„რწყილი და ჭიანჭველა“ იტალიურად

ჯანმრთელი კინო - დაიახ, ისევე როგორც ადამიანზე, კინოზეც შეიძლება თქმა - ჯანმრთელი, ჯანსაღი კინო. კინოს ადამიანი ქმნის და მას „გენეტიკურად“ გადაეცემა ყველა ის თვისება რაც შემოქმედს გაჩნია.
თუმცა, შემოქმედი იმდენადაა შემოქმედი და კინო იმდენადაა ხელოვნება, რამდენადაც ეს შემოქმედი ახერხებს ჩვენ თავისი განცდილი, პირადად გადატანილი განზოგადებული და მხატვრულ სიმაღლეზე აზიდული მოგვაწოდოს.
„ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე“ - უთქვამთ ქართველებს. შემოქმედზე და მისი შემოქმედებითი „ლაბორატორიის“ თავისებურებაზე, მის მსოფლშეგრძნებაზეა დამოკიდებული, ცხოვრების მიერ მიწვდილ შხამს ისევ შხამად მოგანთხევს ცხვირპირში ეკრანიდან, სცენიდან თუ წიგნიდან თუ ღვინოდ შეგარგებს შენც.
„ნეტავ იცოდეთ, რანაირი ნაგვის გროვიდანამოდის ლექსი და სირცხვილის არ გრძნობს ნატამალს“ - წერდა ანა ახმატოვა თავის ერთ-ერთ ლექსში. (იზა ორჯონიკიძის თარგმანი).
ახმატოვას ლექსებს არც უნდა ეგრძნოთ სირცხვილის ნატამალი, რადგან ისინი შემოემქდის მიერ „ნაგვის გროვად“ სახელდებული პირადი განცდებიდან ისე ამოდიოდნენ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ბაბუაწვერა ღობის ძირას, მაგრამ დღეს თუ სირცხვილზე მიდგა საქმე, სირცხვილის ნატამალს არც ის ნაწარმოებები გრძნობენ, რომლებიც ნაგვის გროვიდან ამოდიან და ნაგვის სურნელს გვაფრქვევენ.
დღეს, რატომღაც მოდადაა ქცეული, პირადი განცდებისა თუ პათოლოგიების მაყურებლისთვის თავზე მოხვევა - ნახევარფაბრიკატების სახით, ყოველგვარი გადამუშავება-განზოგადების გარეშე. კეთილი კინოს გადაღება - არამოდურია. უფრო სწორად ჩვენში ჰგონიათ რომ არამოდურია.
მაყურებლის დაზაფვრა და მისთვის გულის არევა, რაღაც „წმიდათა წმინდა“ მოვალეობად აქვთ დასახული.
ამ ტენდენციამ ჩვენშიც მყარად მოიკიდა ფეხი, მოიკიდა როგორც ფილმების გადაღებისას, ისე უცხოური ფილმების შერჩევისას.
არ ვიცი, რისი მტკიცება სურთ ამ ფილმების ამრჩევ-შემრჩევ-გადამრჩევებს, მაგრამ მათი პოლიტიკის წყალობით, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ დასავლეთში მხოლოდ ასეთ ფილმებს იღებენ, რომ დასავლეთი გარყვნილების მორევში ცურავს და ათასი მსგავსი სისულელე. ახლადგამოღვიძებულ ქართულ კინოს ავტორებსაც, რომლებიც საერთაშორისო კინოფესტიველებზე ცდილობენ გზის გაკვლევას, რატომრაც სჯერათ, რომ ევროპას, დასავლეთს სწორედ ასეთი ფილმები ხიბლავს.
ყველა ამ სტერეოტიპს ერთიანად ამსხვრევს დენის რაბალიას ფილმი. დენის რაბალიას სინათლითა და სიკეთით სავსე ფილმი „მარჩელო მარჩელო“ 2008 წელსაა გადაღებული და უკვე არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.
ასე რომ დასავლეთს ზურგი არ უქცევია კეთილი კინოსთვის, არც საერთაშორისო ფესტივალები არიან ორიენტირებულნი პათოლოგიურ ფილმებზე და თუ ვინმეს კეთილი, ჯანსაღი კინოს შექმნა სწადია, შეუძლია აქაც შექმნას. შეუძლია ისაუბროს სიყვარულისა და სიძულვილის მარადიულ ჭიდილზე ისე, რომ კინოდარბაზიდან მაყურებელი გაუშვას სიკეთით გამბთბარი, უბიძგოს მას სიყვარულისკენ, მისცეს იმედი და შეაყვაროს თავად ცხოვრება.
დენის რაბალიას ფილმი არაა გამონაკლისი, ამ ფილმმა თავისი კეთილშობილებით გამახსენა ფრანკო ძეფირელის „ჩაი მუსოლინთან ერთად“,
და მაინც რა ხდება ასეთი დენის რაბალიას ფილმში?
მოქმედება იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე, ერთ-ერთ პატარა სოფელში ხდება და მოგვითხრობს 19 წლის მარჩელოს თავგადასავალს.
ფილმის დასაწყისში ვხედავთ, როგორ შედის ყმაწვილი მარჩელო გამოცდაზე, სადაც უნდა დაწეროს თემა სიყვარულსა და სიძულვილზე.
მარჩელო იწყებს წერას და გვიამობობს მის სოფელში დამკვიდრებულ ერთ უჩვეულო ჩვეულებაზე, რომელმაც არაერთ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება - ამ სოფელში ყმაწვილი ბიჭები ვალდებულნი არიან დათქმულ დროს საჩუქრები მიართვან მათ მიერ მოწონებული, შეყვარებული გოგონას მამას. სასიმამრო კი საჩუქრის მიხედვით წყვეტს ვის გაატანოს იმ დღეს სასეირნოდ და საერთოდაც გოგონა.
ყმაწვილ მარჩელოს ორმაგად გაუმწარა ცხოვრება ამ ტრადიციამ, რომელსაც ვითომ ხალხის გასაბედნიერებლად იყო მოგონილი შორეულ წარსულში. სწორედ ამ გზით შექმნილი და შემდეგ დანგრეული ოჯახის შვილია ყმაწვილი მარჩელო. ვერ იტანს ამ ტრადიციას, მაგრამ თავადაც ხდება იძულებული, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ შეჯიბრში - უყვარდება სოფლის მერის გოგონა და ძალისხმევას არ იშურებს რომ მეთევზის შვილმა მოიპოვოს სოფლის მერის გოგონასთან განმარტოების უფლება.
მაგრამ როგორ გაუწიოს კონკურენცია შეძლებულ ყმაწვილებს? შექმნილი სიტუაცია მას ორიგინალური გადაწყვეტისკენ უბიძგებს - მერს მიართვას სოფლის ყასაბის მამალი, რომელიც ყოველ დილას აღვიძებს და ნერვებს უშლის სოფლის მერს. მიდის ყასაბთან მამლის საყიდლად და აქ იწყება სწორედ იტალიური „რწყილი და ჭიანჭველა“ - მერის მტერი ყასაბი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობს მამალს, თუკი მარჩელო მას მიუტანს ორ ბოთლ ეგზოტიკურ სასმელს, რომელიც აქვთ შინაბერა დებს, რომლებიც სოფელს გაერიყნენ.
მარჩელო დებს აკითხავს. შინაბერა დები მისგან იმ საქორწინო კაბების მიტანას ითხოვენ, რომელიც მათ სოფლის მკერავმა შეუკერა თავის დროზე. ეს მკერავი ამ დებსაა გადამტერებული და ცოცხალი თავით არ აპირებს იმ კაბების მიცემას. მარჩელო იძულებული ხდება ახლა მას მისცეს პირობა, რომ მიუტანს იმ პისტოლეტს, რომლითაც მისი ძმა მოკლეს.
ამ ორომტრიალში ჩართულ მარჩელოს სხვა დაბრკოლებებიც ეღობება გზად, მისი მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ ნიჭიერ მარჩელოს მონაწილეობა მიაღებინოს სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში, შაბათს სამ საათზე სწორედ საგანგებოდ ჩამოდიან მის გამოსაცდელად. მარჩელომ ნოველა უნდა დაწეროს 3 საათში, მაგრამ ახლა მას სხვა მიზანი აქვს - მოიპოვოს გოგონასთან განმარტოების უფლება. არც მეთევზე მამას, არც მასწავლებელს არ სურთ ნიჭიერი მარჩელო სოფელში ჩარჩეს და ამიტომ ძებნა ცხადდება გაუჩინარებულ მარჩელოზე, რომელიც ამ დროს თავის ორომტრიალშია გახვეული. პისტოლეტის მოსაპოვებლად აკითხავს სოფლის პარიკმახერს, ერთობ ექსცენტრიულ კახს - როკენ როლის ტრფიალს, ვისთანაც ინახება ეს პისტოლეტი. ეს პარიკმახერი კი თავის მხრივ როკ ენ როლის იმ ფირფიტების მიტანას ითხოვს, რომელიც დედამისმა სოფლის მღვდელს მიაბარა. სოფლის მღვდელი კი მარჩელოს ეშმაკის ხმის სანაცვლოდ ღვთაებრივ ხმას ითხოვს - ასეთი ხმის პატრონ მომღერალ ქალს ეკლესიის გუნდისთვის.
ეს ქალი კი, მარჩელოს იმ სურათის მიტანს სთხოვს, რომელიც მას სიყმაწვილეში გადაუღეს შიშველ მდგომარეობაში და რომელიც ინახება სწორედ მარჩელოს კონკურენტი ბიჭის ოჯახში. ყველაზე მძიმე ფასს კი სწორედ ეს ვაჟი ითხოვს მარჩელოსგან - თუ გაიმარჯვებს და მერის გოგონას გააყოლებენ, ის დატოვოს გოგონასთან მარტო. მარჩელოს ხვა გზა აღარ რჩება - თანხმდება ამ სამარცხვინო გარიგებაზე. იღებს სურათს. მიაქვს მომღერალ ქალთან.
მომღერალი ქალი მისდევს მას მღვდელტან ეკლესიაში, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მღვდელი ტეხს პირობას - არ აძლევს მას „როკენ როლის“ ფირფიტას და მხოლიდ მეგობრების დახმარებით, მოტყუებით ახერხებს ამ შეპირებული ფირფიტის ხელში ჩაგდებას. ფირფიტა მიაქვს პარიკმახერთან, პარიკმახერი აძლევს პისტოლეტს, ეს პისტოლეტი მიაქვს მკერავთან და ისევ დაბრკოლება. მკერავს ის საქორწინო კაბები დაუწვავს. სწორედ მკერავთან მიუსწრებს მარჩელოს მამამისი. რომელსაც მთელი ცხოვრება ეს მკერავი უყვარდა სწორედ. განახლებული სიყვარული შეეხიდება სწორედ მარჩელოს.
იმ განადგურებული საქორწინო კაბების ერთ ანალოგს ტავად მკერავი მოიძიებს, მეორეს მამა მოიტანს მკერავთან (მარჩელოს დედის კაბას, რომელიც წავიდა ოჯახიდან), მკერავი უმოკლეს ვადაში გადააკეთებს ამ კაბებს და ატანს შინაბერა დებთან. შინაბერა დები აძლევენ ეგზოტიკურ სასმელს, ეს სასმელი მაიქვს ყასაბთან, ყასაბი აძლევს მამალს, მამალი მიჰყავს მერთან და მარჩელო იმარჯვებს, რადგან მის მხარესაა თავად გოგონა.
მასთან კაფეში განმარტოებულ მარჩელოს კი თავის კონკურენტი ვაჟი აკითხავს. სიტუაცია იძაბება - ბიჭი ემუქრება რომ მას ქურდობაში დაადანაშაულებს. შემდეგ ურცხვად მიუჯდება მათ მაგიდას და მარჩელოს იქაურობის დატოვებას სთხოვს. ყველაფერი მარჩელოს მოქნეული მუშტით სრულდება. სწორედ ამ აურზაურში პოულობს მას თავის მასწავლებელი და მიაქანებს მას გამოცდაზე. მარჩელო კი სწორედ იმდღევანდელ თავის თავგადასავალს წერს იმ გამოცდაზე. გამოცდა სრულდება და სწორედ გამოცდაზევე აკითახავენ - მერი და იმ კონკურენტი ბიჭის მამა - ადანაშაულებენ ქურდობაში.
მარჩელო მოკლედ ხსნის რაც მოხდა - რომ მის ვაჟთან გარიგება ჰქონდა, დეტალებში ეძიებიან - ის კი უთითებს უთითებს ნოველაზე, რომელსაც სამი საათის მანძილზე წერდა.
მარჩელო იმარჯვებს კონკურსშიც და ცხოვრებაშიც - ყველაფრის გარკვევის შემდეგ, მერის გოგონა მისია.
მთელ ამ ამბავს, რეჟისორი გვაწვდის ჩვეული იტალიური სილაღით, სიმსუბუქით, იუმორით. გვაჩვნებს, რომ კუნძულზე სიყვარული კი არა, სიძულვილი და ურთიერთსაჭიროება მეფობს, რომ აქ ყველა რაღაცას გამოელის. სიძულვილის არსს აშიშვლებს წრფელ სიყვარულზე თხრობით.
მარჩელოს სრულიად ახალგაზრდა, 23 წლის დამწყები მსახიობი - ფრანჩესკო მისტიჩელი ანსახიერებს, რომლის არტისტული გულწრფელობის ხარისხი და ოსტატობა ფილმის წარმატების ქვაკუთხედია.
ფილმში შესული ყოველი კადრი ერთ რამეს გვაიმბობს - კამერის უკან მდგომებსსაც და გადასაღებ მოედანზე მყოფებსაც - უყვართ სიცოცხლე.
ამ ფილმით იტალიური კვირეულის დასრულება კი გვიამბობს იმაზე რომ იტალიის საელჩოში იციან ნამდვილი კინოს გემო.
იტალიური ენის კვირეული შვეიცარიის საელჩოსა და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით განხორციელდა. სწორედ შვეიცარიის ელჩმა წარუდგინა მაყურებელს რაბალიას ფილმი რუსთაველის თეატრში. სწორედ რუსთაველის თეატრი მასპინძლობდა იტალიური ენის კვირეულს.
ოთხი დღის მანძილზე იმართებოდა თანამედროვე იტალიური პიესების კითხვა-წარმოდგენა იტალიურ და ქართულ ენებზე. თანამედროვე იტალიელი დრამატურგების - ფაუსტო პარავიდინოს და სპირო შიმონეს პიესები თეატრს „ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმამ“ მიაწოდა.
დენის რაბალიას ფილმის მსგავსად, თანამედროვე იტალიური პიესებიც ერთ რამეს ცხადყოფენ - ნამდვილი, წელში გამართული და მაღალმხატვრული პიესები კვლავ იწერება. იწერება სლენგზე, გმირები იგინებიან კიდეც, ბილწსიტყვაობენ კიდეც, მაგრამ ეს ყოველივე სათქმელის, ხასიათების რელიეფურად გამოკვეთას ემსახურება და არაა თვითმიზნური. აი, ისეთი თვითმიზნური, ჩვენს თანამედროვე პიესებს რომ ახასიათებს, რომ ვერ გაიგებ, რას ემსახურება მათი ბილწისტყვაობა, ვითომ მაყურებლის აგდებას თუ თავად ავტორების ვნებების „დაკმაყოფილებას“...

კომენტარი