სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოსპიტალიზებული რუბენ გონსალეს გალიეგო მძიმე მდგომარეობაშია

პარალიზებული მწერალი, რუბენ გონსალეს გალიეგო ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და ვაშინგტონის საავადმყოფოში რჩება.

ქართველი მკითხველი რუბენ გალიეგოს ბავშვთა სახლების შესახებ ცნობილი წიგნებით „შავით თეთრზე“ და „ნაპირთან ვზივარ“ იცნობს. აქედან ქართულად „შავით თეთრზე“ გამოიცა.

როგორც მწერლის მეუღლე, კატერინა ლევი ჰყვება, 16 აგვისტოს რუბენ გალიეგო ვაშინგტონის მეტროს რელსებზე დაეცა და დაახლოებით ასკილოგრამიან, საკუთარ ეტლქვეშ მოყვა. ექიმებმა მწერალს მრავალი დახურული მოტეხილობა და სახის ძვლების დაზიანება დაუდგინეს და ამასთან, თავის ტვინის სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარეს.

„რუბენი გონს მოვიდა, მას საუბარი შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით, სულ ესაა, რაც შეუძლია. მას არ შეუძლია განძრევა, ყველა სიტყვის წარმოთქმამდე დაახლოებით 30 წამს უწევს ფიქრი, მაგრამ მთავარია, რომ გადარჩა. როცა ოპერაციის შემდეგ გონს მოვიდა, ეს წინადადება თქვა: „სად არის ჩემი ეტლი? სახლში წავედით...“

მწერალი ჯერაც რეანიმაციის განყოფილებაშია. სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობის გამო, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ექიმები აკვირდებიან, როგორ იმოქმედებს ოპერაცია თავის ტვინზე და გამოიწვევს თუ არა იგი თანდაყოლილი დაავადების (ბავშვთა ცერებრალური დამბლის გამო გალიეგო პარალიზებულია) გართულებას.

„ის არ წუწუნებს“, - ამბობს კატერინა, - „ის ასეთია - არ დაიწუწუნებს, ვიდრე არ მოკვდება. უკვე ოთხნახევარი წელიწადია, მე და ის ერთად ვცხოვრობთ და მე ზუსტად ვიცი: როცა სხვა ნებისმიერი ადამიანი, ალბათ, კედლებზე გავიდოდა, რუბენი ხმადაბლა მხოლოდ ამას ამბობს: „მტკივა!“.

რუბენ გალიეგო Washington Hospital Centre-ს კლინიკაში მკურნალობს, სადაც მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი ელის. კატერინამ ჯერ არ იცის, მკურნალობის რა ნაწილს ფარავს გალიეგოს სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი. იმის გამო, რომ რუბენის უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლება, კატერინას სამსახურის მიტოვება, ან მომვლელის აყვანა მოუწევს. მან ისიც კი არ იცის, გამოადგება თუ არა რუბენს უნარშეზღუდული პირის ეტლი, რომელიც მას ქვედა კიდურების მაგივრობას უწევდა. მაგრამ კატერინა გამუდმებით იმეორებს, რომ ბედნიერია, რადგან მეუღლე გადარჩა. „მე მისი დაკარგვის მეშინოდა“, - ამბობს ცრემლიანი კატერინა.

მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში რუბენ გონსალეს გალიეგოსთვის ფინანსური თანადგომის გაწევის მიზნით უკვე გაიხსნა სპეციალური ანგარიში და ზოგ ქვეყანაში კი ეს საქმე ცნობილმა საქველომოქმედო ორგანიზაციებმა აიღეს თავიანთ თავზე. საქართველოში ამ მხრივ აქტიურობა არც ფორუმებზე, არც პრესითა და ტელევიზიით და არც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ არ შეინიშნება.

„ფეისბუქზე“ თვითონ მწერალიც არის რეგისტრირებული. მას 97 მეგობარი ჰყავს, მათ შორის რამდენიმე ქართველი, რომელთა შორისაა ლიანა ისაკაძეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100