სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანის ფესტივალის სამოცდამეოთხე გაზაფხული

11 მაისს ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კანის 64–ე კინოფესტივალი გაიხსნა, ფესტივალი 22 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში სულ 86 სრულმეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. მათგან 54 – კინოფორუმის ოფიციალურ პროგრამაში შედის და ჯილდოს მოპოვებისთვის იბრძვის.

ჟიურის ხელმძღვანელი ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი და რეჟისორი, რობერტ დე ნიროა. ფესტივალი კი ვუდი ალენის ახალმა ფილმმა „შუაღამე პარიზში“ გახსნა, რომელშიც ეპიზოდური როლი საფრანგეთს პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნიმ ითამაშა.

ფესტივალის მთავარი პროგრამა 20 საუკეთესო სურათს აერთიანებს, რომლებიც 1500 ფილმიდან შეარჩიეს. საკონკურსო პროგრამაში საფრანგეთი მაქსიმალურადაა წარმოდგენილი – ოთხი ფილმით. ორ–ორი ფილმით დანია, იტალია და იაპონია. თითო ფილმით – აშშ, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ისრაელი, ფინეთი, ავსტრია, გერმანია, თურქეთი და რუმინეთი.

ფესტივალის ისტორიაში პირველად „ოქროს პალმის რტოსთვის“ ოთხი ქალი რეჟისორი იბრძვის. ცნობილი გახდა დამატებითი პროგრამის შესახებ. მასში ორი ირანელი რეჟისორის - ჯაფარ პანახისა და მუჰამედ რასულოფის ფილმები შევიდა. რეჟისორებმა სამშობლოში რეპრესიები გადაიტანეს, მათ ირანში პროფესიული საქმიანობა აუკრძალეს, რამაც მსოფლიო კინოსაზოგადოებაში პროტესტის ტალღა გამოიწვია.

კანის კინოფესტივალის პრეზიდენტის, ჟილ ჟაკობის თქმით, წელს განსაკუთრებული ყურადღება იაპონიას დაეთმობა, იმ ტრაგიკული მოვლენების გათავლისწინებით, რომლებიც ამ ქვეყანას თავს დაატყდა. კინოფორუმზე დიდი ყურადღება ტუნისსა და ეგვიპტეს დაეთმობა. ეგვიპტე კი ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსს მიიღებს.

„ოქროს რტოს მფლობელი“ ფესტივალის ბოლო დღეს, 22 მაისს გამოვლინდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100