სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინც მიდის, მაგრამ რჩება - სეზარია ევორა გარდაიცვალა (ვიდეო)

70 წლის ასაკში, სახელგანთქმული მომღერალი, სეზარია ევორა გარდაიცვალა. „ფეხშიშველა დივას“ დაღუპვის შესახებ ცნობა, მსოფლიო მედიამ, მცირე ხნის წინ, კაბო-ვერდეს კულტურის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ევორა, საკუთარ სამშობლოში, კაბო-ვერდეში აღესრულა...

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მომღერალმა სცენის დატოვების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ყველასათვის საყვარელ მომღერალს, 2008 წელს, ავსტრალიის ტურნეს დროს, ინსულტი დაემართა, ორი წლის შემდეგ კი, პარიზში, გულის ოპერაცია გაუკეთეს...

სეზარია ევორამ, თავისი პირველი ალბომი, „Distino di belta“ 1987 წელს გამოუშვა, როდესაც ის უკვე 45 წლის იყო. სულ მალე ევორას სახელი მთელმა პლანეტამ შეიტყო... 2004 წელს მან გრემის ჯილდო მიიღო, საუკეთესო თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური ალბომისთვის.

სეზარიას მორნას დედოფალსაც უწოდებდნენ. მორნა სოულის სტილის ჟანრია, რომელსაც კრეოლ-პორტუგალიურად მღერიან. მსმენელმა ევორას ემოციური ლირიკა, მომნუსხველი ეფექტით, განსაკუთრებით შეიყვარა...

მუსიკის გარდა, სეზარია ევორა თავისი საქველმოქმედო მოღვაწეობითაცაა ცნობილი. მის სამშობლოში, განათლების სისტემა, მთლიანად მისი ხარჯით ფინანსდებოდა. მომღერალი, საკუთარი ღარიბი ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, სცენაზე ფეხშიშველი გამოდიოდა. კაბო-ვერდეში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, სიღატაკის გამო, დღესაც ფეხსაცმლის გარეშე დადის... ევორას მიერ ფინანსდებოდა მთელი რიგი სხვა პროექტებიც, რომელიც კაბო-ვერდეში სიღარიბის დაძლევას ისახავდა მიზნად...

ანა ბერიძე, presa.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100