ჯემალ ჭკუასელი: ეს უკვე პლაგიატობაა...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ანსამბლ ,„ერისიონი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი.

დრონი.ჯი: ბატონო ჯემალ მერამდენე ჯილდოა ეს თქვენთვის?

ჯემალ ჭკუასელი: უამრავი ჯილდო მაქვს აღებული, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, რომ დააფასა ,„ერისიონის“ შრომა და ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ასეთი საჩუქარი გადმომცა. მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ჯილდო, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია არის რუსთაველის პრემია.

- ანსამბლი „ერისიონი“ 125 წლის გახდა. იქნებ მოკლედ მოგვითხროთ ანსამბლის დაარსების შესახებ?

- ამ იდეის ავტორი იყო, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიაშვილი - პედაგოგი. დიდი ილიას თქმით ლადო მასწავლებლობით ნაშოვნ ფულს, მხოლოდ ანსამბლის ჩამოყალიბებისთვის ხარჯავდა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მას სმენა და მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა ქართული სიმღერის ფასი.

დიდი რუდუნებითა და თავდადებით 1885 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი. სამწუხაროდ საზოგადოება არც მაშინ აფასებდა ქართულ სიმღერას სათანადოდ. ამიტომ, ვერ ნახა ქართველი ადამიანი, რომელიც ანსამბლს ლოტბარობას გაუწევდა და სიმღერას ასწავლიდა. იმ ხანად ჩამოსული იყო ჩეხი კომპოზიტორი ნავრატილოვი, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერა ძალიან უყვარდა, სწორედ მას შესთავაზა აღნიაშვილმა გაეწია ანსამბლისთვის ლოტბარობა.

ნავრატილოვმა იმდენად შეიყვარა საქართველო, რომ აქედან აღარც წასულა, შემდგომში საზოგადოება ჩეხ კომპოზიტორს მოიხსენიებს ფსევდონიმით - რატილი. მან ძალიან დიდი პატივი დასდო ქართულ სიმღერასა და კულტურას თავისი შრომით. 1886 წელს გამართეს პირველი კონცერტი დღევანდელ გრიბოედოვის თეატრში. აწ უკვე, ილია მართალმა ძალიან დიდი შეფასება მისცა, სამი წერილი მიუძღვნა თავის გაზეთ „ივერია“-ში, სადაც დიდ მადლობას უხდიდა ბატონ რატილის „რომელმაც გაწურთნა იგი ხორო“ - ასე წერდა ზუსტად. 1889 წელს შეუერთდნენ მოცეკვავეები, ესეც რატილის იდეა იყო. გახდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

ანსამბლის წევრები იყვნენ: ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, გია კარგარეთელი, სანდრო კავსაძე, ჩემდა საამაყოდ ანსამბლის წევრებს შორის იყო ჩემი წინაპარი გრიგოლ ჭკუასელიც. ერთი სიტყვით, ყველა, ვინც კი შემდგომ ქართულ სიმღერასა და ქორეოგრაფიას დიდი სამსახური გაუწია.

ნოე ჟორდანიაც კი მღეროდა აქ 1886-88 წლებში. რატილმა რეპერტუარში შემოიტანა უცხოური სიმღერები, რაც აღნიაშვილსა და რატილს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. ამის შემდეგ ისინი ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ. ამ თემაზე ილია წერდა ასეთ ფრაზას: „აქაც გათიშვა“.

უამრავი კრიზისული წელი გამოიარა ანსამბლმა, საბედნიეროდ არსებობა არ შეუწყვეტია და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კავსაძეების გვარსაც. ამ გუნდის უპირველესი დამსახურებაა ის, რომ შეიქმნა ანალოგიური ანსამბლები ქვეყნის რეგიონებში. ქართული ფოლკლორი ცხოვრობს რეგიონებით და მრავალფეროვნებით იგი დაფუძნებულია ოჯახურ ტრადიციებზე, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ასევე, მათი საშუალებით პირველად ნახა და მოისმინა უცხოელმა მაყურებემა ქართული სიმღერა და ცეკვა. ეს იყო 1889 წელს. დღევანდელი „ერისიონი“ წარმოადგენს ფოლკლორზე აღმოცენებულ, ქართულ-ხალხურ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს.

- ქართველ ხალხს ეამაყება ერისიონის სახელის ხსენება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ეს სიტყვა „ერისიონი“?…

- საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლი - ეს სახელი არის აბსოლუტურად მიუღებელი უცხოელი საზოგადოებისთვის. ამიტომ, თითქმის ათი წლის ძებნისა და ფიქრის შემდეგ 1999 წელს შევარჩიეთ სახელი „ერისიონი“, რომელიც სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს „მთის თავს ზეითი“ სხვათაშორის, ეს სიტყვა გამოყენებული აქვს ექვთიმე ქართველს: ერისიონით ამაღლდნენ წმინდანებიო ანუ ცასა ხმელეთს შუა რაც არის, ეს არის ერისიონი. მგონი, სწორად შევარჩიეთ სახელი და გაამართლა კიდეც. ჩვენს ანსამბლს ძალიან უჭირს დღეს უსახსრობის გამო, დაჩაგრული ანსამბლივით გამოვიყურებით.
ჩემი აზრით, ამას ასე უბრალოდ არ უნდა უყურებდეს არამარტო სახელმწიფო, არამედ საზოგადოებაც. საბედნიეროდ საზოგადოება აკეთებს ჩვენთვის იმ მაქსიმუმს, რასაც მათი სიყვარული, პატივისცემა ჰქვია. ხალხი ხედავს ჩვენს შრომას და გვაფასებს. ამის დამსახურება ძალიან ძნელია და უღრმესი მადლობა ამისთვის, მაგრამ მხოლოდ ეს, სამწუხაროდ არ კმარა! მადლობელი ვარ ასევე ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ქარ-ცეცხლში გამოატარეს ეს, ჩვენი გენიალური შემოქმედება, სულიერება და დღევანდლამდე მოგვიტანეს ამ ნიშნით, დღეს კი ამას გადაშენება ემუქრება!!!

25 წლის წინათ ვთქვი: დავუბრუნოთ სიმღერა სოფელს - ეს იყო გაფრთხილება. თუ არ იქნება ფოლკლორი გურიაში, აჭარაში, კახეთში არ იმღერებენ ჩაკრულოს და არც ლილეს. დაგვრჩება მხოლოდ ქალაქური ფოლკლორი, სადაც მხოლოდ „კინტოური“ არის ნომერი პირველი, რადგან სხვა ბრწყინვალე ქალაქურ ფოლკლორთან ერთად შემოგვეჭრა უცხო ტომის კილო-კავი. კი ბატონო, ქალაქი გვაქვს ასეთი, გასაგებია, მაგრამ ხომ გვაქვს ქართული საგანძური რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ?!

- თქვენი ანსამბლი კიდევ უფრო მეტად შეიყვარა საზოგადოებამ კლიპის „შატილის ასულო“-ს შემდეგ. კიდევ ხომ არ გეგმავთ კლიპების გადაღებას?
- ამ კლიპმა გააკეთა უდიდესი საქმე. ქართველები გააცნო უცხოელ საზოგადოებას. ეს ისეთი ძლიერი ნამუშევარია, რომ ჯერჯერობით ვერაფერი მოვნახეთ ამაზე უკეთესი. პირობას გაძლევთ ერთ წელიწადში ახალ კლიპს გავაკეთებთ, ოღონდ საამისო ფული იყოს.
- ქართულ ფოლკლორულ ცეკვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სახვადასხვაობაა, საქმე ეხება ზოგიერთი ანსამბლის ქორეოგრაფიაში შეტანილ სიახლეებს, საზოგადოების ერთი ნაწილი ამას აკრიტიკებს, ზოგი კი პირიქით მიესალმება ამ ფაქტს, თუ ხართ ასეთი ინოვაციების მომხრე და რას გვეტყვით ამ თემაზე?

- არაფრის თქმა არ მინდა ჩემს კოლეგებზე, მათ სხვა გზა აქვთ, ჩვენ კი სხვა, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა უმეცრება, ეს ავადმყოფობაა, ამას გარდა არის კიდევ ერთი სენი - პროვინციალიზმი, რომლის წამალიც ჯერ არ გამოუგონიათ. მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ გამეორება ცოდნის დედა არაა, რასაც ირლანდიელები აკეთებენ და შენც იმეორებ, ეგ სიახლეს სულაც არ წარმოადგენს. ეს უკვე პლაგიატობაა.

მე ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ, იფიქროს იმაზე, რომ კოსმოსში გაიგზავნა ჩაკრულო და არა „ჩიკა-ჩიკა“. არა ნორვეგიული, ისლანდიური, არც ირლანდიული სიმღერა, არამედ ქართული! ხალხურ სიმღერასა და ვაზზე როცაა ლაპარაკი მსოფლიოს მაგრად ჩავხედავთ თვალებში, ეს არის ჩვენი! რატომ გინდა შენ გაითქვიფო სხვა მდინარეში. თუ არ იცი აცალე სხვას.… უცხო რაღაცები შემოვიდა, აი, ეს არის საუბედუროდ კულტურის დეფიციტი. სურთ? -აკეთონ, მაგრამ იმას ქართულს ნუ დაარქმევენ, რაც არ არის ქართული!

- იშვიათად მართავთ კონცერტებს...

- ჩვენი ანსამბლი ძალიან რთული და ძვირი გადასაადგილებელია. მაგალითად მე, არ მინდა ამის გაიაფება, ხომ გაგიგიათ: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად“. წარმატებები ბევრგან გვქონდა. ხალხის ემოცია ყველგან ერთნაირი იყო: ჩინეთში, საფრანგეთში და თქვენ წარმოიდგინეთ შვეიცარიაშიც. შვეიცარიაში გამართული კონცერტის შემდეგ ჩვენი ელჩი მობრძანდა და გვითხრა: იცით, თქვენ რა მოახერხეთ? -ეს ცივი შვეიცარიელები, ფეხზე წამოდგნენ და ტაშს გიკრავდნენო.…
ინტერვიუ დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 31 მარტის ნომერში. იკითხეთ „დრონი.ჯი“ და აღნიშნეთ საუკეთესო...


კომენტარი