დაწყევლილი შედევრები

ახლახან „რუსთავი 2“-ზე გამეორებით გავიდა დოკუმენტური ფილმი ლუკას კრანახის შედევრის „მაჭანკალის“ შესახებ, რომელიც საქართველოში აღმოაჩინეს. ფილმის ავტორმა სრულიად სამართლიანად გაიხსენა თქმულება ამ ფერწერული ტილოს შესახებ, რომლის მიხედვითაც ნახატს მისი მფლობელისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს. თქმულება-თქმულებად, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ფერწერული ტილოს გარდაცვლილ მფლობელთა სტატისტიკა საკმაოდ მაღალი და შემზარავია. ხელოვნებათმცოდნეები ერთხმად აღიარებენ, რომ არსებობს ე.წ. დაწყევლილი შედევრები, რომელთაც მფლობელებისთვის დამატებითი პრობლემები, ზოგჯერ კი სიკვდილიც მოაქვთ. „დრონი.ჯი“ დღეს ერთ მათგანს წარმოგიდგენთ.

სტატიას თანდართული ფოტო ესპანელი მხატვრის, ჯოვანი ბრაგოლინის, მართლაც რომ დაწყევლილი ფერწერული ტილოს რეპროდუქციაა.

”მტირალა ბიჭუნა” - ასე ჰქვია ბრაგოლინის ამ ფერწერულ ნამუშევარს. მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და მენატურედ მისი პატარა შვილი აიყვანა. რადგან პატარას დაკვეთით ტირილი არ შეეძლო, მამამისს კი რეალისტური სურათის დახატვა სურდა, მხატვარი შვილს მანამდე უნთებდა თვალებთან ასანთს , სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა. მხატვარმა იცოდა, რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის, მაგრამ ხელოვნება მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები და ის კვლავ აგრძელებდა მის წამებას მანამ, სანამ ერთხელაც ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითმინა და იყვირა : „თავადაც დამწვარხარ!..“

წყევლა ახდა: 2 კვირის თავზე, ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა, მალევე კი საკუთარ სახლში მხატვარი ამოიწვა. სურათი გადარჩა. ეს ამ სურათის მხოლოდ პრეისტორიაა…

უმთავრესი ბოროტი ბექრაუნდი ამ რეპროდუქციამ 1985 წელს, ინგლისში შეიძინა. ეს კი უცნაური დამთხვევების წყალობით მოხდა: ჩრდ. ინგლისში ერთიმეორის მიყოლებით იწვოდა საცხოვრებელი სახლები, იყო მსხვერპლიც. ზოგიერთი დაზარალებული იხსენებდა, რომ მათი საკუთრებიდან გადარჩა მხოლოდ იაფი რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭუნა. ამგვარი ცნობების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა.

მოგვიანებით ისიც დადგინდა, რომ ხანძარი ჩნდებოდა იმ ოთახიდან, სადაც ეს სურათი იყო შენახული ან კედელზე დაკიდებული. ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ, რომ არა ერთი გარემოება: ნახატის ირგვლივ ხანძრისგან უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა, რეპროდუქციას კი ცეცხლი არ ეკარებოდა. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა.

სხვათა შორის, ამ ნამუშევრის ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება...

ucnauri.com

კომენტარი