სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული - თავი VIII (ალფონსის ცოლი სალომე)

ნოველის წინა თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27131

დათიმ ბარგი ჩაალაგა და სახლიდან წავიდა. სალომე თავად აპირებდა წასვლას, რადგან ბინა ქმარს ეკუთვნოდა, მაგრამ დათიმ უთხრა ჩვენს ახალ სახლში გადავალ სანამ შენ გონს მოხვალო. მართალია რემონტი დასრულებული არ იყო, მაგრამ დათის აზრით ასე უკეთესი იქნებოდა და სალომეს მშობლებთან გადასვლა აღარ დასჭირდა.

ერთი კვირა გავიდა დათის წასვლიდან.

სალომე საშინელ მდგომარეობაში იყო, სამსახურში მოსიარულე გვამივით დადიოდა, მთელი დღე საკუთარ კაბინეტში უსაქმოდ იჯდა და ჭერს მიშტერებოდა.

საღამოს ნიკოლოზის ხათრით ოდნავ ცოცხლდებოდა, რადგან რუსიკოს წასვლის შემდეგ ბავშვი მასთან რჩებოდა და ეს ქმართან განშორებით განადგურებულ ქალს გამოფხიზლების სტიმულს აძლევდა.

გამუმებით დათიზე ფიქრობდა და კიდევ ოკრაზეც, მის სეანსებზეც, რომელთა არსსაც მხოლოდ ნაწილობრივ ხვდებოდა.

ერთი კვირის შემდეგ კი ფეხებმა თითქოს თავად მიიყვანეს ოკრას სახლის კართან. პასუხებს ეძებდა და გონებამ მათი ადგილსამყოფელი სწორედ აქ მიასწავლა.

ოკრა ღიმილით შეხვდა, აშკარად არ იყო სალომეზე განაწყენებული.

-თქვენმა სეანსებმა კიდევ უფრო ამრია

-არ აგრია, შეგაშინა და ამიტომაც გაიქეცი, რომ არ გაქცეულიყავი დღეს მთავარი პასუხი გექნებოდა.

-რა პასუხი?

-წესით დავადაც უნდა ხვდებოდე

-ვერ ვხვდები

-ძვირფასო სალომე, არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანს თავისი მეორე ნახევარი ჰყავს

-დათი ჩემი მეორე ნახევარია?

-მაგ კითხვის პასუხი შენთვითონ უნდა გაიგო, მე მხოლოდ შენს ქვეცნობიერთან შემიძლია დაგაკავშირო, სადაც იმას იპოვი რასაც ეძებ

-გამოსავალს ვეძებ, მაინტერესებს მომავალში რა იქნება, მაინტერესებს როგორ უნდა შევძლო დათის გარეშე ცხოვრება

-მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია და თუ ვინმე გეტყვის, რომ ეს შეუძლია, იცოდე მწარედ გატყუებს. მომავალი მუდმივად ცვალებადი მოვლენაა, ის მცირე დეტალსაც კი შეუძლია რომ ამოაბრუნოს, შეცვალოს. ერთი პატარა ნაბიჯი და უკვე სხვა ბილიკზე ხარ, ნაბიჯები და გარემოებები კი ამ სამყაროში იმდენია შეუძლებელია ყველაფრის ასეთ წვრილმან დეტალებამდე გათვლა შეძლოს რაიმე არსებამ. ალბათ ღმერთმაც კი არ იცის რა იქნება ხვალ, რადგან მან ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა და მილიარდობით ადამიანის თავისუფალ არჩევანს პლიუს გარემოებათა და შემთხვევათა სიმრავლე მუდმივად ცვლის ხვალინდელ დღეს.

-თუ მომავლის დანახვა არ შეგიძლიათ როგორ უნდა დამეხმაროთ?

-მომავალი ჯერ არ დამდგარა, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია აწმყო.

-ჩემი აწმყო დაღუპულია, დათის ამას ვერ ვაპატიებ

-მიტევება მაღალი ხარკია, მაგრამ არსებობს რაღაც რისთვისაც უმაღლესი ხარკის გადახდაც კი ღირს. ჩვენი მიზანია გავიგოთ გიღირთ თუ არა დათი ასეთი ხარკად

-დათი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, მაგრამ მისთვის ღალატის პატიება თავის დამცირება იქნება

-გამოდის თავმოყვარეობა უფრო ძვირფასია თქვენთვის ვიდრე დათი

-არ ვიცი რომელია უფრო ძვირფასი

-შეგვიძლია თქვნს ქვეცნობიერში მოვძებნოთ პასუხი.

-მორიგ ჰიპნოზს მთავაზობთ?

-დიახ

***

ამჯერადაც უცხო საძინებელში გაიღვიძა, გვერდით დიტო ეწვა. მიხვდით ალბათ დიტო სალომეს რიგით მესამე შეყვარებულია. ჰანცთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ქორწილში გაიცნო.

დიტო მოცეკვავეა, არც ისე მაღალი კლასის, მაგრამ სალომეს მოსახიბლად ეყო. ერთი თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს და როცა ბიჭმა ალფონსური თვისებების გამოვლენა დაიწყო სალომე მაშინვე დაშორდა და მისი სატელეფონო ზარისთვისაც კი აღარ უპასუხია.

„გიო და ჰანცი გასაგებია, მეც მქონდა მათ მიმართ გრძნობები, მაგრამ ამას რატომ გავყევი ცოლად?“ - ჰკითხა საკუთარ თავს და სანამ პასუხს მიიღებდა მუცელზე დიტოს ხელის შემოსრიალება იგრძნო.

საწოლიდან წამოხტომას აპირებდა, რადგან ამ კაცთან ფიზიკური სიახლოვის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ დიტომ ძლიერად მოხვია წელზე მკლავი, მერე მისკენ მიჩოჩდა, მკერდზე მიიკრა, სალომე ამაოდ ცდილობდა მისგან გათავისუფლებას, დიტო ხმას არ იღებდა, უბრალოდ გიჟივით უკოცნიდა მხრებსა და კისერს და ძლიერად იკარვდა სხეულზე.

სალომე მისგან გათავისუფლებას ცდილობდა, წინააღმდეგობა კაცს უფრო და უფრო აღაგზნებდა, მძიმედ სუნთქავდა, თითებს ტკივილამდე არჭობდა ზურგსა და წელზე, კოცნა კი მსუბუქი კბენით ჩაანაცვლა.

სალომემ იგრძნო როგორ აენთო მისი სხეული, ვნებამ გონება დაუბნელა და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა, დიტომ მისი მოდუნებით ისარგებლა და მთავარ შეტევაზე გადავიდა.

ასეთი სექსი სალომეს პირველად ჰქონდა და უფრო მეტიც, მას პირველად ჰქონდა სექსი სხვა მამაკაცთან, რადგან დათი მისი პირველი და ამ ეროტიულ ჰიპნოზამდე ერთადერთი პარტნიორი იყო.

გონს მოსვლა აბაზანაში შხაპის ქვეშ დაიწყო, დიტოსთან განცდილის გახსენებაზეც კი თავიდან ვარდებოდა ეროტიულ ექსტაზში.

დიტოს ცოლი სალომეს მოგონებებს, რომ გადახედა მიხვდა ალფონსის ცოლი იყო, მაგრამ არ გაჰკვირვებია, რადგან ასეთ სექსში ნებისმიერი ქალი მზად იქნება გადაიხადოს.

სამსახურში წავიდა. ალფონსი დიტოს ცოლი სალომე კერძო საადვოკატო ფირმაში მუშაობს. ძლიერი, ცნობილი და გაიძვერა ადვოკატია, შიშის ზარს სცემს კოლეგებს და ძალიან მაღალი ანაზღაირება აქვს. მისი კაბინეტი ქალაქის ერთ-ერთ ახალაშენებულ შენობაშია, ფანჯრები მტკვარსა და დედაქალაქის ნახევარს გადაჰყურებს. კართან მდივანი გოგონა ზის და მის მითითებებს ელოდება, თუმცა არ იცის, რომ დღეს უფროსი საერთოდ არ იმუშავებს, დღეს მისი უფროსის სხეულში სულ სხვა ქალია ჩასახლებული, ქალი რომელიც ჯერ კიდევ დილანდელ სექსზე ფიქრობს, სექსზე რომელიც მისი უფროსის ქმართან ჰქონდა. და რადგან მდივანმა გოგონამ ეს ყველაფერი არ იცოდა ალფოსნის ცოლი სალომეს კაბინეტში შევიდა პლანშეტით ხელში და დღის სამუშაო გეგმის კითხვა დაიწყო.

სალომე არ უსმენდა, თუმცა მდივნის ნათქვამმა ფრაზამ „მაგ ორს თქვენც იცნობთ, მგონი ოდესღაც მეგობრობდით“ ფიქრებიდან გამოარკვია.

-ვინ ორს?

-თამარს და ზურაბს

-ვინ არიან? - სალომე მიხვდა თაკოზე და ზუკაზე იყო საუბარი, მაგრამ მდივანთან არ შეიმჩნია

-ენჯეოშნიკები არიან, ერთ ბიზნესმენს უჩივიან, დაქირავებულთა უფლებების უხეში დარღვევისა და გარემოს დაბინძურების გამო.

„ჩემს გარეშე დაუფუძნებიათ ენჯეო, უყურე ამ ორ პარტიზანს“ - ღიმილით გაიფიქრა სალომემ. ეს სარჩელიც გაახსენდა, ეს მათი ორგანიზაციის პირველი სერიოზული საქმე იყო, სასამართლო პროცესი მოიგეს და პირველი სახლიც სწორედ მაშინ მოიხვეჭეს.

-მერე მე რა შუაში ვარ?

-ამ ბიზნესმენს თქვენი დაქირავება უნდა, ნებისმიერ თანხას გადავიხდი, ოღონდ ეგ ორი გააცამტვერეთო.

-იდი ნა ხუითქო გადაეცი

-ბატონო? - გაუკვირდა მდივანს

-მავნებელი და უნამუსო ბაღლინჯოების ადვოკატობას არ ვაპირებ

-როდის აქეთია? - ინსტიქტურად იკითხა მდივანმა

„ამ სიზმარში აშკარად ცუდი პერსონაჟი ვარ“ - გაიფიქრა სალომემ, ხმამაღლა კი მდივანს მხოლოდ ის უთხრა დღეს საქმის კეთების ხასიათზე არ ვარო.

-ანუ კოჯორში წასვლა მაინც გადაწყვიტეთ?

-რა ხდება კოჯორში?

-ნინოსთან ქეიფია - უპასუხა მდივანმა და სალომეს გაახსენდა ოკრა გამუდმებით დათის გაცნობის დღეს რომ ამთხვევს მის სიზმარს. ამ ფაქტს დილითვე გააცნობიერებდა, რომ არა დიტოსთან დაუვიწყარი სექსი.

-მაინც გადავწყვიტე რას ქვია? რა არ ვაპირებდი წასვლას?

-სამსახურის გარდა არასოდეს არასად დადიხართ და რაღა ნინოსთან წახვიდოდით

-ნინო ჩემი მეგობარია

-დედათქვენიც დედათქვენია, მაგრამ დაბადების დღე ტელეფონით მიულოცეთ და საჩუქრის საყიდლად მე გამაგზავნეთ

-კარგ, მორჩა, გეყო, დამღალე, გადი - დაუცაცხანა მდივანს და თავადაც ვერ მიხვდა ასე ძალიან რატომ გაბრაზდა. შეეძლო გაეღიმა საკუთარი თავის ამ ვერსიის ცოდვებზე, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და სხვა არაფერი, მაგრამ დილანდელი ამბავი არ ასვენებდა და მდივანზე იყარა ჯავრი. თვლიდა, რომ დათის უღალატა და ეს გულს და ტვინს ერთდროულად უჭამდა.

პრინციპში ეს ღალატი არ იყო, რადგან რეალურად არ მომხდარა, მაგრამ თავს ვერ პატიობდა, რომ სხვა კაცთან სექსი მოეწონა.

***

ნინოს აგარაკზე ყველაფერი ისე იყო როგორც ელოდა, შუა ქეიფში დათი ისევ მოვიდა ძმაკაცებთან ერთად, ისევ შევიდა ახალი სტუმრების მოსვლის შემდეგ მხიარულება ახალ ეშხში, ისევ მივიდა დათი სალომეს ახლოს გასაცნობად, ისევ ზრდილობიანი უარი მიიღო ქალისგან ფლირტზე.

ამჯერად სალომეს თავშეკავების მიზეზი დანაშაულის შეგრძნება იყო. დილანდელი ინტიმური კადრები ისევ ზეპირად ახსოვდა მის თვალებსა და სხეულს, ალბათ მათი წაშლის მიზნით კოჯორიდან ისევ დათისთან ერთად წამოვიდა და იმ ღამეს მასთან ერთად საკუთარ კაბინეტშიც ჩაიკეტა.

როცა დათის მის მკერდზე ჩაეძინა, ნამდვილ ქმარს თმებზე მოეფერა, მის სუნთქვას მიაყურადა და მიხვდა არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე სექსი საყვარელ მამაკაცთან.

მძინარე დათის შუბლზე აკოცა და ოკრას გასაგონად წაიჩურჩულა „გასაგებია“

***

პირველი ორი სეანსისგან განსხვავებით, ახლა ნეტარი ღიმილით სახეგაბრწყინებული გამოვიდა ჰიპნოზიდან.

-მართლა გასაგებია თუ ჯერ არა? - ჰკითხა ოკრამ

-თითქმის - უპასუხა სალომემ

-მივაყოლოთ შემდეგი სეანსიც?

-დიახ - თავი დაუქნია სალომემ.

გაგრძელება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27176

კომენტარი