რატომ ვერ იღებენ ქართველები ეროტიკას?

უფრო სწორად, რატომ ვერ ვიღებთ ქართველები ხეირიანად ეროტიკულ სცენებს? სწორედ ხეირიანად რომ ვერ ვიღებთ ესაა საქმე, თორემ, ეროტიკული სცენებით უხვადაა გაჯერებული ბოლოს დროს შექმნილი ფილმები. ალბათ იმიტომ რომ სათანადო გამოცდილება არ გვაქვს.
საბჭოეთში სექსი „არ არსებობდა“ და ფილმებში ყველაზე პიკანტური რამ რაც კი იყო, ეს იყო კოცნა - ისიც „დიაფრაგმაში“ - ანუ გადაეხვეოდნენ და კადრი იცვლებოდა.
თუმცა, სწორედ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა „დიდი მწვანე ველი“, რომელიც დღემდე ყველაზე ეროტიულ ფილმად შეიძლება ჩაითვალოს.
ცხადია, ტერმინებზე მოგვიწევს შეთანხმება - რა არის ეროტიკა, გატიტვლებული ხალხის ჯაჯგური თუ ვნების ნიაღვრის წამოსვლა ეკრანიდან... ეროტიკული სცენები გამოჩნდა ფილმ „ანემიაში“ სადაც ლევან აბაშიძის გმირს უფროსი ასაკის ქალი უყვარდებოდა და მასთან ეძლეოდა თავდავიწყებას. ამ ქალის როლს მსახიობი ხათუნა იოსელიანი ანსახიერებდა, რომელიც მოგვიანებით თვალცრემლიანი იხსენებდა რომ ლევან აბაშიძე მას გადაღებების დროს, „ხათუნა დეიდას“ ეძახდა, რაც მას უკვე ყურს ჭრიდა და სიცილის ხასიათზე აყენებდა. „ერთ ამბავში იყო და კიდე დეიდას მეძახდა“... - იხსენებდა ხათუნა იოსელიანი, თუმცა, იქვე დასძენდა რომ მთლად შიშვლები არც ყოფილან...
სხვათაშორის, ხათუნა იოსელიანი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, ვინც იხდის კამერის წინ და ამის გამოცდილებაც აქვს - სწორედ იგია გადაღებული ჯორჯაძის „შეყვარებულ კულინარში“, სადაც ხათუნა იოსელიანი - მადამ კალანტაი პიერ რიშარის გმირს უწვება ლოგინში. სხვათაშორის, დღემდე ჰყვებიან იმას რომ პიერ რიშარი ჭირვეულობდა - ხელი წამიცდებაო. ჰყვებიან იმასაც რომ ამ სცენის გადაღებისას იოსელიანმა იაქტიურა...
ხათუნა იოსელიანმა კიდევ რამდენიმე ფილმში გაიხადა, მაგრამ მისი გახდა რეჟისორებმა უკვე სათანდადოდ ვერ გამოიყენეს. უფრო სწორედ, ის სცენები არ იყო ნაკარნახევი ლოგიკური აუცილებლობით და არც მხატვრულად წარმოადგენდა ღირებულ სცენებს და არც ესთეტიურობით დაიკვეხნიდა.
სწორედ ეს უბედურება სჭირს ქართულ ფილმებს ეროტიკულ სცენებთან დაკავშირებით. ეროტიკულ სცენებს არანაიარი დატვირთვა არ გააჩნიათ, არც ფილმს სძენენ რამეს, არც სათქმელის გამოკვეთას ემსახურებიან, არც გმირების წარმოჩენას, უბრალოდ ესაა, ცუდად გაგებული კომერციალიზმი რომ ამგვარი სცენებით მაყურებელი მიიზიდონ. იქნებ მიეზიდათ კიდეც, ეს სცენები რომ თუნდაც ელემენტარულ მოთხოვნებს პასუხობდნენ, მაგრამ უბედურებაც ამაშია რომ ამგვარი სცენები არანაირ მოთხოვნებს არ პასუხობს და მეტიც, საერთოდ დაცლილია ყოველგვარი ეროტიზმისგან.
ავიღოთ თუნდაც „სიყვარული ვენახში“. შიშვლდებიან კიდეც, ტიტვლდებიან კიდეც, „ისიც“ ხდება, მაგრამ რა? მახსოვს, როდესაც „სიყვარული ვენახში“-ს პრემიერა იყო, კინოს სახლიდან გამოსულმა ერთმა ენამოსწრებულმა ისიც კი თქვა, ჩააცვით მარინა კახიანს წყვილი შუბა, ერთი გამოახედეთ და უფრო ეროტიკული იქნებაო.
არც ცდებოდა, მარიანა კახიანს ჰქონდა კიდეც სცენა თეატრში, „მარიამ სტიუარტში“, სადაც მისი ეროტიზმი წამლეკავი იყო. მაგრამ გამოხდა ხანი, მარინა კახიანს არ უთქვამს უარი სერიალ „მტვრის გემოზე“, მაგრამ გამოიყენეს კი მისი ეროტიზმი ხეირიანად? თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „მტვრის გემოში“ რიგ კადრებში, მარინა კახიანს დუბლი სცვლიდა. მინდა გითხრათ, არც თუ სათანადოდ შერჩეული...
„სიყვარული ვენახში“ გიორგი შენგელაიას გადაღებულია. მაგრამ ეს ფილმი დიდი რეჟისორის პატარა ცუღლუტობას უფრო ჰგავს. მე თუ მკითხავთ, ის ბევრად უფრო ეროტიულია როცა „სიყვარული ყველას უნდაში“ გრელკასთან რომ წვება ყარაულაანთ ქეთო, ვიდრე ან სექსაობანი ვენახში, ანდა სექსუალური სცენები მის ბოლო ფილმში „მიდიოდა მატარებელი“.
ამ ფილმში ამგვარი სცენების უმეტესობა ფარსულ-კომიკურია, მაგრამ ერთი სცენა, სადაც განსვენებული მიშა ჯოჯუა ეძლევა განცხრომას, საერთოდ არაფერში ჯდება. ესაა სცენა სახელად ჯაჯგური.
ზოგ ფილმში ამგვარი სცენები რაღაც დოზით მაინც მისაღებია, მაგრამ არ პასუხობს მთავარ მოთხოვნას, რა მიზანს ემსახურება? რას გვაჩვენებს? უკვე ვთქვით, რომ ეს უკბილო მცდელობაა ფილმის გაკომერციულებისა. ესაა ცუდად გაგებული კომერციალიზაცია.
ასეთი სცენები არავის იზიდავს, თორემ დასაძხრახი იქნებ არცაა, მაყურებლის მისაზიდად ამ ხერხის გამოყენება, მაგრამ ერთიცაა, თუ ეს მიზანი გაქვს, სცენარის შექმნიდანვე უნდა გქონდეს და ისეთი სცენარი შეიქმნას, სადაც ამგვარი სცენები ნაკარნახევი იქნება აუცილებლობიდან გამომდინარე. თუმცა, მარტო ესეც არ კმარა. რომც საჭირო იყოს ფილმში ასეთი სცენა, შეგვიძლია კი მისი სათანადო დონეზე გადაღება?
გვაქვს კი ამგვარი სცენების გადაღების გამოცდილება? ან სათანადო სითამამე და საერთო პროფესიონალიზმი, რომ გამოცდილების უქონლობა გადაიწონოს? ან რეჟისორებს, ან მსახიობებს, ან ოპერატორებს?
კინომცოდნეები ხშირად მიუთითებენ რომ ქართველი მსახიობები კამერის წინ ამგვარი სცენების გადაღებისას საოცრად დაკომპლექსებულები არიან. რისკავენ, შიშვლდებიან, მაგრამ ამ კომპლექსებისგან ვერ თავისუფლდებიანო. იგივე ეხებათ რეჟისორ-ოპერატორებსაც. კამერა კი, ეს მეტად მგზნობიარე არსება, ყველაფერს ირეკლავს და შედეგიც სახეზეა.
მე თუ მკითხავთ, მსახიობების შემთხვევაში, მათი კომპლექსების სათავე, სულაც არაა მარტო მათ აღზრდაში თუ შინაგან არსებაში საძიებელი. ხშირად მათ კომპლექსებს განაპირობებს მათივე სხეული, რომელიც შიშველ მდგომარეობაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია...
ფაქტია, რომ ასეთი სცენები ესთეტური უნდა იყოს, რაც იმთავითვე ითხოვს ლამაზ სხეულს. რაც ქართველი მსახიობებისთვის აქილევსის ქუსლია.
ერთხელ ერთ კინომცოდნეს რომ ვკითხე, რატომ არ გვივარგა ქართველებს ეროტიკული სცენები-თქო, ასეთი რამ მითხრა, რამდენი ქართველი მსახიობი კაცი და ქალი გეგულება, რომელიც გახდილ მდგომარეობაში კარგი საყურებელი იქნებაო? (იმ კინომცოდნემ შარმიანი, სიმპათიური ქალები და მამაკაცები იგულისხმა, თორემ ზოგი გაუხდელადაც ქვაზე დახატულ ეშმაკს ჰგავს...)
არ ვიცი, ნამდვილად არ დამითვლია, თუმცა მართლაც ფაქტია, რომ ქართველი მსახიობების უმეტესობა არც იხდის, და რომც გაიხადონ, მათი მონაწილეობით გადაღებული სექსი, ვერაფერი საყურებელი იქნება. ვის ღიპი ადევს, ვინ ჩირივით გამომხმარია, ვინ - ფერხორციანია, მაგრამ არაჰარმონიულად განვითარებული ტანით, ვიღაცას ტანი აქვს, მაგრამ ვნების ნატამალი არ მოეპოვება და მიდი და გადაიღე ეროტიკული სცენები!
რას იზამ? ამ ნიშნით აარჩევ არაპროფესიონალებს? კი ბატონო, სექსის სცენებში იქნება და ივარგონ კიდეც, მაგრამ დანარჩენ სცენებში რა ჯანდაბას გააკეთებენ? თუ იმ ერთი „სექსაობისა“ გამო, ყველაფერი მივუტევოთ?
ასე მსოფლიოს პორნოინდუსტრიას მილიონობით ლამაზი ხორცი ჰყავთ ნაყიდი, მაგრამ მათ მსახიობობის ნიშანწყალიც არ სცხიათ. მოკლედ, ქართული კინო ისევ გრელკის ამარაა დარჩენილი.
მართლაც სულ რამოდენიმე მსახიობია, რომელიც გახდას თანხდება, ვიზუალურადაც მომხიბვლელია და ნიჭიერიცაა. თუმცა, არის კიდევ რამდენიმე გამონაკლისი, რომელნიც გაიხდიან იმ შემთხვევაში, თუკი ეცოდინებათ რომ შემდეგ საკუთარი თავის ეკრანზე ხილვის რომ არ შერცხვება. ამისთვის კი საჭიროა კარგი რეჟისორი გიღებდეს კარგ ფილმში და არა ხალტურაში - ვაირეჟისორი. ამგვარი მსახიობების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია. ისინი თავსაც პატივს სცემენ და მაყურებელსაც.
ისინიც კარგ რეჟისორს და კარგ ფილმს ელიან. იმედია ამაო არ იქნება ეს მოლოდინი და გამოჩდება ასეთი რეჟისორიც და ასეთი ფილმებიც. იმედია ქართველი მსახიობების ახალი თაობა მაინც მიხედავს საკუთარ ტან-ფეხს, გააცნობიერებს რომ სხეულსაც მოვლა უნდა, რომ მათი სხეული გარკვეულწილად მაყურებელსაც ეკუთვნის, რომ მისი მოუვლელობით მაყურებელს აყენებენ შეურაცხყოფას.
ექიმი თუ გინდ 120 კილო იყოს, მწერალი თუგინდ ცალფეხა, ჩვენ მისი გარეგნობა დისკომფორტს არ გვიქმნის. მსახიობის გარეგნობა კი მისი პროფესიის ნაწილია. თავის დროზე, სანდრო ახმეტელი წარმოსადეგ ხალხს არჩევდა თეატრისთვის.
ეს ახლა აღარავის ახსოვს. ამ პროფესიაში არც თუ იშვიათად მოდის ხალხი, რომელიც არც ბრწყინვალე გარეგნობით დაიკვეხნის და არც დიდი ნიჭით. ასეთს გინდა გახადე, გინდა ჩააცვი...
არადა, იყო დრო, როდესაც არნახული სილამაზე ბრწყინავდა ქართულ ეკრანზე. მშვენიერი სხეულების მთელი გალერეა იყო - ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი, გიორგი შავგულიძე, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, მედეა ჯაფარიძე, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი, და სხვა მრავალი, შემდეგ ლიკა ქავჟარაძე, ლევან აბაშიძე... მაშინ ამგვარი სცენების გადაღების უფლებას არ იძლეოდნენ. ახლა არავინ გიშლის, მაგრამ ისინი აღარ არიან...

კომენტარი