„მხოლოდ ქართულის“ დატოვების დროს ფავორიტი ნამდვილად არ მყოლია“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ვაკო კრაწაშვილთან

ახალგაზრდა, სიმპათიურმა, მრავალმხრივ ნიჭიერმა მომღერალმა ვაკო კრაწაშვილმა"მხოლოდ ქართულის" მაყურებელს თავი ძალიან შეაყვარა. მართალია ვაკოს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, თუმცა მის შესახებ უამრავი რამ არ იცის. ვაკო დრონი.ჯი-სთან თამამად განიხილავს პროექტში განვითარებულ მოვლენებს, ხოლო რუსთავი 2-სა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მადლობას უხდის.

დრონი.ჯი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ შექმნილი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის, „მხოლოდ ქართულის“ მონაწილესთან, ვაკო კრაწაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- საზოგადებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, მოგვიყევი შენს შესახებ...

- ორი წლის წინ დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. ვარ ქართული, ხალხური და სამგალობლო ხელოვნების მაგისტრი. ასევე დავამთავრე ევგენი მიქელაძის მეორე სამუსიკო სასწავლებელი კლასიკური გიტარის განხით. ექვსი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა შემიყვანეს რობერტ ბარძიმაშვილთან სტუდია ლახტში. ასევე ვგალობდი წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში ოთხი წელი. კონკურსამდე არც თუ ისე მოკლე გზა მაქვს გავლილი...

- რა გრძნობაა, როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტის ათეულში ხვდები და ნომერ პირველი ტელეკომპანია შანსს გაძლევს?

- სიმართლე გითხრათ ისეთი ემოციის ქვეშ ვიყავი, რომ ახლაც წესიერად ვერ ვიხსენებ იმ შეგრძნებებს. ყველაზე მაგარი გრძნობა იყო, როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ის დღე არასდროს დამავიწყდება, როგორც იცით, ეს ხომ ჩემი მეორე ცდა იყო ამ პროექტში. გამიმართლა. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო რუსთავი2-სა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ამ ყველაფრისთვის.

- სიმღერის გარდა რითი ხარ დაკავებული?

- ვწერ საავტორო სიმღერებს და რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობრებმა გადამიღეს კლიპი სიმღერაზე "მოგონებები", რომლის პრემიერაც შედგა კინოსახლში. გატაცებული ვარ ფოტოების გადაღებით და გარკვეული პერიოდი ვაკეთებდი ტიხრულ მინანქარს.

- გული დაგწყდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ნაკლებად იაქტიურეს...

- საზოგადოებაზე, რომელიც დღემდე ჩემი გულშემატკივარია, ვერანაირად ვერ ვიქნები გულდაწყვეტილი. წინა სეზონზე საკმაოდ კარგად დამიმახსოვრა მაყურებელმა და მათი თხოვნითა და ჩემი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით კვლავ გადავწყვიტე პროექტში გავსულიყავი. ამ სეზონზე ჩემმა გულშემატკივრებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

- როგორ ფიქრობ, გიორგი კელაპტრიშვილი ღირსეული გამარჯვებულია?

- ათეულიდან გამარჯვების შანსი ყველასქონდა, შესაბამისად ჯილდო ღირსეულს ერგო.

- გიორგი ნარმანიას მიმართ ჟიუისა და წამყვანების დამოკიდებულებამ საზოგადოების აზრი ორად გაყო. შენ რას ფიქრობ?

- ზოგადად გიპასუხებთ, მედალს ორი მხარე აქვს და ყველა ადამიანი მომხდარს თავისებურად აღიქვამს...

- როდესაც დატოვე პროექტი, ვინ იყო შენი ფავორიტი?

-მხოლოდ ქართულის დატოვების დროს ფავორიტი ნამდვილად არ მყოლია, თუმცა პროექტის განმავლობაში გამოიკვეთა ჩემთვის ფავორიტები, რომლის დასახელებისგანაც ამჟამად თავს შევიკავებ...

- ხარ თუ არა შეყვარებული?

- შეყვარებული არ მყავს.

- ბევრი თაყვანისმცემელი გამოგინდებოდა პროექტში გამოჩენის შემდეგ. როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან?

- ჩემს გულშემატკივრებთან ძალიან თბილი და უშუალო დამოკიდებულება მაქვს. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამდენ უცხო ადამიანს უყვარხარ...

- შენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე.

- დაწყებული მაქვს ჩემი ახალი საავტორო სიმღერის გაკეთება და ახლო მომავალში ვგეგმავ ამ სიმღერის ჩაწერას და მორიგი კლიპის გადაღებას.

კომენტარი