სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დამიბრუნეთ ჩემი ცოლი!..“

1979 წლის აგვისტოს ერთ–ერთ დღეს „მოამბე“ და „ვრემია“ შეშფოთებული ხმით იტყობინებოდნენ, რომ ხალხის მიერ გარშემორტყმულ ნიუ–იორკის აეროპორტში იმყოფებოდა საბჭოთა ბალერინა, ლუდმილა ვლასოვა, რომლის თვითმფრინავსაც თავმოყრილი საზოგადოება გამოფრენის უფლებას არ აძლევდა. საბჭოთა ხელისუფლების ჩარევით, ვლასოვამ სამშობლოში დაბრუნება მესამე დღეს მოახერხა. დაბრუნებული ბალერინას თვალებზე ყველამ შენიშნა ცრემლები, მაგრამ მიზეზს ვერავინ ხვდებოდა. ყველას საკუთარი ვერსია ჰქონდა, თუ რატომ არ უშვებდნენ შინ, რა სურდათ მისგან და რა „დანაშაულისთვის“ უპირებდნენ დასჯას. სიმართლე ფარდააუხდელი რჩებოდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: არბატელმა გოგონამ სინჯები ნატაშა როსტოვას როლზე გაიარა. გოგონას ახლობლები თვლიდნენ, რომ ლუდმილას ყოველგვარი პრობლემის გარეშე აირჩევდნენ. მთავარი პრობლემა კი ის იყო, რომ ვლასოვას დედა ეწინააღმდეგებოდა შვილის გადაწყვეტილებას, მან ბონდარჩუკის თანაშემწე მოატყუა, რომ ლუდა უკვე მიღებული იქნა „დიდი თეატრის“ სოლისტად. ამ ტყუილის საფუძველზე კი თანაშემწემ ვლსოვას როლზე უარი განუცხადა.

ვლასოვა მართლაც გახდა „დიდი თეატრის“ სოლისტი და ამავე თეატრის მსახიობს გაყვა ცოლად. ისინი ათ წელიწადს ცხოვრობდნენ ერთად, შემდეგ კი ლუდას ცხოვრებაში ალექსანდრე გოდუნოვი გამოჩნდა.

ფილმ „ტრაპეციის“ პრემიერაზე (რომლის შინაარსიც ბალეტს შეეხებოდა და სადაც ვლასოვაც თამაშობდა) მისულმა ლუდამ თეთრი, „ვიკინგის“ აღნაგობის, ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო. ეს მამაკაცი კი „მოსკოვის ბალეტის“ სოლისტი, ალექსანდრე (საშა) გოდუნოვი აღმოჩნდა. ფილმის დასრულების შემდეგ, როდესაც შემოქმედებითი ჯგუფის სცენაზე გასვლის დრო დადგა, ვლასოვა მხოლოდ ალექსანდრეს ხედავდა დარბაზში და გაოგნებული შეჰყურებდა. საბოლოოდ, ლუდამ გოდუნოვს შინ გაცილება სთხოვა და რომანიც დაიწყო.

„დიდ თეატრს“ ალექსანდრე გოდუნოვის ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენია. საშა და ლუდა პარტნიორებიც გახდნენ. „დიდ თეატრში“ მიწვევის შემდეგ, ალექსანდრემ შეასრულა როლები:ვრონსკი, ტიბალტი, ხოზე, სპარტაკი, ივანე მრისხანე. ყოველივეს კი ლუდას ოჯახის დანგრევა და მეორედ ქორწინება მოჰყვა.

საშას გარეგნობის, გრძელი თმებისა და ჯინსების სიყვარულის გამი, უშიშროება მასში პოტენციურ „საზღვარგარეთ დამრჩენს“ ხედავდა და სწორედ ამიტომ, ხუთი წლის განმავლობაში გასტროლებზე წასვლის უფლებას არ აძლევდნენ. ალექსანდრე კი მორის ბეჟართან ცეკვაზე ოცნებობდა.

1979 წლის 19 აგვისტოს საშამ „მეტროპოლიტენის“ სცენაზე დადგმულ „რომეო და ჯულიეტაში“ მიიღო მონაწილეობა. ლუდმილა რეპეტიციაზე წავიდა, ქმარი კი „მეი ფლაუერის“ ლუქსში დატოვა, მაგრამ დაბრუნებულს ის იქ აღარ დახვდა. ლუდა მიხვდა, რომ საშა გაიქცა და იმ ადამიანსაც მიაგნო, რომელმაც ალექსანდრეს დახმარების ხელი გაუწოდა. ეს იყო რიგელი ფოტოგრაფი ბლიოხი, რომელიც საშას არწმუნებდა, რომ საზღვარგარეთ არამარტო იცეკვებდა, ჰოლივუდის ვარსკვლავიც კი გახდებოდა.

ბალერინას ნომერში დასის ხელმძღვანელები და უშიშროების თანამშრომლები შეიკრიბნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშამ თავშესაფარი ითხოვა. ლუდა კი შინ, დედასთან დაბრუნებას ითხოვდა. მეორე დღეს გადაწყდა, რომ აეროფლოტის 5 საათიანი რეისით, ვლასოვა უკან დაებრუნებინათ. საკონსულოში გააფრთხილეს, რომ რეპორტიორების კითხვებისთვის თავი აერიდებინა. იგი თვითმფრინავში აიყვანეს და ცარიელ სალონში მოათავსეს. მგზავრები სალონის სხვა ნაწილში იმყოფებოდნენ. იმ დროს, როცა ლუდამ ყოველივე დასრულებულად ჩათვალა, სალონში აშშ-ს სამართალდამცველები, საკონსულოს თანამშრომელი და რეპორტიორები შეცვივდნენ.

მათ აინტერესებდათ აცილებდნენ თუ არა ქმარს ძალით, ლუდამ კი მათი ცნობისმოყვარეობა მშვიდი პასუხით დააკმაყოფილა: „ არა, თავად გადავწყვიტე წასვლა!“. „თქვენი მეუღლე აქ არის, ის გარეთ გელოდებათ, გამოდით და თვითონ უთხარით მას ეს, არ სჯერა!“ - უთხრა ერთმა რეპორტიორმა. ლუდამ ისევ უარი თქვა: „ასეა საჭირო!“- და არ გავიდა. ასეთ ვითარებაში განვლო სამმა დღემ.

საშა და ამერიკელი ახალგაზრდები, თვითმფრინავს აფრენის საშუალებას არ აძლევდნენ. ალექსანდრეს არ სჯეროდა, რომ მილა მასზე საკუთარი ნებით ამბობდა უარს და ხმამაღლა იმეორებდა: „დამიბრუნეთ ჩემი ცოლი!“. ამ ხნის განმავლობაში ბრეჟნევი და კარტერი პრობლემის მოსაგვარებელ გზებს ვერ პოულობდნენ. ვლასოვასთან ერთ თვითმფრინავში, ოღონდ სხვა სალონში მყოფი მგზავრები კი, რომლებსაც სხვა რეისს სთავაზობდნენ, უარს ამბობდნენ თვითმფრინავის დატოვებაზე...

გაიმართა მოლაპარაკება, რომელსაც „გაეროს“ წარმომადგენლები, საშას ადვოკატი და ექიმი ესწრებოდნენ. ვლასოვა კი ამბობდა, რომ მას საშა უყვარს, მაგრამ ასევე მიუწევს გული საკუთარი ქვეყნისა და ახლობლებისაკენ. სწორედ ამ მოლაპარაკების შემდეგ დართეს თვითმფრინავს აფრენის უფლება.

ერთი თვის შემდეგ საშამ ცოლს დაურეკა. მას აინტერესებდა იყო თუ არა ნიუ–იორკში, მეუღლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალდაუტანებელი: „მე მოღალატე არ ვარ და ამას ოდესმე აგიხსნი, მაგრამ ეს შენი ნება იყო?“. ვლასოვამ კი უპასუხა: „კი, ჩემი სურვილი იყო!“, თუმცა, ნერვებმა უმტყუნა და ატირდა.

გოდუნოვი ერთი წლის განმავლობაში ურეკავდა ვლასოვას. რა თქმა უნდა, ზარები ისმინებოდა და ერთხელაც, ლუდა ანდროპოვის მოადგილემ დაიბარა: „ მე თანაგიგრძნობთ და მსურს თქვენი ვითარების შემსუბუქება, იქნებ თქვენმა ქმარმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, რადაგან ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ავღანეთის გამო, მაშინ კი შევძლებდით თქვენი შეხვედრის ორგანიზებას.“

საშამ მაშინვე მიიღო გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. ლუდა მის სანახავად დასავლეთ ბერლინში უნდა წასულიყო, მაგრამ იმ პერიოდში ერთი სპორტსმენი გაიტაცეს და ვლასოვამ თავი შეიკავა. წელიწადნახევრის შემდეგ ოფიციალურად გაყარეს ქმარს. ამერიკაში კი აუდიო კასეტები იყიდებოდა, რომელებზეც ალექსანდრე გოდუნოვისა და ლუდმილა ვლასოვას სასიყვარულო ისტორია იყო ასახული.

გარკვეული წლების შემდეგ ვლასოვამ ბალეტს თავი დაანება და ფიგურული სრიალის ბალეტმაისტერად მუშაობდა, ხელი მიჰყო ოლიმპიური ჩემპიონების აღზრდას. იგი მესამედ, ოპერის მომღერალ, იური სტატნიკოვზე გათხოვდა.

ალექსანდრემ კი ლუდას დავიწყება ვერ შეძლო. მან რვა წელიწადი ჟაკლინ ბისეტთან ერთად იცხოვრა, მაგრამ ცოლად არ მოუყვანია. ერთხელ მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებზე ჰკითხეს, იყო თუ არა ჟაკლინი მისი ცოლი, ალექსანდრემ კი უპასუხა, რომ მისი მეუღლე რუსეთში ცხოვრობდა.

საშამ ცხოვრება ვერა და ვერ ააწყო - ლუდას გარეშე არსად უჩერდებოდა გული. საბოლოოდ, გალოთებული ალექსანდრე გოდუნოვი 1995 წლს გარდაიცვალა და მისი ფერფლი წყნარ ოკეანეში მიმოაბნიეს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100