სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექსი დედაზე

ვიდრე შენ მყავხარ, ეს მინდა, რომ გითხრა მანამდე,
თორემ რამდენმა სინანულმა წალეკა წლები,
გახსოვს, ბაფთიანს მაცილებდი დილით კარამდე
და მერე დიდხანს მომყვებოდა ნაცნობი ხმები.

ქუდს ნუ მოიხდი, აგტკივდება მერე ყურები,
ჩქარა დაბრუნდი, არ იარო ქუჩაში მარტო,
და როს სკოლიდან დაბრუნებულს დამიგულებდი,
ჰოი, რარიგად გიხაროდა...(დღეს იმ დროს ვნატრობ..)

მე ახლა ვხვდები, შენს თვალებში უფალი სახლობს,
მაგ ხელთა სითბო, უფლის ხელთა სითბოს ტოლია,
დღეს მე ქალი ვარ, მაინც ლოცვით დამყვები ახლოს,
შენზე ერთგული ქვეყნად თურმე, არვინ მყოლია.

ახლა მსურს გითხრა, დარდად რომ არ შემომრჩეს მერე,
დღეს, სულ ახალი შეგამჩნიე თვალთან ხაზები...
დედი, ერთხელაც შენი ტკბილი ნანა მიმღერე,
დამბერებიხარ, თუმც დღეს უფრო მელამაზები.

გახსოვს, ჩემხელა რომ იყავი ორმოცდახუთის,
მრცხვენია ახლა და ამ სირცხლის ვერაფრით წავშლი,
ასეა, როცა შვილი მშობელს ასაკს დაუთვლის,
დიდი მეგონე, რა პატარა ყოფილხარ მაშინ.

არა, დღეს უნდა მოგეფერო, ვინ იცის ხვალე,
თუ ხვალეც დადგა, კიდევ უფრო მოგეფერები,
მე შენი წლები, შენ კი ჩემი ტკივილი თვალე,
დე, ახლაც მტკივა, შემომხვიე თბილი ხელები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100