სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული (პატარა ძუძუები)

თავი I - პატარა ძუძუები

გონება ისე ჰქონდა შერყეული, საჭესთან ნასვამი დაჯდა იმ საღამოს და მერე კარგა ხანს ვერ პატიობდა ამას საკუთარ თავს, რადგან სახლში 2 თვის შვილი ელოდა.

საბედნიეროდ მშვიდობით იარა, პატრულსაც კი არ გაუჩერებია.

ლიფტში რომ შევიდა გაიფიქრა ნეტავ ჩაწყდეს და თან ჩამიტანოსო.

მაშინ ეჩვენებოდა, დარწმუნებული იყო, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. ასე იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც საკუთარი არსებობის ცენტრად რაიმე ან ვინმე ერთს გაიხდიან ხოლმე და მერე ამ ერთის დაკარგვასთან ერთად სიცოცხლის სურვილიც იკარგება.

ეს სალომე ინგოროყვას ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო, ამ დღეს სალომე ინგოროყვას კეთილისმურველმა ქმარი გღალატობსო ამცნო.

ქმარი ბევრ ქალს ღალატობს, მაგრამ სალომესავით ძლიერ ცოტა ვინმეს უყვარს საკუთარი მეუღლე და სალომესავით ამპარტავანი ქალებიც არაა ბევრი ამ სამყაროში.

სახე წაეშალა, ცნობის მომტანს მადლობა გადაუხადა და შეძლებისდაგვარად მშვიდად გავიდა ქუჩაში.

სალომეს ქმარი სიგიჟემდე უყვარდა, სალომე არ იყო უბრალოდ ცოლი, სალომე იყო ქალი, რომელმაც საკუთარი ქმრისგან კაცი გამოთალა, სალომე იყო ქალი, რომელზეც ბევრი კაცი ოცნებობდა, სალომე იყო ქალი, რომლისაც სხვა ქალებს შურდათ, სალომე ლამაზიც იყო წარმატებულიც და ბოლოს, სალომე იყო ქალი, რომელიც დედამთილსაც კი უყვარდა.

თურმე ასეთ ქალებსაც ღალატობენ ქმრები.

„რატომ?“ - ლიფტში სრულიად მარტოდარჩენილმა სალომემ პირველად დაუსვა საკუთარ თავს ეს შეკითხვა.

„რატომ მიღალატა?“- ჩაეიკითხა საკუთარ თავს და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გონებამ ისეთი პასუხები მოაყარა, რომ კიდევ ერთხელ მოუნდა ლიფტი ჩამწყდარიყო.

„მსუქანი ვარ?“ - სალომე 55 კილოგრამს იწონის, ამიტომ ეს არ იყო სწორი პასუხი

„დავბერდი?“ - სალომე 31 წლისაა, ანუ ესეც არაა რეალური ვერსია.

„პატარა ტრაკი მაქვს?“ - ერთხელ მისმა ქმარმა კიმ კარდაშიანზე თქვა ცხოველიაო, ამიტომ არც ეს პასუხი იდგა სიმართლესთან ახლოს.

„ძუძუები, ძუძუების ბრალია და ჩემი მატყუარა ლიფების, პატარა ძუძუები მაქვს და მაგიტომ მიღალატა.“ - დაასკვნა ბოლოს და ოდნავ დამშვიდდა.

დაკვირვებული ხართ? რთულ სიტუაციაში დამნაშავეს, რომ იპოვი და უკვე იცი ვისზე/რაზე იყარო ჯავრი ეს საოცრად გამშვიდებს, რადგან შენი ბრალი არაა. მთვრალმა სალომემაც იპოვა დამნაშავე და ლიფტიდან გასული უკვე მშვიდად იყო, საკუთარ ძუძუებს ლანძღავდა და გულს ისე გემრიელად იოხებდა მგონი მოღალატე ქმარიც კი დაავიწყდა.

ქმარი სახლში არ დაუხვდა, ბავშვს ეძინა, ძიძა კი ტელევიზორს უყურებდა.

-რუსუდან ჩემი ქმრის მოსვლამდე ნუ წახვალთ სახლში, მე ცუდად ვარ და ბავშვს ვერ მივხედავ.

-კარგით - მორჩილად დაეთანხმა ქალბატონი რუსუდანი, რომელსაც რუსუდანს მხოლოდ ორი ადამიანი ეძახდა, 30 წლის წინ სკოლაში, გაუთხოვარი და აუტანელი ქიმიის მასწავლებელი და ახლა მისი ახალი აღსაზრდელის დედა. არ მოსწონდა თავისი სახელის ეს ფორმა, რუსიკო ერჩივნა, მაგრამ დამქირავებელს საყვედური ვერ გაუბედა, უკვე ორი თვეა ცუდად ხვდება ყურზე ეს „რუსუდანი“ მაგრამ იტანს, რადგან სალომეს ბავშვის მოვლაში კარგ ხელფასს უხდიან.

-ნიკოლოზი ხომ კარგად იქცეოდა დღეს? - მთვრალიც იყო და სასოწარკვეთილიც (პატარა ძუძუების თუ ქმრის ღალატის გამო ეს სიმთვრალის გამო უკვე აღარ იცოდა) მაგრამ შვილი მაინც არ დაავიწყდა.

-დიახ - ისევ მორჩილად დაეთანხმა რუსიკო (რუსუდანი სალომესგანაც ეყოფა ჩვენს მზრუნველ ძიძას, ამიტომ მე რუსიკოთი მოვიხსენიებ ხოლმე) გულში კი ისევ აღნიშნა სალომეს უცნაურობა, 2 თვის ბავშვს ნიკოლოზს ეძახის, მაინც რა კუდაბზიკა გოგოაო.

-კარგი მაშინ მე და ჩემი პატარა ძუძუები წავალთ და დავიძინებთ

რუსიკომ რათქმაუნდა გაიგო სალომეს ნათქვამი, მაგრამ გონებაში წამითაც კი არ გაუვლია აზრი იმის შესახებ, რომ სალომემ ის თქვა რაც მან გაიგო. ალბათ რაიმე თავისებური მაღალფარდოვანი სიტყვა მითხრა, რომელიც ზუსტად ისე ჟღერს როგორც ძუძუებიო, გადაწყვიტა რუსიკომ და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა.

მთვრალი სალომე ოთახიდან გასვლისას ისევ მიბრუნდა ძიძისკენ და კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა, რუსუდანს დიდი მკერდი ჰქონდა და მკერდზე უფრო დიდი მუცელიც ედო ორკეცად.

„ჩემი ქმარი ისეთი დამპალია, ძუძუების ხათრით ამ ღიპიანთანაც კი მიღალატებდა.“ - გაიფიქრა სალომემ ცოტა ბრიყვულად, ცოტა ბრაზით და ძალიან სასაცილოდ. მერე საკუთარ მკერდს დახედა და გული ისე დაეწვა თითქოს მოკრივე იყო, რომელიც ნოკაუტით დაამარცხეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე და მერე სამარცხვინოდ გაათრიეს რინგიდან.

(ნოველის გაგრძლება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26900 )

კომენტარი