გამოვიდა ეკატერინე ტოგონიძის რომანი Aსინქრონი

6 თებერვალს, 19:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „აქსის შოპინგში“ (მის: ყაზბეგის ქ.24) ეკატერინე ტოგონიძის რომანის Aსინქრონის პრეზენტაცია გაიმართება.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება რომანის თემატიკაზე მხატვარ ქართლოს კახიძის მიერ შექმნილი ინსტალაციები და ჩანახატები. სტუმრებისთვის უფრო ხელშესახები გახდება წიგნში გადმოცემული თეები და მოტივები, მთავარი გიმრების ცხოვრება და მათი ნივთები. რომანის ერთ-ერთ ეპიზოდს გააცოცხლებს მოძრაობის თეატრი. ღონისძიებას მწერალი თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვება.

პრეზენტაცია საქველმოქმედო ხასიათისაა და აერთიანებს ხელოვნებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთი მიზნისთვის, - გამოხატონ მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მიმართ და აქციაში მონაწილეობით დააფიქსირონ პოზიცია „მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ“.

წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე ტრენინგის მომზადებას, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიების ფარგლებში მოძიებული თანხით, - კომპანია „ჯეოსელის“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სპონსორობით, ასევე „New Life Global Network”-ის თანადაფინანსებით დიდი თალასემიის მქონე ორ გოგონას დაუფინანსდება ორთვიანი მედიკამენტოზური მკურნალობა; „შატო მუხრანის“ ორგანიზებით მოზარდებისათვის (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის) მოეწყობა ინკლუზიური ექსკურსია.

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.

რომანში მოთხრობილი ამბავი განსაკუთრებული შემთხვევაა - თემა, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირის პროტოტიპები რეალური ადამიანები, ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები ქართულ რეალობაში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შესაძლოა საცირკო სანახაობად იქცეს.

წიგნი ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

ეკატერინე ტოგონიძე, ჟურნალისტი, დაიბადა 1981 წლის 16 მარტს. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 2011 წლიდან. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო: „ერთი მოთხრობის კონკურსი“ (2011წ); „თხუთმეტი საუკეთესო ქართული მოთხრობის“ პრემია (2012წ); ლიტერატურული პრემია „საბა (2012წ).

2013 წელს გერმანულენოვან ანთოლოგიაში „Techno Der Jaguar” შევიდა მცირე რომანი „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“; ეს რომანი შეირჩა ავსტრიაში „ვენური კაფეების დღეებზე“ საკითხავად; ამავე რომანის მიხედვით შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის „სცენარების განვითარების კონკურსში“. ეკატერინე ტოგონიძე იყო ლაიპციგის წიგნის ბაზრობის ოფიციალური სტუმარი და „ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის“ სტიპენდიანტი.

კომენტარი