„მოითმინეთ, მოითმინეთ დედოფალი იპარსება“

მაისის თვეში თბილისმა ორ გასტროლს უმასპინძლა. თვის დასაწყისში ბრიტანელებს, თვის ბოლოს - ირანელებს. თეატრალურმა კომპანია „ოქსფორდ ფლეიჰაუსმა“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში „ერთი მოკლე ნაბიჯი“ წარმოგვიდგინა.

ირანულმა „მაქს თეატრმა“ კი ილიას უნივერსიტეტის თეატრში (შემდეგ სამეფო უბნის თეატრში - უილიამ შექსპირის „მაკბეტი“. ამ ორ სპექტაკლს საერთო ის აქვს, რომ ჩვენ საშუალება გვეძლევა გავეცნოთ ახალგაზრდების შემოქმედებას. სწორედ ამ ფაქტორმა გადამადგმევინა არაერთი ნაბიჯი რომ ბრიტანელების „ერთ მოკლე ნაბიჯზე“ მივსულიყავი.
ბრიტანელი ახალგაზრდებმა შეძლეს არათუ გაგვეძლო ამ ერთსაათიანი, მართლაც „სახალისო, დინამიური, შთამბეჭდავი სანახაობისთვის“ (როგორც „ტელეგრაფი“ წერდა), არამედ მიგვეღო სიამოვნება.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ წარმოდგენის დღეებში ხმაც გავარდა რომ ამ სპექტაკლზე წასვლაც არ ღირდა, რომ ერთი უღიმღამო და „დამაძინებელი“ იყო, მაგრამ ერთია რა „ბაზრდება“ და მეორე - რა არის.
ეს რადიკალური განსხვავება „გაბაზრებულსა“ და რეალურს შორის კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ფარდას ხდის იმ მანკიერებებს, რომელსაც მყარად აქვს ფეხი მოკიდებული ქართულ თეატრში - კლანურობა, დაბალი სამაყურებლო დონე, სნობიზმი, სპექტაკლის მოწონება-დაწუნება სხვისი თვალებით - ერთი დაიკნავლებს „აუუუ, რა მაგარია“ და იმ სპექტაკლს „მაგრად“ ნათლავენ, ერთი ცხვირს აბზეკს და მთელი არმია ბზეკს ცხვირს...
არადა, შეუძლებელია არ განეცვიფრებინე 2 ახალგაზრდა მსახიობის, მათთან ერთად მათი რეჟისორის ამოუწურავ ფანტაზიას, რომელიც მართლაც რომ მიშას ფანტანივით ასხავდა მთელი სპექტაკლის განმავლობაში. მათთან ერთად თამაშობდა ყველა რეკვიზიტი, რასაც კი მათ ხელი შეავლეს. სხვენში მიყრილი ხარახურა, ძველმანები შენს თვალწინ ახალი საგნის შინაარსით იჟღინთებოდა. მათი თამაში საგნებთან პირწმინდად პასუხობდა პირობითი თეატრის პრინციპს - პირობით თეატრში საგნებით კი არ თამაშობენ, საგნებთან თამაშობდნენ. თამაშობდნენ მსახიობები საგნებთან. ეს იყო თამაშის სტიქია და გებადებოდა კითხვა, სჭირდება კი ამ ორ მსახიობს სცენა სათამაშოდ? შეუშვით ისინი ნებისმიერ სხვენში, სარდაფში, სადაც ხარახურა ყრია და ისინი იქ გაგიმართავენ სპექტაკლს.

ორი ახალგაზრდა მოხვდება მიტოვებულ სხვენში, ათას ხარახურაში და იწყებენ თამაშს. და ამ თამაშით გვიამბობენ კოსმოსური რბოლის ამბავს.

ფორმაც სიანტერესოა და სხვენის ფაქტორიც მრავლისმთქმელი (მარჯანიშვილის თეატრის შემთხვევაში ეს სხვენის ფაქტორი გაორმაგებულია - ისინი მარჯანიშვილში თამაშობდნენ მცირე დარბაზში - სხვენში) - გავიხსენოთ რას წარმოადგენს სხვენი იუნგთან და ეს მრავლისმთქმელობაც გასაგები გახდება.

აკი გვამცნობს კიდეც თავად რეჟისორიც: „კოსმოსური რბოლა კაცობრიობის ისტორიაში ერთგვარი არექტიპია ყოველივე მშობლიურის მიტოვებისა და უცნობ გარემოსთან ადაპტირების მცდელობისა, რაც საბოლოოდ ერთი შეხედვით დაუძლეველი სიძნელეების გადალახვითა და საკუთარ ხალხთან ახლადშეძენილი გამოცდილებებით დაბრუნებით მთავრდება... ქვეცნობიერად ადამიანები თავიანთი მოდგმის საბოლოოდ გადარჩენას დედამიწიდან გამგზავრებაში ხედავენ. ისინი ჯიუტად უარყოფენ, რომ საჭიროა შთამომავლობის გამრავლების შეზღუდვა (ამ მწერლის სიცოცხლეში კაცობრიობის რაოდენობა 3-დან 6 მილარდამდე გაიზარდა), რასაც კლიმატის შეცვლა და საბოლოოდ დედამიწის რესურსების ამოწურვა მოჰყვება. ეს ყოველივე ადამიანებს აფიქრებინებს, რომ საუკუნეების შემდეგ თვითგანადგურების თავიდან ასაცილებლად გარდაუვალი იქნება ჩვენი პლანეტის დატოვება, მაგრამ სად წავიდეთ? სხვაგან არსადაა წასასვლელი თუ არა... იქ კოსმოსში...…“
ირანული „მაქს თეატრის“ შემოქმედებითი ჯგუფიც ახალგაზრდულია, მისი წევრები თეირანის უნივერსიტეტის მაგისტრანტები არიან.

მათი „მაკბეტი“ თეირანის უნივერსიტეტის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია. მონაწილეობდა ირანში პრესტიჟულ საგაზაფხულო სეზონის ღონისძიებებშიც.

ირანელების „მაკბეტი“ რომ ტრადიციული არ იქნებოდა, მისი ქრონომეტრაჟიდანაც ჩანდა - წარმოდგენა ერთსაათიანია.

რეჟისორს თავისი ექსპერიმენტული სპექტაკლისთვის აღებული აქვს „მაკბეტის“ პირველი მოკლე სცენები - დანკანის მკვლელობამდე.
მრავალი საუკუნის შემდეგ მაკბეტი და ლედი მაკბეტი კუდიანების დახმარებით ცოცხლდებიან, კუდიანებისვე დახმარებით კვლავ აღწევენ მმართველობის უმაღლეს საფეხურს და.. კვლავ იღუპებიან, კვლავ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ამაოების წრედი ბრუნვას განაგრძობს..
„კუდიანები მათ გარდაცვლილთა სამყაროდან ამოიყვანენ, მაგრამ მათ კვლავაც უსწორდებიან და უკანვე აბრუნებენ.. კუდიანები ისტორიაში ყოველთვის მონაწილეობენ, უძველესი საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე..“ - წერს სპექტაკლის რეჟისორი რეზა სერვატი, რომელიც ცდილობს შექსპირის ამ ნაწარმოების ახალი, ინდივიდუალური ხედვის გადმოცემას. რეზა სერვატის მაკბეტი ცვედანია, რის გამოც ლედი მაკბეტის წინაშე თავს უხერხულად გრძნობს. რეზა სერვატის მაკბეტი და ლედი მაკბეტი სიცოცხლის გახანგრძლივებას ორი მეთოდით ცდილობენ - ლედი მაკბეტი დანკანის ხარჭა ხდება და მისგან აჩენს შვილს, მაკბეტი კლავს დანკანს, მაგრამ დანკანისა და ლედი მაკბეტის ნაშიერის მიღებაც უჭირს..
ამ ყველაფრის შესახებ, საგანგებოდ ამ გასტროლისთვის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ბუკლეტი გვამცნობს. სპექტაკლის დაგვიანებით დაწყებამ დაინტერესბულ მაყურებელს საშუალება მისცა საფუძვლიანად გასცნობოდა ამ ბუკლეტს და დაინტერესებულიყო კიდეც ამ მართლაც საინტერესო ჩანაფიქრით. სხვა საკითხია, რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი..
ვაკის სარდაფში, რომელიც აწ უკვე ილიას უნივერსიტეტის თეატრია, ირანელების მაკბეტი კარგად გვარიანად დაგვიანებით დაიწყო. ორგანიზატორებს თამამად შეეძლოთ თავი ისევე ემართლებინათ როგორც იმართლებდნენ აღორძიენბის ხანაში - „მოითმინეთ, მოითმინეთ დედოფალი იპარსება.“ ამჯერად ლედი მაკბეტი „იპარსებოდა“.

საქმე ის გახლავთ რომ როგორც შექსპირის ხანაში, ახლაც ირანელების „მაკბეტში“ ლედი მაკბეტს მამაკაცი ანსახიერებდა. ირანში კვლავაც აკრძალულია სცენაზე ქალის გამოსვლა...

ის ფაქტი, რომ ლედი მაკბეტს მამაკაცი ანსახიერებდა, თავისთავად ცხადია ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ზრდიდა სპექტაკლისადმი ინტერესს. გაირკვა ისიც რომ ის ვინც თბილისში თამაშობდა ლედი მაკბეტს, სპექტაკლში ახალი შეყვანილი დუბლიორი იყო, რადგან ლედი მაკბეტი არც მეტი არც ნაკლები ჯარში წაიყვანეს და რეჟისორს მისი შემცვლელის პოვნა მოუწია და თავისთავად ცხადია, ამ ფაქტმა თავისი დაღი დაასვა სპექტაკლს.

გასტროლის ორგანიზატორები, (ვისაც ნანახი ჰყავდა ის ლედი მაკბეტი იქ ირანში) ამბობდნენ რომ მეტად საინტერესოდ ანსახიერებდა. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ ლედი მაკბეტზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ის ვერ უწევდა სათანადო პარტნიორობას მაკბეტს, რომელიც არც თუ ურიგო იყო, თავისი პლასტიკით, დრამატიზმით.

საქმე ის არაა, რომ ლედი მაკბეტის შემსრულებელი არ იყო გარდასახული ქალად, როდესაც იცი რომ მამაკაცი თამაშობს, ამ პირობითობას იღებ, მაგრამ მას აკლდა მთავარი და არსებითი - ის არ და ვერ იყო აფთარი. ილია ჭავჭვაძე ლედი მაკბეტზე წერდა „სისხლისმსმელი, კაცისმკვლელი მაკბეტის აფთარი ცოლი“...

თუმცა, სპექტაკლში ნამდვილად იყო რამოდენიმე შთამბეჭდავი სცენა, სწორედ მაკბეტის და ლედი მაკბეტის - ხელების დაბანის სცენა თუ წერილის სინქრონული სცენა, როდესაც მაკბეტი წერს და ლედი მაკბეტი კითხულობს.

მაკბეტის როლის შემსრულებელი ჰესამ მანზური მართლაც იქცევს ყურადღებას თავისი შესანიშნავი სცენური გარეგნობით, პლასტიკით და ემოციურობით. მეტად საინტერესოდაა გადაწყვეტილი მისი კოსტიუმიც და ხაზგასმულად გროტესკული სვლა, რომელიც ჯამში მოსიარულე გვამის ეფექტს მართლაც იძლევა.

სპექტაკლში მისი პლასტიკური მონაცემები არც თუ ურიგოდაა გამოყენებული, თუმცა იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, მთხრობელის, კუდიანის, ექიმისა და გუშაგის როლების შემსრულებლის, ჭარბწონიანი მეჰდი მოჰამედის „პლასტიკურ კუნტრუშზე“.

შექსპირის კუდიანი დები რეზა სერვატთან მამაკაცები არიან. კუდიანი დების მამაკაცებად ქცევა ქართველი მაყურებლისთვის ნამდვილად არაა უცხო, რობერტ სტურუამ ჯერ კიდევ 15 წლის წინ დადგმულ „მაკბეტში“ კუდიანი დები გურამ საღარაძეს, გოგი გეგეჭკორსა და ჯემალ ღაღანიძეს ათამაშა, სტურუას ამ ქალ-კაცა კუდიანებით, ალბათ იმის მინიშნება სურდა რომ ბოროტებას სქესი არ გააჩნია, მაგრამ საინტერესოა რისი თქმა სურდა ირანელ მაგისტრანტს, როდესაც მან კუდიანებად სამხედრო პირები გამოიყვანა?

თავისთავად ცხადია, სპექტაკლის სხვა სცენურ სივრცეში გადატანა და სივრცეს მორგება ყოველთვის სარისკოა, ყოველთვის ახლავს სირთულეები, მით უმეტეს თუ დროც არასაკმარისია ამ გადატანა-მორგებისთვის. ეს ფაქტი ნამდვილად ხელს უშლიდათ ირანელ მსახიობებს, სპექტაკლი ტექნიკური ხარვეზებით მიდიოდა, რაც სჭიმავდა გადასვლებს, აგდებდა რიტმს, ტემპს, რაც მაყურებელს ხელს უშლიდა აღქმაში - აღექვა სპექტაკლი ერთ უწყვეტ მთლიანობად.
გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც რომ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მაყურებლის წინ მაინც ახალგაზრდები, მაგისტრანტები იდგნენ და არა ეროვნული თეატრის კორიფეები. მიუხედავად ყოველივე ზემოთთქმულისა, მათი შემოქმედების გაცნობა მაინც საინტერესო და პროდუქტიულია ჩვენთვის - გავეცნოთ რა ძვრებია სხვაგან - აღმოსავლეთში თუ დასავლეთში. საით მიდის თეატრი და სად ვართ ჩვენ ამ პროცესში.


კომენტარი