ერთ სურათში საუკუნოვანი ისტორიის ასახვა შეიძლება

კეთილსინდისიერება, სიზუსტე, ობიექტურობა – დოკუმენტური ფოტოგრაფიის დადებითი მახასიათებლებია. დოკუმენტური ფოტოგრაფია თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიას ინახავს და საზოგადოებას წარსულის, ტკივილისა და ტრაგედიის დავიწყების უფლებას არ აძლევს. ყოველწლიურად კი მოგონებები უფრო და უფრო იზრდება ომების, ტერორისტული აქტების, მიწისძვრების, ვულკანებისა და უსამართლობის ამსახველი ფოტოებით.

ადამიანები მეტს საუბრობენ და წერენ გაჭირვებაზე, საბოლოოდ კი ყოველივე სააშკარაოზე მთავარი საერთაშორისო გამოფენის, „World Press Photo“–ს საშუალებით გამოდის. აღნიშნულ გამოფენაზე ხვდება კადრები, რომლებზეც ყველაზე მეტს საუბრობდნენ და წერდნენ. ბუნება კი ვიზუალური ეფექტისთვის, უკანა ხედის „გასალამაზებლად“ გამოიყენება. დოკუმენტური ფოტოგრაფიის დავალება ტკივილისა და სევდის, ტრაგიზმისა და თუნდაც უიმედობის დაფიქსირებაა. თუ რატომ ხდება ასე, არავინ იცის. ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

მაგრამ ფაქტია: ფოტოგრაფია, როგორც ერთ–ერთი მედია საშუალება, მონაწილეობას იღებს რეალობის, „ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ უარესად იქნება“, აღბეჭდვაში. დოკუმენტური ფოტოგრაფია კატასტროფაზე არის ორიენტირებული: „აი, ასეთია საზოგადოების სულიერი მდგომარეობა.“–ამბობს იგი. ფოტოგრაფია არ ითავსებს სამაშველო, ეთიკურ და აღმზრდელობით ფუნქციებს: ტოლერანტობა და პოლიტიკური კორექტურობა მისთვის არ არსებობს. თუ გაღიმება გსურთ, წადით საბავშვო ბაღში, ბიბლიოთეკაში რომანის კითხვით შეიქციეთ თავი, უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმს და გაერთეთ მეგობრებთან ერთად.

მსგავს სიამოვნებას კი დოკუმენტური სურათებისგან ვერ მიიღებთ. ასეთი სურათები ცრემლების მოსაგვრელად, სხვისი უბედურების გასათავისებლად და რაც მთავარია, დასაფიქრებლად იქმნება. მათი დანიშნულება რეალობის ჩვენებაა. რელობისა, რომელიც ფოტოგრაფმა ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვოს. რაც შეეხება „წლის ფოტოს“, ეს სტატუსი ჯუდი ბიბერის სურათს მიენიჭა. ფოტოზე ავღანელი გოგონა, აიშა არის ასახული. აიშას თალიბებმა ყურები და ცხვირი მოაჭრეს. გოგონას ავღანეთის ორგანიზაცია, „ქალები ქალებისთვის“ დაეხმარა. აიშას მრავალი პლასტიკური ოპერაციის გადატანა მუწია, საბოლოოდ კი მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

კატასტროფის შუაგულში ადამიანი სრულიად დაუცველია. ფოტოგრაფი კი საკუთარ სიცოცხლეს ყოველთვის საფრთხეში იგდებს, იგი იქ არის სადაც უნდა იყოს, კონფლიქტისა და კატასტროფის ზონაში. ფოტოგრაფიის სახით ხშირად ხდება სასწაულები, ფოტოგრაფები იღებენ სურათებს, ისეთ სიტუაციაში, სადაც ხშირად სუნთქვაც კი შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო ისტორიის შემნახველი კადრის დაჭერასა და ასახვაზე. დოკუმენტური ფოტოგრაფია სევდის ულუფებით გვკვებას.

არსებობს რუბრიკა, „სპეციალური მოგონება“. მაგალითად ამ რუბრიკაში შედის ფოტოები, რომლებიც ჩილელმა მეშახტეებმა ერთმანეთს გადაუღეს. ისინი შახტაში 69 დღის განმავლობაში იყვნენ გამოკეტილები. ერთ–ერთი მეშახტე, ედისონ პენა მიწისქვეშ ადგილზე სირბილით ვარჯიშობდა, დანარჩენი მეშახტეები აზიდვებს აკეთებდნენ და ლამაზი ქალების სურათებს ათვალიერებდნენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს რთულ სიტუაციაში ადამიანი. იგი სულით არ უნდა დაეცეს და განაგრძოს ბრძოლა. ყოველივეს ჩვენება კი ფოტოგრაფიამ შეძლო. იმისათვის, რომ არ დავივიწყოთ ფაქტები, ყოველწლიურად საერთაშორისო გამოფენები ეწყობა. თუ თავად ვერ მოვახერხებთ ცხოვრების გარკვეული ეტაპების დამახსოვრებას, ამაში, „World Press Photo”-ს არქივი დაგვეხმარება.

კომენტარი