სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩარლზ ბუკოვსკი: მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ...

1969 წელს, გამომცემელი ჯონ მარტინი ჩარლზ ბუკოვსკის შეპირდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყოველ თვეში 100 დოლარს გადაუხდიდა იმ პირობით, თუ ის ფოსტაში მუშაობას თავს დაანებებდა და გახდებოდა მწერალი. 49 წლის ბუკოვსკი დათანხმდა და 1971 წელს თავისი პირველი რომანი, “ფოსტა” გამოსცა. 15 წლის შემდეგ ბუკოვსკიმ ჯონ მარტინს ეს წერილი მისწერა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ბედნიერი იყო, რომ თავის დროზე სამსახურს თავი დაანება.

გამარჯობა ჯონ,

მადლობა კარგი წერილისთვის. მემგონი არ არის ცუდი ხანდახან გაიხსენო, თუ საიდან მოდიხარ. შენ იცი ჩემი წარსული. იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ცდილობენ ასეთ ადგილებზე დაწერონ ან ფილმები გადაიღონ, არასწორად ესმით ხოლმე მათი არსი. ისინი ასეთ ადგილებს “9-დან 5-მდე” ეძახიან. სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს.

გახსოვს ჩემი ძველი გამონათქვამი, “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც სამსახურისთვის იბრძვიან, არა იმიტომ რომ მათ ეს სამსახური მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ უარესი ალტერნატივის ეშინიათ, სულ უფრო იკარგება ადამიანობა. ადამიანები ცარიელდებიან. შეშინებული და დამჯერი გონების მქონე სხეულებს წარმოადგენენ. მათ თვალებში ფერი იკარგება. მათი ხმა მახინჯდება. სხეულიც და თმაც, ფრჩხილებიც და ფეხსაცმელი, ყველაფერი.

ახალგაზრდა რომ ვიყავი ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანები მზად არიან თავისი სიცოცხლე ასეთ პირობებში გაატარონ. ასაკში შესული, კვლავ ვერ ვხვდები. რატომ აკეთებენ ამას? სექსისთვის? ტელევიზორში გამოსაჩენად? ავტომობილის, თუ გადასახადებების გამო? ბავშვების გამო? ადრე, როდესაც საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და სამსახურს ხშირად ვიცვლიდი ჩემს კოლეგებს სულელურად ვეუბნებოდი: “ჰეი, ბოსი შეიძლება ნებისმიერ წამს შემოვიდეს და სამსახურიდან გაგვათავისუფლოს, ვერ ხვდებით ამას?”

ისინი უბრალოდ მიყურებდნენ, თითქოს ისეთ რამეს ვამბობდი, რომლის გაგებაც არ სურდათ. დღეს ინდუსტრიაში მასიური შემცირებებია (ფოლადის ქარხნები მკვდარია, სხვადასხვა ქარხანაში ტექნიკური სიახლეებია). ასეულობით ათასი შემცირებაში ხვდება და მათი სახეები გაშტერებულია.

“ამაში 35 წელი ჩავდე…”

“ეს არ არის სწორი…”

“არ ვიცი რა გავაკეთო…”

მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ, უხდიან იმდენს რომ გადასარჩენად ეყოთ და სამსახურში დაბრუნდნენ. მე ამ ყველაფერს ვხედავდი. რატომ ვერ ხედავდნენ ამას ისინი? მე მივხვდი, რომ იგივე წარმატებით შეიძლება უსაქმური ან ლოთი ვყოფილიყავი. არ სჯობია თავიდან ასეთი იყო ვიდრე იქამდე სხვა მიგიყვანს? ლოდინს რა აზრი აქვს?

თავის დროზე ამ ყველაფრის საწინააღმდეგო დიდი ზიზღით დავწერე, ძალიან დიდი შვება იყო ამ სისტემიდან გამოღწევა. და ახლა ეგრეთწოდებული პროფესიონალი მწერალი მქვია, მას შემდეგ რაც ამ საქმეს 50 წელი დავუთმე მივხვდი, რომ სისტემის გარეთ კიდევ ბევრი საზიზღარი რამ არსებობს.

მახსოვს, ერთ ხანს ნათურების კომპანიაში შემფუთველად რომ ვმუშაობდი, მეორე შემფუთველმა უეცრად მითხრა: “არასდროს ვიქნები თავისუფალი!”
ამ დროს ახლომახლო, ერთ-ერთი უფროსი სეირნობდა (მას მორი ერქვა) და ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილი მორთო, ის სიამოვნებას იღებდა იმ ფაქტისგან, რომ ეს ადამიანი მთელი სიცოცხლე ხაფანგში გაატარებდა.

ის რომ გამიმართლა და მსგავს ადგილს თავი დავაღწიე და არ აქვს მნიშნველობა, თუ რამდენი დრო დამჭირდა გათავისუფლებისთვის, თავისუფლება უდიდესი ბედნიერების მომტანი გახდა ჩემთვის, სასწაულებრივი ბედნიერების. ახლა მე ასაკოვანი გონებით და ასაკოვანი სხეულით ვწერ, ასაკში რომელშიც უმეტესობა ადამიანი ამ საქმეზე უარს იტყოდა, თუმცა რადგანაც გვიან დავიწყე, ვფიქრობ ეს საქმე უნდა გავაგრძელო. და როდესაც სიტყვები მღალატობენ და კიბეზე ასასვლელად დახმარება მჭირდება და ერთმანეთისგან ბეღურას და სკრეპს ვეღარ ვარჩევ, მაინც ვგრძნობ, რომ ყოველთვის მემახსოვრება (არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს წავალ) თუ როგორ დავამარცხე კატორღა და

მივაღწიე იმას, რომ ღირსეულად მოვმკვდარიყავი.

ცხოვრების მთლიანად არ განიავება ღირშესანიშნავ მოვლენად მეჩვენება,

შენი ბიჭი,

ჰენკი [ჩარლზ ბუკოვსკის ალტერ ეგო ჰენრი ჩარლზ “ჰენკ” ჩინასკი იყო]

წყარო: Lettersofnote

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100