლა?

– სახლში.

– მოდი, შევხვდეთ, ისევ ჩვენს ადგილას, ბრანდენბურგის ჭიშკართან.

პაემანზე გერინგი მანქანით მივიდა. ლიბერტასი ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადდა.

– მეგონა, დაიგვიანებდი, – გერინგმა კარი გამოაღო და ქალი მანქანაში ჩასვა.

– არ დავიგვიანებდი, ჰერმან.

მანქანა დაიძრა, გერინგმა მინა ჩამოსწია. ახლა მათ და მძღოლს ერთმანეთისაგან ეს მინა ჰყოფდა.

– ოდესღაც ამბობდი, ქალი პაემანზე მუდამ იგვიანებსო.

– ეს ქალიშვილებს ეხება, ჰერმან, მე უკვე ქალი ვარ.

– გათხოვდი?

– ჯერ არა, ჰერ გერინგს, რა, დაავიწყდა, რომ ქალად მაქცია? – ლიბერტასი იღიმებოდა, თვალები კვლავაც ონავრულად უციმციმებდა.

– სულ არ გამოცვლილხარ, ლიბერტას.

– შენ კი გასუქდი, ჰერმან, ზედმეტად გასუქდი. გეტყობა, კარგად ცხოვრობ.

– არა მიშავს. იცი, ახლა სად მივდივართ? კრაიმჰალეში. ეს ჩემი ციხე–დარბაზია!

– შენ, რა, უკვე ფეოდალი გახდი?

– ახლა ჩვენი დროა, ჩემო კარგო!

კრაიმჰალე მართლაც დიდებული იყო. ციხე–დარბაზის დანახვისთანავე ლიბერტასმა უნებლიეთ დაუსტვინა:

– აი, როგორ ცხოვრობენ ხალხის რჩეულები.

– ვის გულისხმობ?

– ადოლფ ჰიტლერი ხაზგასმით ამბობს, რომ ხალხის რჩეულები ვართო.

– ჩვენ ძალით მოვედით ხელისუფლებაში, ლიბერტას, ამიტომაც მხოლოდ ძალით შეუძლიათ დაგვამხონ. დალევ რამეს?

– სიამოვნებით.

გერინგმა ტაში შემოჰკრა, შემოიტანეს შამპანური, თეფშებზე ირმის მწვადები ეწყო.

– მიირთვი, ლიბერტას.

– ასე ალბათ კაიზერიც არა ნებივრობდა, – ლიბერტასმა თავი გადააქნია.

– არ მოგწონს ასეთი ცხოვრება?

– არ მომწონს, როდესაც მატყუებენ.

– მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ, ლიბერტას.

– მე – არა, მაგრამ ხალხი მოატყუე! მუშები, რომლებიც თქვენ მოგემხრნენ.

– ჩვენ მოვსპეთ უმუშევრობა, ამოვიყვანეთ მუშები სარდაფებიდან, ეს, რა, ცოტაა?

– მუშების დახმარებით მეფური ცხოვრება მოიწყვეთ. მილიარდებს შოულობთ, რამდენიმე კაცი მთელი გერმანიის ბედიღბალს განაგებს.

– რატომ რამდენიმე? ყველაფერს ადოლფ ჰიტლერი წყვეტს.

– მერე, ეს სწორია?

– შენ ისევ ბავშვივით მსჯელობ.

– ოდესღაც მითხარი ასე, მაგრამ არ დააკონკრეტე. იქნებ, ახლა გამიშიფრო?

– სიამოვნებით! იცი, რა არის ცხოვრება?

– ვერ გავიგე?

– ადამიანს რამდენიმე სასიცოცხლო მოთხოვნილება გააჩნია, ასე ვთქვათ, ინსტინქტი. მას სურს მბრძანებლობა, სურს, ჰყავდეს კარგი ქალი, ჰქონდეს მდიდრული მანქანები, დაისვენოს მოდურ კურორტებზე. კრუპების და როკფელერების შვილებს ეს მამიკოებისგან აქვთ გარანტირებული. რა ვქნა მე, უბრალო მოკვდავმა ჰერმან გერინგმა? მე, ჩემო კარგო, ფრონტზე სიკვდილს თვალებში ვუყურებდი! რით ვარ როკფელერზე ნაკლები?

– და ამიტომ…

– ამიტომ ზუსტად მივაგენი გზას, რომელიც უზრუნველყოფს ჩემთვის მეფურ ცხოვრებას. ადოლფ ჰიტლერის პარტიამ აბსოლუტური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. მე მეორე კაცი გავხდი ქვეყანაში.

– ანუ შენ არ გჯერა ნაცისტური იდეოლოგიის?

– რა იდეოლოგიაზე მელაპარაკები, ლიბერტას, ყველაფერი ეს სიტყვების რახარუხია! პოლიტიკა ეს ბიზნესია, მეტიც, ეს თვითდამკვიდრების გზაა, ვინც უკეთ ფლობს მასასთან ლაპარაკის ხელოვნებას, ის გამარჯვებულია. ახლა ბელადების დროა! რუსეთში სტალინია, იტალიაში – მუსოლინი, გერმანიაში – ჰიტლერი.

– საოცარი კაცი ხარ, ჰერმან, – ლიბერტასმა ხელი გადახვია და მის ტუჩებს დაეწაფა.

მათი შეხვედრები განახლდა. ლიბერტასი გერინგის საყვარელი გახდა. მალე ქალმა გამოუცხადა:

– ჰერმან, მე შეიძლება, გავთხოვდე.

– მართლა, ვისზე?

– მას ჰერი შულცე–ბოიზენი ჰქვია.

– გიყვარს?

– არა, მაგრამ ოჯახის შექმნა აუცილებელია.

– ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება?

– რა თქმა უნდა, ჰერმან.

შეხმატკბილებული სამკუთხედი

სასიყვარულო რომანებში ხშირია სამკუთხედი – ცოლი, ქმარი, საყვარელი. ამის გარშემო იხლართება ინტრიგა, ბობოქრობენ ვნებები. გერინგის შემთხვევაში ასე არ იყო. ლიბერტასმა პირადად წარუდგინა მას თავისი რჩეული. ჰერემ რაიხსმარშალზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. გერინგი დაესწრო მათ ქორწილს, შემდეგ მისი პროტექციით შულცე–ბოიზენმა მაღალი თანამდებობაც მიიღო. ამის თაობაზე გერინგს პირადად ლიბერტასმა სთხოვა. გერინგიც ბეჯითად უწყობდა ხელს მის დაწინაურებას. პარალელურად ლიბერტასთან შეხვედრებს აგრძელებდა. გერინგმა იცოდა, რომ შულცე–ბოიზენსაც უამრავი საყვარელი ჰყავდა. რაიხსმარშალს ეს არ აშფოთებდა. მას არ უყვარდა ასკეტები. თუკი მამაკაცს უყვარს კარგი ცხოვრება, მას შეიძლება ენდო, იდეები წარმავალია. დღეს შეიძლება ნაცისტი იყო, ხვალ კომუნისტი გახდე, ზეგ – ლიბერალი. იდეალები ცვალებადია, კარგი ცხოვრების სურვილი კი – არა. თუკი ადამიანს ფუფუნება უყვარს, ჰყავს ოჯახი ეს საუკეთესო გარანტია მისი ლოიალობისა. ასეთი კაცი არ წავა ავანტიურაზე, არ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, ის ტყავში გაძვრება და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ფუფუნება არ დაკარგოს. შულცე–ბოიზენიც მისი ერთგული იქნება, რადგან მთლიანად გერინგზეა მიბმული. თუკი გერინგი დაემხობა, ამას შულცე–ბოიზენის აღსასრულიც მოჰყვება, ამიტომ ჰერი მისი ერთგული იქნება, ძაღლივით ერთგული.

შულცე–ბოიზენი მართლაც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა გერინგს. რაიხსმარშალი ამაში არაერთხელ დარწმუნდა. დრო გადიოდა, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. შულცე–ბოიზენი კი ბეჯითად მიძვრებოდა ზემოთ. ამაში მას გერინგი უწყობდა ხელს.

შოკი

1942 წელს გესტაპომ გაანადგურა საბჭოთა აგენტურული ქსელი დასავლეთ ევროპაში. ის მოიცავდა პარიზს, ბრიუსელს, შვეიცარიას, ბერლინს. აღმოჩნდა, რომ ამ ჯაშუშურ ორგანიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჰერი შულცე–ბოიზენი და მისი ცოლი ლიბერტასი. გესტაპომ ორივე დააპატიმრა. მალე გამოძიებამ სენსაციური მასალები ამოატივტივა. აღმოჩნდა, რომ ცოლ–ქმარი ეწეოდა ფართომასშტაბიან ჯაშუშობას სსრკ–ის სასარგებლოდ, რომ ლიბერტასიცა და ჰერიც გადასცემდნენ მოსკოვს ზესაიდუმლო ცნობებს. იმაში, რომ ცოლ–ქმარმა ასე გაშალა ფრთები, ჰერმან გერინგის წვლილიც იყო.

რაიხსმარშალი შოკირებული გახლდათ. ის საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ლიბერტასმა მოატყუა! ნუთუ, ყოველთვის მსახიობობდა? გერინგმა ვერ მოისვენა სანამ ლიბერტასთან პაემნის უფლება არ მისცეს.

პატიმრობამ გვარიანად იმოქმედა მის გარეგნობაზე. სახე გაფითრებოდა, თვალები ჩაშავებოდა.

– რაო, ვეღარ მცნობ, ჰერმან? არ მოგწონვარ კოსმეტიკის გარეშე?

– ასეთი უფრო ბუნებრივი ხარ.

– მაგრამ არა ისეთი ლამაზი, როგორიც შენთან, კრაიმჰალეში.

– ახლა მე ვხედავ შენს სულს, – გერინგმა თავი გადააქნია, – მითხარი, რატომ გააკეთე ეს?

– რას გულისხმობ?

– რატომ მიეყიდე რუსებს?

– განა შენ არ მითხარი, იდეალები არ არსებობსო, ეს შენ გამზარდე ასე, ჰერმან.

– შენი სიყვარული… ნუთუ, ყველაფერი ყალბი იყო?

– ოდესღაც მართლაც მიყვარდი, მთელი არსებით მიყვარდი, გაიდეალებდი, მაგრამ შემდეგ ეს იდეალი ჩაკვდა. ის შენ ჩაკალი, ჰერმან, როდესაც ჩემს ცოლად შერთვაზე უარი განაცხადე. შემდეგ შევხვდი ჰერეს. ის კომუნისტი და რუსების აგენტი იყო. ყველა კომუნისტი ასეთია.

– მაშ შენ.. – გერინგი გაფითრდა.

– შემთხვევით როდი დაგირეკე. ეს ჰერეს იდეა იყო, მე ვუამბე ჩვენი სიყვარულის შესახებ. მან მირჩია, გამეახლებინა კონტაქტი და დავწოლილიყავი შენთან.

– ღმერთო ჩემო!

– ასეა, ჰერ რაიხსმარშალო! აკი მითხარი, ცინიკურ დროში ვცხოვრობთ და გრძნობები აქ ზედმეტიაო! კომუნისტებმა ცინიზმშიც გაჯობეს და ვერაგობაშიც.

– ახლა მივხვდი, შენ ჩემზე შურისძიება გამოძრავებდა.

ლიბერტასმა თვალები დახუჭა.

– შეიძლება. იცი, როდესაც იდეალი კვდება, ჩნდება სიცარიელე, ეს საძაგელი გრძნობაა. შურისძიება? დაე, ასე იყოს.

ეპილოგი

შულცე–ბოიზენი და ლიბერტასი სიკვდილით დასაჯეს. გერინგი ომის შემდეგ ნიურნბერგის ტრიბუნალმა გაასამართლა და ჩამოხრჩხობა მიუსაჯა. რაიხსმარშალს მხსნელად ცოლი მოევლინა, რომელმაც ციხეში შხამი მიაწოდა.

ომის შემდეგ სსრკ–მ შულცე–ბოიზენი და ლიბერტასი გმირებად აღიარა.

დღეს ამბობენ, რომ ისინი ბევრად როდი იყვნენ ნაცისტებზე უკეთესნიო. დისკუსიები ამ თემაზე ალბათ კარგა ხანს არ ჩაცხრება.

კომენტარი